მაღალმთიან რეგიონებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

© courtesy of Tusheti National Parkსახლი თუშეთის მთებში
სახლი თუშეთის მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი უმეტესად მაღალმთიან რაიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მაღალმთიანი დასახლებების ფონდი 2015 წელს დაფუძნდა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის. მაშინ ფონდის გარდა შეიქმნა მთების განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, საქართველოს 3700 დასახლებული პუნქტიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს. ამ პროგრამის მიზანია არა მხოლოდ დავამაგროთ ჩვენი მოსახლეობა მთიან რეგიონებში, არამედ ბარიდანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავიდეს და მთიან რეგიონებში დასახლდეს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ომალო - Sputnik საქართველო
ვერტმფრენი ხიდად - სასაზღვრო პოლიცია თუშეთის მოსახლეობას ეხმარება

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ კიდევ რაზე იგეგმება თანხის დახარჯვა ქვეყნის მთიანი რეგიონების განვითარებისთვის.

„სამი მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი" — მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის; შვიდი მილიონი ლარი — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამის ფარგლებში, რაც მთაში მცხოვრები ხალხისთვის ძალიან დიდი სიკეთეა", — განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს შეღავათებით ისარგებლა 7 300-მდე ოჯახმა, რომელსაც შეეძინა შვილი — ეს არის პირველ ორ შვილზე დამატებით 100, ხოლო 3 და მეტ შვილზე დამატებით 200 ლარი.

თუშეთის სოფელი - Sputnik საქართველო
ინტერნეტი თუშეთში უკვე ხელმისაწვდომია

პროგრამით ასევე ისარგებლა 70 000-მდე პენსიონერმა — 20%-იანი დანამატი პენსიაზე; სამედიცინო სფეროს 1600-მდე წარმომადგენელმა — პენსიაზე 100%-იანი დანამატით, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 35%-იანი დანამატით ისარგებლეს როგორც სკოლებში, ისე პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებულმა პედაგოგებმა, ასევე 80 000-მდე ოჯახმა — მოხმარებულ ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით.

პრემიერის განცხადებით, ეს პროგრამა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და გაფართოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0