მცირე ბიზნესის წახალისება – ახალი საგადასახადო შეღავათები

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მცირე ბიზნესის წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გადასახადების შეღავათიანი რეჟიმი 120 ათასზე მეტ მცირე საწარმოს შეეხება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირაში საკანონმდებლო ცვლილებების ახალი პაკეტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადის 5%-დან 1%-მდე შემცირება იგეგმება.

„ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას ვიწყებთ. ძალიან კარგი ინციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ფიზიკური პირებია მხედველობაში… ეს ნამდვილად მასშტაბური ცვლილებებია, მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიის აღმშენებლობის კუთხით

გადასახადის ხუთჯერ შემცირების გარდა, არის სხვა სიახლეც. პრემიერის განცხადებით, თუ მცირე ბიზნესად დღეს მიჩნეულია საწარმო, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარამდეა, ახალი ინიციატივის თანახმად, ამ კატეგორიაში შევლენ საწარმოები 500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვით.

„კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება, მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი სიახლეების შესახებ უახლოეს პერიოდში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს. ამ მიზნით ფინანსთა მინისტრს უკვე დაგეგმილი აქვს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური დრო, საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში, და სწორედ ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მცირე ბიზნესისთვის ახალი შეღავათები რეფორმების ახალი ტალღის ნაწილია. ამას მალე ახალი საგადასახადო ინიციატივები მოჰყვება.

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა, გარდა საგადასახადო შეღავათებისა, გულისხმობს ახალი პროექტების თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

ყველა ახალი ამბავი
0