თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. რუსეთში წელს მარცვლის მოსავლის 16%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, რაც პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ აისეთის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის სპეციალისტმა სალომე დეისაძემ.
საქართველო ყოველწლიურად 650-700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს.
„პროგნოზის თანახმად, რუსეთში 2019 წელს წარმოება 16%-ით შემცირდება, ექსპორტს კი ქვეყანა 11%-ით შეამცირებს. თუ ასე მოხდება, ჩვენ ფასების მატებას ველით, რადგან იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთზე მოდის “, - აღნიშნა დეისაძემ.
მკვლევარის თქმით, 2019 წლის მარტში აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაქვეყნა ხორბლის წლევანდელი მოსავლის პროგნოზი, რომლის თანახმად, ხორბლის წარმოება მსოფლიოში 4%-ით შემცირდება.
„მსოფლიოში მიახლოებით 747 მილიონ ტონა ხორბალზე მოსალოდნელი მოთხოვნილების პირობებში, წარმოება იქნება მხოლოდ 735 მილიონი ტონა“, - განაცხადა დეისაძემ.
მწარმოებლები ფასების მატებას არ ელოდებიან
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში პური არ გაძვირდება. მისი აზრით, ყველაფერი ხორბლის მწარმოებელ რეგიონებში მოსავლის აღების შემდეგ გაირკვევა.
„ვადასტურებ, რომ საქართველოში პური უახლოეს მომავალში არ გაძვირდება. რუსეთში პროგნოზირებენ, რომ ხორბლის მოსავალი შემცირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან პური გაძვირდება. სურათს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც ქვეყნებში მოსავლის აღება დაიწყება. ფქვილი 1-2 ლარითაც რომ გაძვირდეს, ეს პურის ფასზე არ აისახება“, - განუცხადა დოლიძემ „Sputnik-საქართველოს“.
დოლიძის სიტყვებით, განფასების საკითხში ბევრი რამ დამოკიდებულია მარცვლის შიდა წარმოებაზე. საქართველოში ჯერ არ გვაქვს 2018 წლის სტატისტიკა. მას „საქსტატი“ მხოლოდ ივნისში გამოაქვეყნებს. თუ საქართველოში ხორბლის წარმოება გაიზრდება, შესაძლოა, გარეშე ფაქტორები ფასებზე არ აისახოს.
„მაგალითად, შარშან სოფელ იორმუღანლოში მარცვლის მოსავალმა 230 ათასი ტონა შეადგინა. წელს მოსალოდნელია 300 ათასამდე ტონა მოსავლის აღება. ასეთი რამ საქართველოში დიდი ხანია, არ მომხდარა. ადგილობრივი წარმოების მატება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დოლიძემ.
საქართველოში ხორბლის წარმოების მხოლოდ 2017 წლის ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ორი წლის წინ ხორბლის მოსავალმა 97,9 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 80 ათას ტონაზე მეტი კახეთის რეგიონში მოვიდა.
საქართველოში პური ბოლოს 2018 წლის დეკემბერში გაძვირდა. მეწარმეები ამ პროცესს მსოფლიოს ბაზრებზე მარცვლეულის გაძვირებას უკავშირებდნენ.