რა შემთხვევაში გადაიხდის კრიპტობიზნესი დღგ-ს

გამოწერა
საქართველოს მთავრობამ კრიპტობიზნესის რეგულირების მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადადგა.

ნატა პატარაია

კრიპტობიზნესი, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებული საშუამავლო კომპანიის – ე.წ. მაინინგ–პულის მომსახურებით ისარგებლებს, დამატებითი ღირებულების გადასახადით დაიბეგრება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელმა ვახტანგ გოგოხიამ.

„მაინერები, რომლებიც კრიპტოვალუტას სხვა ქართული კომპანიისგან მიიღებენ, დღგ-თი დაიბეგრებიან. მომსახურების გამწევ კომპანიას კი დღგ-ის ჩათვლის უფლება ექნება“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

კრიპტოვალუტა ვირტუალური ფულია, მაინერი – მისი მომპოვებელი კომპიუტერი, ვირტუალური ფულის წარმოების პროცესს მაინინგს უწოდებენ, ხოლო მაინინგ–პული ის შუამავალია, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები „მონეტებს" კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილებით მოიპოვებენ.

კრიპტოვალუტა - Sputnik საქართველო
ბრალდებულია თაღლითობაში: დაჯარიმდა მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის ბანკი

ფინანსთა სამინისტროს მიერ კრიპტოაქტივებზე გამოქვეყნებული საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, „კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიმძლავრის მიწოდება ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მიღებულ მომსახურებასთან დაკავშირებული მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება“.

ვახტანგ გოგოხიას განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში საუბარია „მაინინგ–პულებზე“ – საშუამავლო კომპანიებზე, რომლებიც უამრავ მაინერს აკავშირებს ერთმანეთთან შესაბამისი ვებ-გვერდის მეშვეობით. დღგ-ის გადამხდელი ხდება ის მაინერი, რომელიც ამ საიტს უკავშირდება, მაინინგ–პულს კი შეუძლია დღგ ჩაითვალოს.

„მაინინგ–პულები“ იმისათვის არის, რომ მცირე და საშუალო სიმძლავრის მაინერები გააერთიანოს, მათი შედარებით არასტაბილური შემოსავალი კი გაასაშუალოოს და პროპორციულად გადაანაწილოს. მაგალითად, თუ ერთი სერვერი გარკვეული კრიპტოვალუტის მოპოვებას უნდება რამდენიმე თვე და ის შემდეგ ჩაერიცხება, მაინინგ–პულთან დაკავშირების შემთხვევაში მას შეიძლება ყოველდღე ჩაერიცხოს იმ თანხის პროპორციული რაოდენობა და სტაბილურად მიიღოს შემოსავალი“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

მაინინგის კონფერენცია - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში გაძვირდება ისევ ბიტკოინი

კომპანია „ოქროს საწმისის“ დამფუძნებლის თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კრიპტო-ბიზნესის დაბეგვრაც იმავე რეჟიმით მოხდება, როგორც სხვა მომსახურების რეალიზაციის შემთხვევაში იქნებოდა. იქნება გათვალისწინებული ბიზნესის წლიური ბრუნვაც, რადგან, საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, კომპანია დღგ-ის გადამხდელი მხოლოდ 100 000 ლარის მოცულობით ბრუნვის შემთხვევაში ხდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მაინერების 99% იყენებს უცხოურ მაინინგ–პულებს, შესააბამისად, ეს ოპერაცია საქართველოდან ჩაითვლება როგორც მომსახურების ექსპორტი ან გამოთვლითი სიმძლავრის ექსპორტი და არ დაიბეგრება“, – აღნიშნა ვახტანგ გოგოხიამ.

რაც შეეხება ქართულ მაინინგ–პულებს. ვახტანგ გოგოხიას თქმით, მართალია, საქართველოში შეიქმნა რამდენიმე, მაგრამ მათ ადგილობრივ მაინერებს შორის პოპულარობა ვერ მოიპოვეს.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ფიზიკური პირების საქმიანობა გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან; ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალიც ასევე გათავისუფლებულია დღგ-სგან.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 - Sputnik საქართველო
ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაცია განთავსდა

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად, შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. გადაწყეტილებაში ამავე დროს დაფიქსირებულია, რომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული.

„ამ გადაწყვეტილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ სახელმწიფომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ვირტუალური ფული ვალუტის ალერნატივაა და არა საქონელი ან სხვა რაიმე აქტივი“, – მიაჩნია ვახტანგ გოგოხიას.

კრიპტომატი თბილისის სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
„აისი კოინი“ — დახარჯეთ ქართული კრიპტოვალუტა რესტორნებსა და კაფეებში

მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ქვეყანაში გადახდის კანონიერ საშუალებას, მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება მაინც ხდება და ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ბარტერი.

რაც შეეხება საქართველოში კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად ცნობის პერსპექტივას, ვახტანგ გოგოხიას აზრით, ეს ჯერ ევროკავშირში უნდა მოხდეს.

კრიპტოვალუტების მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარულ საქმიანობად ითვლება. 2018 წელს გამოქვეყნებული  კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) კვლევის შედეგებით, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო. ქვეყანაში ვირტუალური ვალუტის მოპოვებაზე კი 60 მეგავატი ელექტროენერგია იხარჯებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0