16:56 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1026)
97 0 0

ცნობილი ქართველი მსახიობისა და რეჟისორის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვეს საქართველოს კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა და დედაქალაქის მერმა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის, რეჟისორ გოგი ქავთარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

გარდაიცვალა რეჟისორი დავით ანდღულაძე>>

„იგი იყო ხელოვანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ თეატრსა და კინოს ემსახურებოდა და ქართული თეატრის სცენაზე არაერთი შთამბეჭდავი და საინტერესო სპექტაკლი დადგა. საზოგადოებაში მისი კინოგმირები დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ფასდაუდებელია გოგი ქავთარაძის ღვაწლი როგორც ქართული კულტურის, ასევე ქვეყნის წინაშე. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს გოგი ქავთარაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – დაწერა ჩხენკელმა.

სამძიმარი გამოთქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმაც, რომელმაც თავის Facebook-გვერდზე გოგი ქავთარაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„ძალიან დამწყვიტა გული ბატონი გოგის გარდაცვალებამ. ჩვენს ქვეყანას არა მარტო დიდი ხელოვანი, არამედ უაღრესად კარგი ადამიანი დააკლდა, რომელიც თავისი ცხოვრებით, ზნეობით, კაცობით დიდ მაგალითს აძლევდა თანამედროვეობას და ჩვენს მომავალ თაობას. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში სოხუმის თეატრის გადარჩენასა და შენარჩუნებაში. ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

თავისი გულისტკივილი ქავთარაძის გარდაცვალების გამო გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ჩვენ შორის აღარ არის ყველასათვის საყვარელი მსახიობი – გოგი ქავთარაძე. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ის იყო თანამებრძოლი და უფროსი მეგობარი. ვიზიარებ მისი ოჯახის და მეგობრების დიდ მწუხარებას“, – დაწერა კალაძემ.

გოგი ქავთარაძემ ბრწყინვალედ შეასრულა უამრავი როლი მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების სცენაზე. იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ქუთაისის და სოხუმის თეატრების დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის და მრავალი სპექტაკლის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მაყურებელს დაამახსოვრა თავი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „არ დაიდარდო“, „მაცი ხვიტია“, „ჩარი რამა“ „ვერის უბნის მელოდიები“, „ბაკულას ღორები“ და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (1026)

მთავარი თემები