06:16 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ანიტა რაჭველშვილი

ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზეა ნომინირებული

© FB / Slow Mo
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
6601

ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი International Opera Awards 2017-ზე „საუკეთესო ქალი მომღერლის“ წოდების პრეტენდენტია.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ნომინირებულია პრესტიჟულ საერთაშორისო საოპერო პრემიაზე International Opera Awards 2017.

ქართველი საოპერო შემსრულებელი საუკეთესო მომღერლის წოდების პრეტენდენტია. რაჭველიშვილის მეტოქეები ნომინაციაში „მომღერალი“ არიან ანა ნეტრებკო (რუსეთი), მარია ბენგტსონი (შვედეთი), სტეფანი დ’უსტრაკი (საფრანგეთი), კრისტიანა კარგი (გერმანია) და დანიელა სინდრამი (გერმანია), იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.

პრემიის ფარგლებში ასევე აირჩევენ საუკეთესო მომღერალ მამაკაცს, რეჟისორს, დირიჟორს, გუნდს, დიზაინერს, ფესტივალს, საოპერო კომპანიას, მსოფლიო პრემიერასა და სხვა.

Opera Awards 2017-ის გამარჯვებულებს 7 მაისს ლონდონის კოლიზეუმში გამოავლენენ. პრემიის ნომინანტების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

Opera Awards-ი 2012 წელს დაარსდა და ის საოპერო სფეროში მოღვაწე ხელოვანებისთვის ტარდება. პირველი დაჯილდოება 2013 წლის 22 აპრილს გაიმართა ფონდის ეგიდით, რომელიც მეცენატმა და ოპერის მოყვარულმა ჰარი ჰაიმანმა და ჟურნალ „ოპერის“ მთავარმა რედაქტორმა ჯონ ელისონმა დააფუძნეს. პრემიის დამფუძნებლების მთავარი მიზანია დამწყები და გამოჩენილი საოპერო მომღერლების მხარდაჭერა.

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში“ ოლგას პარტიებს ასრულებდა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას“ თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე „კარმენში“ მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“, სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი“. მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან „იტალიელი ალჟირში“ და გლუკის „ორფეოსი და ევრიდიკედან”.

მთავარი თემები