თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისში ცნობილი ქართველი სცენარისტის, კინორეჟისორის, მსახიობისა და კომპოზიტორის მიხეილ კობახიძის 80 წლისთავთან დაკავშირებით მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ჩვენება კინოს სახლის დარბაზში 23 მარტს გაიმართება.
ფილმი „დაკარგული რვანახევარი" გადაღებულია ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით. დოკუმენტური ფილმის რეჟისორები არიან ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური, ხოლო ოპერატორია დავით გოგილაშვილი.
ამას გარდა მაყურებელი ნახავს თავად მიხეილ კობახიძის რამდენიმე ფილმს: „ახალგაზრდა სიყვარული", „კარუსელი", „ქორწილი", „ქოლგა", „მუსიკოსები", „გზაში".
მიხეილ კობახიძე 1939 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინორეჟისურის ფაკულტეტი. მისი პირველი სადიპლომო ნამუშევარი იყო ფილმი „რვანახევარი", რომელიც საბჭოთა ცენზურამ დაიწუნა და გაანადგურა.
საქართველოში სულიერად ისვენებდა – თბილისი ტარკოვსკის ფოტოგამოფენას მასპინძლობს>>
1996 წლიდან ცხოვრობს პარიზში. ამავე წელს ვენეციაში საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა.