საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ 2015 წლის საუკეთესო მოღვაწეები გამოავლინა

© facebook.com/culturegovgeთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 იანვარი ქართული თეატრისათვის განსაკუთრებული დღეა! სწორედ დღეს გახდება ცნობილი იმ თეატრალურ მოღვაწეთა ვინაობა, ვინც ქართული თეატრალური საზოგადოების ჟიურიმ 2015 წელს საუკეთესოდ აღიარა.

ქართული თეატრალური საზოგადოება პროფესიულ დღესასწაულს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში აღნიშნავს, რომელსაც წელს დაარსებიდან 120 წელი უსრულდება. ამ საზეიმო საღამოზე მოხდება 2015 წლის საუკეთესო რეჟისორების, მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების, დრამატურგების და ა. შ. დაჯილდოება. 

დაჯილდოებამდე SPUTNIK-ს ამ თემაზე ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მსახიობმა და რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ და რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა:

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე: დღეს, არა მარტო ქართული თეატრი, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოება აღნიშნავს ქართული თეატრის დღეს. ეს არის ზეიმი, სადაც ვაჯილდოებთ გასული წლის წარმატებულ თეატრის მოღვაწეებს. ეს პროცესი მოსავლის აღებას ჰგავს. 

ქართული თეატრის დღე, ჩვენთვის წმინდა თარიღია, ვინაიდან ამ დღეს ბევრი ხელოვანი ღებულობს შემოქმედებით სტიმულს.

ქართული თეატრის დღეს ვულოცავ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ საყვარელ მაყურებელს, ვინაიდან მათ გარეშე თეატრი არ არსებობს და ქედს ვიხრი ჩვენი სახელოვანი წინაპრების: გორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის და მრავალთა სხვათა წინაშე.

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი:ჟიურის წევრებმა აქტიურად იმუშავეს… მათი აზრით, შარშანდელი წელიწადი არ იყო დიდად წარმატებული, მაგრამ მან საუკეთესოები შეარჩია. ჩემი აზრით, ქართულ თეატრის განვითარებისათვის საჭიროა სერიოზული დაფიქრება ანუ უნდა ჩამოყალიბდეს: რა ტენდენციებია, რა გზებით მიდის ის, როგორ ეხმიანება ერთი მხრივ თანამედროვეობას და მეორე მხრივ არსებულ ფუნდამენტურ, პროფესიულ პრინციპებს. სამომავლოდ, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ და ჟიურის წევრებმა ზუსტად უნდა ჩამოაყალიბონ პრინციპები: რას უჭერენ მხარს, რომელ ტენდენციებს. ამ მხრივ, ის რომ რეჟისორ დათა თავაძეს მივაკუთვნეთ „ახმეტელის პრემია“, ჩვენი პრეზიდიუმის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიმაჩნია, ვინაიდან მის სპექტაკლებში ვხედავთ მცდელობას: დააფუძნოს თანამედროვეობა  ძირითად ფასეულობებზე.

Sputnik-სათვის ცნობილი გახდა რამდენიმე გამარჯვებულის ვინაობა:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით — გიორგი ხარაბაძეს, ქართული სიტყვის დიდოსტატს;

სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიით — დათა თავაძეს, სპექტაკლებისთვის: „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, „ზამთრის ზღაპარი“, „ტროელი ქალები“;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით — ნანი ჩიქვინიძეს, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით — გურანდა გაბუნიას, სამსახიობო ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

პეტრე ოცხელის სახელობის პრემიით — გიორგი ალექსი-მესხიშვილს, ქართულ დეკორატიულ ხელოვნებაში შეტანილი ღვაწლისათვის;

საუკეთესო სპექტაკლი — გორის გ. ერისთავის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „ალუბლის ბაღი“. რეჟისორი სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი მამუკა მეგრელაშვილი, მსახიობები: გვანცა კანდელაკი, კახი ბერიძე;

საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლი — ვანო იანტბელიძეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სპექტაკლში „ვინ გატეხა ქოთანი?!“, ადამის როლის შესრულებისთვის;

საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლი — ლია სულუაშვილს, მესხეთის თეატრის სპექტაკლში „მშვიდი ღამე“, დედის როლის შესრულებისთვის;

სხვა გამარჯვებულთა ვინაობა დღეს საღამოს დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0