სამსონ ხონელი
ეროვნული ვალუტის ბოლო პერიოდის ავადობაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. გასაკვირიც არ არის, ლარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ ყოველი ჩვენგანის ჯიბესა და, შესაბამისად, ხასიათზეც მყისიერად აისახება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ მკითხველის ყურადღებას ეროვნული ვალუტის „რეკორდებზე“ გავამახვილებ. მესამე კვარტლიდან მოყოლებული, ლარმა სწრაფი ტემპით დაიწყო ფსკერზე დაშვება. ბოლო ორ თვეში კი გაუფასურების სამი ანტირეკორდი დამყარდა...
პირველად ეროვნულმა ვალუტამ ჯერ მაისის თვეში „იყოჩაღა“, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.80 ლარი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, მაშინ ლარის გაუფასურება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა: პირველი − 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორი მილიარდი ლარით გაიზარდა ფულის მასა, რომელიც ზეწოლას ახდენდა კურსზე, და მეორე − თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც, სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, პანიკაში გადაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ამ გარემოებათა განეიტრალება ეროვნულ ბანკს შეეძლო სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...
ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი: „ერთადერთი, რაც ეროვნული ბანკისგან გაჟღერდა, იყო ის, რომ საზოგადოებას საპანიკო არაფერი ჰქონდა, ისიც დაგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ნიშნულს აჭარბებდა. აჟიოტაჟისა და პანიკის გადავლის შემდეგ ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა, აქ უკვე ეროვნულმა ბანკმა „არ დააყოვნა“ და ინტერვენცია განახორციელა, სავალუტო ბაზრიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი ამოიღო, რითიც შეაჩერა ლარის გამყარება და წაახალისა გაუფასურება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკის რეზერვები რეკომენდებულზე დაბალია და კობა გვენეტაძის უწყება ყველა ხელსაყრელ დროს მის შევსებას ცდილობს, თუმცა ფაქტებმა ნათლად აჩვენა, რომ რეზერვების შესავსებად ეროვნული ბანკის ბოლო ინტერვენცია სრულიად გაუმართლებელი იყო...“
ანალიტიკურ წრეებში გავრცელებული მოსაზრებებით, სწორედ ეროვნული ბანკის ინტერვენცია „დაეხმარა“ ლარს მეორე „რეკორდის“ დამყარებაში. ეროვნულმა ვალუტამ ამჯერად გასული თვის მიწურულს „ივაჟკაცა“, როცა ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.86 ლარი შეადგინა. რა იყო მორიგი „წარმატების“ მიზეზი? ანალიტიკოსთა შეფასებით, გაუფასურების მეორე ტალღაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი − ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რამაც წაახალისა გაუფასურების ტრენდი და მეორე − რუსეთის მხრიდან დაანონსებული სანქციები.
ლარის მესამე და ჯერჯერობით ბოლო „რეკორდი“ 9 ივლისით თარიღდება. ერთი ჟურნალისტის „ეთიკური“ მონოლოგის შემდეგ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემოღებას მხარი დაუჭირა. ის რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას ითვალისწინებდა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული, თუმცა მყისიერად აისახა ეროვნული ვალუტის კურსზე. იმ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.95 ლარს შეადგენდა. იყო მოლოდინი, რომ უკვე მომდევნო დღეს ეროვნული ვალუტა გადალახავდა ფსიქოლოგიურ ბარიერს და ერთი ამერიკული დოლარი ეღირებოდა 3 ლარი და... როგორც ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნე, „თეთრების რაოდენობა ჯერ არ არის აქტუალური...“ მოლოდინი არ გამართლდა. „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოსთვის სანქციების შემოღება არ ღირს...“, − ბრძანა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უმალ დაეტყო ლარის კურსს. ეროვნული ვალუტა დაბრუნდა „მწვერვალზე“, რომელიც ივნისის ბოლოს დაიპყრო.
ბოლო პერიოდში ძალზე აქტუალურია კითხვა − რამდენად რეალურად შეუძლია უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას. მოგეხსენებათ, სანქციები ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველი − რუსეთის ტუროპერატორებისთვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა და, მეორე − საქართველოში ფრენების აკრძალვა. ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის მოსაზრებაა, რომ ლარის მყისიერი გაუფასურება სანქციების შემოღებით საზოგადოებაში გამოწვეულ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება და არა უშუალოდ ამ სანქციების ეკონომიკურ შედეგებს.
ანალიტიკოსი შოთა გულბანი: „რუსეთის ფედერაციის ტუროპერატორების მომსახურებით რუსი ვიზიტორების 1.7 პროცენტი სარგებლობდა. სახმელეთო გზით კი შემოდიოდა რუსი ტურისტების დაახლოებით 90 პროცენტი. თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო. მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ, დროის მოკლე მონაკვეთში ტექნიკურად არანაირ სანქციას არ შუძლია, ეროვნულ ვალუტაზე მსგავსი დარტყმის მიყენება. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან. არც ეკონომიკური გუნდიდან და არც ცენტრალური ბანკიდან არავის გაუკეთებია დროული განმარტება, არავის აუხსნია საზოგადოებისთვის, ჰქონდათ თუ არა პანიკის საფუძველი. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება, რამაც უკვე ტექნიკურად გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე...“
კიდევ ერთი აქტუალური კითხვაა − გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს უნდა მოეხდინა თუ არა სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია? ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს. ფაქტი კი ერთია − ჩვენ შემთხვევაში კურსი სრულად იყო მიშვებული და გაუფასურების შესაჩერებლად არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი. მეტიც, თუ პროცესებს გადავხედავთ, კარგად დავინახავთ, რომ სიტუაციის მართვა შესაძლებელი იყო სწორი და დროული კომუნიკაციით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ეროვნული ბანკის წერილობითი განმარტების შემდეგ ლარის კურსმა გაჯანსაღება დაიწყო.
და, ბოლოს, საფინანსო ბაზარზე მომენტალურად აისახება პოლიტიკური კლიმატი. შესაბამისად, ნუ გვიკვირს ლარის გაუფასურება, როცა ეს კლიმატი მძიმეა და გამოდარებასაც არ უჩანს პირი...