თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი პარიზის ქუჩებში ინგლისელ კინოვარსკვლავთან ორლანდო ბლუმთან ერთად შენიშნეს.
ფოტოებზე ახალგაზრდები ხელიხელჩაკიდებული დადიან, ერთმანეთს უღიმიან, ერთად აჩერებენ ტაქსის. კადრებზე ხატია უღიმის ორლანდოს, მის სახეს ეხება.
ბუნიათიშვილისა და ბლუმის ფოტოები Facebook-ში ცნობილმა ვიდეობლოგერმა და ქართული რეალიტი-შოუ "ჯეო-ბარის" გამარჯვებულმა მედეა ადამიამ გამოაქვეყნა.
ორლანდო ბლუმი 40 წლისაა. მსახიობს პოპულატობა მოუტანა როლებმა, რომლებიც მან შეასრულა კინოტრილოგიაში "ბეჭდების მბრძანებელი" და სათავგადასავლო კინოსაგაში "კარიბის ზღვის მეკობრეები". 2002-2006 წლებში ბლუმი ამერიკელ მსახიობ კეიტ ბოსუორტს ხვდებოდა. 2010 წელს ავსტრალიელ მოდელ მირანდა კერზე იქორწინა. 2011 წელს წყვილს ვაჟი ფლინი შეეძინა. თუმცა სამი წლის შემდეგ წყვილი დაშორდა. 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტამდე ბლუმი მომღერალ ქეთი პერის ხვდებოდა.
ხატია ბუნიათიშვილი 30 წლის არის. ქართველი პიანისტი ათი წლის ასაკიდან გამოდის კონცერტებით ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ხატია ბუნიათიშვილი ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის Coldplay ახალი ალბომის HeadFullOfDreams ჩაწერაში მონაწილეობდა, პიანისტი აკომპანირებას უწევდა ალბომის მთავარი კომპოზიციის Kaleidoscope-ის ჩაწერისას.
2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდის "ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა. ამავე წლის ბოლოს საფრანგეთის ტელევიზია TF1-მა ბუნიათიშვილი 2016 წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარა და მას Q d"Or-ის ოქროს პრიზი გადასცა.
ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და გასტროლებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.