თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის პირველ სამ კვარტალში დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის იანვარ-სექტემბრის დაზუსტებულ მონაცემებს, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 434 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33,4%-ს შეადგენს. ამგვარად, აზერბაიჯანი კვლავაც რჩება საქართველოში უმსხვილეს ინვესტორად.
მეორე ადგილზე თურქეთი — 196 მლნ დოლარით (15,1%), მესამეზე კი ლუქსემბურგი — 68 მლნ დოლარიანი ინვესტიციით (5,2%).
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირის სფეროში — 517 მლნ დოლარი, რაც 8,5%-ით ნაკლებია 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სფეროს წილად საქართველოს ეკონომიკაში 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 40% მოდის.
ფინანსურ სექტორში 2016 წლის პირველ ცხრა თვეში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 168 მლნ დოლარს შეადგენს, რაც 46%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. სფეროს წილად საქართველოს ეკონომიკაში 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 13% მოდის.
საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ კი 131 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემთან შედარებით. სფეროს წილად საქართველოს ეკონომიკაში 2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 10,1% მოდის.