19:45 20 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრის ძველი შენობა

ისტორიის ფურცლები: ქართული თეატრის სათავეებთან

Архив Грибоедовского театра
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
86431

როგორ შეიქმნა ქართული პროფესიული თეატრი, ვინ იდგა მის სათავეებთან, როგორ შეხვდა მას იმ დროინდელი ქართული საზოგადოება. აი რას გვიამბობენ თეტრმცოდნეები ამ მოვლენის შესახებ.

1850 წლის 14 იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, გიორგი ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილებით, ქართულმა დასმა  მისივე პიესა „გაყრა“ წარმოადგინა. ეს დღე მიჩნეულია ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

1850 წელს დრამატურგმა და გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ  გიორგი ერისთავმა (1811-1864) შეძლო ქართული პროფესიული თეატრის აღდგენა. მან თეატრი აქცია თავისი დროის ქართული ეროვნული კულტურის მთავარ კერად, აამაღლა სამსახიობო ოსტატობა და სახალხო მნიშვნელობა მოუპოვა სცენას, სრულიად ახალი გზით და ახალი მიმართულებით წარმართა დრამატული მწერლობა.

გიორგი ერისთავის „გაყრა“ ისტორიული მნიშვნელობის პიესაა, მისი ხელნაწერი არ შემონახულა, დაიბეჭდა 1850 წელს. ვიდრე თეატრში დაიდგმებოდა, მას ხელნაწერში კითხულობდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.  გ. თუმანიშვილის ცნობით: „…გაყრაში“ ავტორმა გამოხატა თავის თავი და თავისი ნათესავები, ნაცნობები…“ ამ პიესის ამბავს მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ყურამდეც მიუღწევია, დაუბარებია დრამატურგი, რომელიც იმ დროს ხიდისთავში მსახურობდა და ნაწარმოების დასადგმელად, დახმარება შეუთავაზებია. იონა მეუნარგიას ცნობით: „ვორონცოვმა დიდი ალერსით და დიდი სიამოვნებით მიიღო პოეტი, რომელმაც მას „გაყრის“ ხელნაწერი წარუდგინა. „ვიდრე გადავათარგმნინებდე ამ თქვენ კომედიას რუსულად, — უთხრა ვორონცოვმა ერისთავს — თქვენ სთხოვეთ ჩემ მაგიერად, სცენის მოყვარე ქართველებს, დაისწავლონ როლები და თქვენი თაოსნობით გამართეთ წარმოდგენა ტფილისის გიმნაზიის სცენაზე“.

ქართველმა საზოგადოებამ თეატრის გახსნისთვის შეამზადა ნიადაგი, რომელიც ვორონცოვმა წამატებით გამოიყენა. პროფესორი ვასილ კიკნაძე წერს: „გიორგი ერისთავის თეატრამდე თბილისში იყო რუსული თეატრი (1845). შეიქმნა ოპერის თეატრი (1851), რომელიც იტალიური ოპერის სახელწოდებით იყო ცნობილი, ქალაქს ჰყავდა ორკესტრი, — ყველა ეს თეატრები და ორკესტრი ვორონცოვის დროს ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ.“ მიხაილ ვორონცოვი თეატრის გარდა სხვა კულტურულ და სამეცნიერო საქმეებზეც ზრუნავდა. მისი მართველობის პერიოდში საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიყო არქელოგიური სამუშაობისთვის, დაარსა ბოტანიკური ბაღი (1845), ქართველი თავად-აზნაურები გაუთანაბრა რუსეთისას.

„გაყრის“ პირველ წარმოდგენაში თბილისის არისტოკრატია მონაწილობდა. თეატრის ისტორიკოსი, დიმიტრი ჯანელიძე აღნიშნავდა, რომ გიორგი ერისთავის წამოწყებას წინ აღუდგა კონსერვატული თავადაზნაურობა. „მ. ბატონიშვილი მრისხანებდა: „ეგღა გვაკლდა, პამპულობა შემოიღეთო“. პ. იოსელიანი ღაღადებდა, ამ თეატრით „მეძავ-კუროების ასპარეზი გაგვიჩნდებაო“.

გიორგი ერისთავმა ხიდისთავში დაიწყო დასის ფორმირება და გარკვეული რეპეტიციებიც იქ ჩაატარა. მან გახსნა XIX საუკუნის პირველი სათეატრო სკოლა და ქართველი მსახიობების მომზადება დაიწყო. 1851 წლის სეზონი გახსნა ახალმა დასმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: „გ. ჯაფარიძე, გ. დვანაძე, გრ. ტატიშვილი, გ. კორძაძე, ზ. ანტონოვი, ი. ელიოზაშვილი, კიკნაძე, დ. მეღვინეთუხუცესიშვილი, აბრამიძე, ბიბილური, პ. რჩეულიშვილი, ა. მეფარიანი, ზეინკლიშვილი; ქალები: ივანიძე, ნინო უზნაძე, სააკაძისა, ნათიშვილისა და სხვები. თეატრთან მუდმივად თანამშრომლობდნენ საზოგადო მოღვაწეები, მწერლები.

აკაკი წერეთელმა დაწერა (1909-1910 წ. წ.) პოემა „ვორონცოვი“, სადაც აირეკლა გიორგი ერისთავის დრო და მის თანამოაზრეთა კულტურული მოღვაწეობის ხასიათი. ვასილ კიკნაძე წერს: „…ვორონცოვმა თავისი მოღვაწეობის ათი წლის მანძილზე დიდი სიკეთე გაუკეთა ქართველ ხალხს. ასეთი ღვაწლი რუსეთის იმპერიის მსახურს კი არა, ერთი გამოჩენილი ქართველი პატრიოტი მოღვაწის სახელსაც დაამშვენებდა!..“

1856 წელს თეატრს რეპერტუარში 57 პიესა ჰქონდა, უმთავრესად ორიგინალური. დააარსებიდან 5-6 წლის შემდეგ თეატრის შევიწროვება დაიწყო. მეფის მოხელე სოლოგუბმა თეატრის წინააღმდეგ ცინიკური განცხადება გააკეთა: „…ქართული თეატრი უნდა მოიშალოს და მტკვარს გადაღმა დაარსდეს ბალაგანი, რომელიც უეჭველად სასარგებლო იქნება, თუკი მისი გამგებლობა ქართველ აქტიორს არ ჩაბარდება, არამედ განათლებულ კაცსა“.

1856-57 წლებში ქართული პროფესიული თეატრი დაიშალა. გიორგი ერისთავის თეატრი დაიხურა 1856 წლის ივნისში.

50 წლის შემდეგ, როცა ქართული თეატრის მოამაგე, ილია ჭავჭავაძე გიორგი ერისთავის ღვაწლს აფასებდა, შექსპირის სიტყვები გაიხსენა: „არარაისგან არ იქნების არარაიცაო“, ჩვენმა თეატრმა ცხადად დაგვანახა, რომ შესაძლოა არარიასაგან იქმნას რამ. ამ ორმოცდაათი წლის წინათ არარა იყო და ეხლა ვხედავთ, რომ არარაისგან იქმნა ჩვენი თეატრი, — ეს ჯერ კიდევ ბევრი რამ არ არის. საქმე ის არის, რომ იქმნა, გაიზარდა, გაძლიერდა… გიორგი ერისთავმა დაიწყო ქართული საზოგადოების ზნეობრივად აღზრდა და გაწვრთნა.“

ასეთია  „გიორგი ერისთავის თეატრის“ მოკლე ისტორია.

მასალა ეფუძნება, აღიარებული მეცნიერ-თეატრმცოდნეების დიმიტრი ჯანელიძისა და ვასილ კიკნაძის კვლევებს, აგრეთვე გამოყენებულია „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ მოცემული ინფორმაცია.

 

მთავარი თემები