თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ივლისიდან მცირე ბიზნესისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის თანახმად მათთვის ბრუნვის გადასახადი დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად 1% იქნება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და საგადასახადო შეღავათების დახმარებით ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
მცირე ბიზნესის წახალისება – ახალი საგადასახადო შეღავათები>>>
„ახალი საგადასახადო რეფორმა სექტორის დიდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობას. დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი — საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია", — განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, გადასახადების შემცირება დაახლოებით 120 ათას ფიზიკურ პირს შეეხო.
როგორც მან აღნიშნა, 1 ივლისიდან საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა არა 100 ათასი ლარი, არამედ 500 ათასი ლარია. ამასთან, თუ შემოსავალი გაიზრდება, პირი შემდგომი ორი წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსს ინარჩუნებს.
საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულ პირებს. თუ პირი ამასთანავე ინდივიდუალური მეწარმეა, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიაროს.