07:27 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კინო (73)
26 0 0

ქართველი კინემატოგრაფისტები ბერლინში წარადგენენ როგორც კინემატოგრაფიის კორიფეების, ისე ახალგაზრდა რეჟისორების ახალ ფილმებს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპული კინობაზრის European Film Market (EFM) ფარგლებში თავის პავილიონს უკვე მეთხუთმეტედ გახსნის, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი (Berlin International Film Festival) წელს 20 თებერვლიდან 1 მარტამდე გაიმართება. ჟიურის ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების ლაურეატი ჯერემი აირონსი უხელმძღვანელებს.

EFM-ის ფარგლებში სასტუმრო „მარიოტში" საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე კინოცენტრის თანამშრომლებთან ერთად შეხვედრებს გამართავს კანის, ბერლინის, სან-სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოსა და ვენეციის კინოფესტივალების ორგანიზატორებთან. ქართული დელეგაცია სტუმრებს გააცნობს პროგრამას „გადაიღე საქართველოში".

ამას გარდა, ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი, რომელიც შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ვარსკვლავია და რომელიც ევროპული კინოს ამომავალი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა, 24 თებერვალს ჯილდოს მიიღებს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

„ცუდი ხალხი" საქართველოდან ბერლინის დასაპყრობად მიემგზავრება>>

ბერლინალეს ბაზრობაზე Market Screenings ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ. ესენია ცნობილი ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის ახალი ნამუშევარი „ოქროს ძაფი" და უტა ბერაიას სადებიუტო ფილმი „უარყოფითი რიცხვები". ღოღობერიძის სურათი წარმოდგენილი იქნება 22 თებერვალს CinemaxX 2-ში, ხოლო ბერაიას ფილმი – 14, 21 და 24 თებერვალს CinemaxX-ში.

ბერლინალეს დაესწრებიან ნანა ჯანელიძე, გიორგი ოვაშვილი, კახა მაჭარაშვილი, ხათუნა ხუნდაძე. ამ რეჟისორებმა კინოცენტრის დაფინანსება მიიღეს და თავიანთი ფილმების პროექტებს უცხოელ კოლეგებს წარუდგენენ.

ბერლინში გაემგზავრებიან ასევე ორი ქართველი პროდიუსერი – თეკლა მაჭავარიანი (Emerging Producers) და მაკა გოგოლაძე (Berlinale Talents) და კინომცოდნე გიორგი ჯავახიშვილი.

ტრადიციულად, 25 თებერვალს ბერლინალეს სტუმრებისთვის სასტუმრო „მარიოტში" ქართული დელეგაციის სახელით გაიმართება წვეულება.

ქართულ ფილმ „შინდისს“ ბრედ პიტი და მარტინ სკორსეზე შეაფასებენ>>

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 1951 წლიდან იმართება, კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად, კინოს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ფესტივალად მიიჩნევა. მისი მთავარი პრიზია „ოქროს დათვი".

თემები:
ქართული კინო (73)

მთავარი თემები