რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის 3,7%-ით გაზრდილი ინვესტიციები

გამოწერა
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა იმას ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.

ნატა პატარაია

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

„რომ ნახოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ყველგან არის კლება, ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ არის, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა“, — აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3,7%-ით და 403,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე 3,8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი — მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ აშშ დოლარი) და დიდი ბრიტანეთი 20% (80 მლნ აშშ დოლარი). 

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს კი მიაჩნია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 3,7%-ით ზრდა ის მაჩვენებელი არ არის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რა თქმა უნდა, ზოგადად კარგია, მაგრამ 3,7% არ მიმაჩნია ისეთ მაჩვენებლად, რომელიც ჩვენი ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. თანაც ეს ზრდა იმ სექტორებში არ ფიქსირდება, რომელშიც მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.  

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ინვესტიციები იზრდება

ანალიტიკოსის თქმით, ინვესტიციები ისევ იმ სექტორებში გაიზარდა, სადაც, როგორც წესი, ინვესტიციების შემოდინება ხორციელდებოდა — ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, დეველოპერულ, საფინანსო და სხვა სფეროებში.

„აღსანიშნავია, რომ საერთოდ არ შემოსულა ინვესტიცია ისეთ სფეროში, როგორიც არის, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ხოლო იმავე გადამამუშავებელი მრეწველობიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას უწყობს ხელს, საერთოდ გავიდა, მინუსი გვქონდა“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.  

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა იმას ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.

„მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ყველა ახალი ამბავი
0