თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადის 5%–დან 1%–მდე შემცირებას გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მეწარმეობის განვითარება, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობის, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარმოდგენისთვის.
კვირიკაშვილის თქმით, ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას.
„კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, დღეს მცირე ბიზნესად ითვლება საწარმო, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარამდეა. ახალი ინიციატივით კი ამ კატეგორიაში წელიწადში 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო ჩაითვლება.
„ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმა უნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება… ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი შეღავათები მცირე ბიზნესისთვის რეფორმის ახალ ტალღას წარმოადგენს, რომელსაც ახლო მომავალში ახალი საშეღავათო ინიციატივები მოჰყვება.
„ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ–ში. ეს რეფორმა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში უპრეცედენტო პრაქტიკის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ გადასახადს 5%–დან 1%–მდე დავწევთ. გარდა ამისა, მცირე მეწარმის სტატუსს ყველა ის ფიზიკური პირი მიიღებს, რომლის წლიური შემოსავალი ნახევარმილიონ ლარს გადააჭარბებს. ეს არსებული ზღვარის ხუთჯერ გაზრდაა“, – აღნიშნა ბახტაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც გარკვეულ საგადასახადო შეღავათებთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან ახალი პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.