16:34 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ქართული ლარი

ქართულმა ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (157)
171 0 0

ლარის მოკლევადიან რყევებზე პასუხი გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკაა, მიაჩნიათ მთავრობაში.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 მაისისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7876 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

გაცვლითი კურსის წინა მინიმალური ნიშნული 2016 წლის 22 დეკემბერს დაფიქსირდა და 2,7846 GEL/$1 შეადგინა. 2019 წლის მაისის დასაწყისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 3%-ით დაეცა.

ვალუტის რყევა - ნორმალური მოვლენაა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი რყევები ახასიათებს ყველა ქვეყანას, მით უმეტეს, განვითარებად ქვეყნებს და, ამავდროულად, მცირე ეკონომიკის ქვეყნებს.

კოჭლი ლარი
კოჭლი ლარი

„ეს ნორმალური მოვლენაა. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის კურსი, ვიდრე მისი ბუნებრივი წონასწორული მდგომარეობაა. შემდეგ ჩამოდის და დგება, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით იგივეს ველოდებით ახლაც. არანაირი განსაკუთრებული სხვა რამ არ ხდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მოკლევადიან რყევას არ გააჩნია არანაირი პასუხები, მოკლევადიან რყევებს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკით უნდა ვუპასუხოთ.

„ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ და ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ლარი მალე გამყარდება

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ვარაუდობს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარი გამყარდება.

„ჩვენი ფუნდამენტური ანალიზი, მათ შორის, Galt & Taggart-ის სპეციალისტების ანალიზი აჩვენებს, რომ ლარის კურსი მიმართული უნდა იყოს გამყარებისკენ მოკლე მომავალში”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ პირველი არხის ეთერში.

გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ მეთაური ლარის კურსის ცვლილებას მოლოდინებს უკავშირებს.

„რთულია ჩემთვის იმაზე საუბარი, რა იწვევს დღეს ლარის გაუფასურებას. საგარეო ფაქტორების ნაწილი, შეწონილი კურსი მიგვითითებს, რომ დღეს ლარი ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს. შეიძლება მოკლე რყევები მოლოდინებიდან გამომდინარე იყოს ან გარკვეული რისკების აღქმიდან გამომდინარე. შეიძლება საკმაოდ მოკლე ვადაში გამყარდეს ლარი“, – აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსიდან გამომდინარე დღეს დოლარის კურსი 2,7 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.

თურქეთის ბრალია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა აღნიშნა, რომ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიზეზი გარკვეულწილად თურქეთში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიძლება გამხდარიყო.

„თურქეთი ნომერი პირველი იმპორტიორია ჩვენ ქვეყანაში. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი 16,4%-ს შეადგენს. შესაბამისად, როდესაც იქ პროდუქტი ძვირდება და ჩვენს იმპორტიორ კომპანიებს თურქული პროდუქტების შესაძენად მეტი დოლარის დახარჯვა უწევთ, გასაგებია, რომ ეს გარკვეულ ზეგავლენას ახდენს“, – განუცხადა გულბანმა „Sputnik-საქართველოს“.

მაგრამ, მისი თვალსაზრისით, ეს არ არის ის ძირითადი მიზეზი და გარემოება, რასაც მოკლევადიან პერიოდშიც ლარის კურსის რყევა მოჰყვა. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ლარის გაუფასურების მიზეზი მაკროეკონომიკურ პარამეტრებში უნდა ვეძებოთ. მაგრამ იმის გამო, რომ ეს მონაცემები ჯერჯერობით გასაჯაროებული არ არის, პროცესის შეფასება რთულია. გულბანი მიიჩნევს, რომ რადიკალური გაუარესება არ ხდება და, პირიქით, მცირე პროგრესი არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩნდეს პანიკა, რადგან პანიკის ფონზე ადამიანები დოლარის გარკვეული მარაგების შეძენას იწყებენ. როდესაც დოლარზე მოთხოვნილება იზრდება, ეს ეროვნულ ვალუტას ურტყამს“, – აღნიშნა მან.

„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს >>

გულბანმა მიუთითა დედოლარიზაციის კამპანიის გაგრძელების მნიშვნელობაზე დოლარში კრედიტების გაცემის შემცირების კუთხით. მისი თქმით, ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც ლარის გაუფასურება მტკივნეულად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ბანკის კრედიტები აქვთ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (157)

მთავარი თემები