ხატია ბუნიათიშვილი ნიუ-იორკში კარნეგი-ჰოლის სცენაზე დაუკრავს

© courtesy of Khatia Buniatishviliხატია ბუნიათიშვილი
ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესანიშნავმა პიანისტმა თავისი ემოციური და არტისტული შესრულებით მაყურებელს მთელ მსოფლიოში შეაყვარა თავი.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის – კარნეგი-ჰოლის სცენაზე წარდგება ნიუ-იორკში, ნათქვამია საკონცერტო დარბაზის ვებ-გვერდზე.

ორლანდო ბლუმი და ხატია ბუნიათიშვილი პარიზის ქუჩებში ერთად სეირნობენ >>

პიანისტის კონცერტი 2020 წლის 21 მაისს არის დაგეგმილი. კონცერტის პროგრამაშია შუბერტის, ლისტის, სტრავინსკის ნაწარმოებები.

რით არის ცნობილი ხატია ბუნიათიშვილი

ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან, გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დაიწყო. დაკვრას მათ დედა ასწავლიდა. პირველი კონცერტი თბილისში კამერულ ორკესტრთან ერთად ექვსი წლის ასაკში გამართა.

ხატია ბუნიათიშვილი - Sputnik საქართველო
პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის 2016 წლის საუკეთესო მუსიკოსი გახდა

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს ხატიამ კიევში ვლადიმერ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. პირველი პრიზი აქვს მიღებული ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერ კონკურსზე, რომლის დამფუძნებელია რუსი და ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია. ბუნიათიშვილი არის ასევე Borletti-Buitoni Trust Award (2010) პრემიის ლაურეატი და Echo Klassik Awards-ში (2012) მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ახალი სახის“ წოდება.

2016 წელს ხატიამ გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. იმავე წელს ბუნიათიშვილმა ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტის დირიჟორობით დაუკრა. გამართა კონცერტი პარიზში „არგერიხი და მეგობრები“, რომელზეც ცნობილმა პიანისტმა მარტა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები. გარდა ამისა, 2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდის „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა.

ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები 25 წუთში გაიყიდა >>

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ცხოვრობს პარიზში და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ალბომი სახელწოდებით Schubert 2019 წლის მარტში კლასიკური მუსიკის ფრანგული ჩარტის ლიდერი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0