10:29 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა იმსჯელეს.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად შეხვდა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შესწავლის. ჯგუფი დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა.

შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ UNESCO-სთან (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - რედ.) სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას სამწუხაროდ არ ჰყავს, მათ შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს.

„მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს და ექსპერტიზაზე გადააგზავნის, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა არ ჩატარებია.

წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ.

როგორც მანამდე წულუკიანმა აღნიშნა, კომპანია, რომელიც გელათის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს 2011 წლიდან ატარებს, ტენდერის გზით არ შერჩეულა. იგი მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირი წესით შეარჩია როგორც ორგანიზაცია, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად შესაფერისი იყო.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

 

მთავარი თემები