თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ფილმის „მთები, მარტოობა, სურვილი" პრემიერა, რომლის ერთ-ერთი ნოველა ქართველმა რეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა გადაიღო, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფესტივალი შვეიცარიაში 7-17 აგვისტოს ჩატარდება.
კინოსურათი 15 ნოველისგან შედგება. თითოეულის გადაღება შვეიცარიის ალპებში მიმდინარეობდა. ვარსიმაშვილმა გადაიღო ნოველა „არჩევანი". სცენარის ავტორია გიორგი ცხვედიანი.
ფილმი მოგვითხრობს მთებში ორი გადამტერებული ადამიანის შეხვედრაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ ვითარდება მათი კონფლიქტი. თხუთმეტივე რეჟისორი ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალის პატრონაჟით შეირჩა.
„გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან", – აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფილმს „მთები, მარტოობა, სურვილი" ლოკარნოს ფესტივალზე 16 აგვისტოს აჩვენებენ. ფირი წარმოდგენილი იქნება სექციაში „ოსტატი და მისი შეგირდები". პროექტს კურირებდა უნგრული საავტორო კინოს დიდოსტატი, რეჟისორი ბელა ტარი.
ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, რომელიც 1946 წლიდან შვეიცარიაში ყოველწლიურად იმართება. კინოჩვენება თავისი მნიშვნელობით მეოთხეა კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ. მან არაერთ რეჟისორს გაუხსნა გზა დიდ კინოში — კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერჰოვენს, მილოშ ფორმანს და ა.შ. ფესტივალის გამარჯვებული იღებს ლეოპარდის ქანდაკებას.
ვინ არის გიორგი ვარსიმაშვილი?
გიორგი ვარსიმაშვილი 1986 წელს თბილისში დაიბადა ცნობილი ქართველი რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის ოჯახში. კინემატოგრაფიული განათლება გიორგიმ საფრანგეთში მიიღო – არის პარიზის კინოსკოლა ESRA-სა და უნივერსიტეტის პარიზი 8 (Université Paris 8) კურსდამთავრებული.
ფილმი „საშიში დედა“ კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა>>
გიორგის დებიუტი სრულმეტრაჟიან კინოში იყო „პარიზული ოცნება". მას გადაღებული აქვს 12 ფრანგული და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.