ბატონ კახის საქართველო სულ ცოტა ხნის წინ გამოეთხოვა. გამომდინარე ამ სამწუხარო ფაქტიდან და აგრეთვე იქიდანაც, რომ მასალაში მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებზეცაა საუბარი (დღეს კი, როგორც ვიცით, ფაშიმზე გამარჯვების 76−ე წლისთავი აღინიშნება), რედაქციამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ამ საოცარზე საოცარი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც თავად კახი კავსაძემ უამბო მწერალს.
„ბაბუას ალექსანდრე ერქვა, მეგობრები სანდროს ეძახდნენ.
1873 წელს დაიბადა და ხუთი წლით უფროსი გახლდათ სტალინზე, რომელთან ერთადაც სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში. ბავშვობაში ხუთწლიანი სხვაობა ასაკში ძალიან შესამჩნევია. თქვენ რომ შვიდი წლისა იყოთ, მე კი 12–ისა, ჩვენ შორის უფსკრული იქნება. პატარა სტალინი გუნდში მღეროდა, რომელსაც ბაბუა ხელმძღვანელობდა და ისიც მასწავლებელივით უყურებდა სანდროს.
1937 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა ტარდებოდა, რომელზეც ბაბუაჩემის მუსიკალური კოლექტივი გაუშვეს. კონცერტის მერე არტისტები კრემლში მიიწვიეს, ბანკეტზე. ბაბუა ყვებოდა, სტალინი სტუმრებთან ცოტა დაგვიანებით გამოვიდა, კარგად დადგმული სცენა იყო, გამოჩნდა თუ არა კარში, დარბაზმა ყვირილითა და აპლოდისმენტებით იფეთქაო.
სტალინს ორიოდე წამით უსმენია თავსდამტყდარი სახალხო სიყვარულისთვის და მერე მარჯვენა ხელი აუწევია, ხელისგულით ხალხისკენ. დარბაზი წამში გაყუჩებულა — ხალხს ხმის ამოღებისა კი არა, სუნთქვისა ეშინოდა თურმე. და ამ სიჩუმეში სტალინს წყნარად უკითხავს:
სანდრო კავსაძე - კახი კავსაძის ბაბუა pic.twitter.com/oQGwWJeLqi
— dada (@dadababako1966) May 9, 2021
— სანდრო აქაა? — ბაბუაჩემს ეძებდა.
ხალხი განზე გადგა და ცოცხალი დერეფნის ერთ თავში სტალინი აღმოჩნდა, მეორეში — ბაბუაჩემი. არცერთი არ იძროდა ადგილიდან. ბაბუა სტალინზე უფროსი იყო და თანაც მისი მასწავლებელი, სტალინი კი — ბელადი… მერე ორივე დაძრულა და დერეფნის ზუსტად შუაში შეხვედრილან.
სტალინი ბაბუას გადახვევია:
— „კრასავეც!“
— ყოველთვის შენზე ლამაზი ვიყავი.
ყველას ენა ჩავარდნია, სტალინს კი გასცინებია:
— საერთოდ არ შეცვლილხარ, — უთქვამს და ბაბუა მაგიდასთან მიუწვევია.
რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ სტალინს ბაბუასთვის მიუმართავს:
— მთხოვე, რაც გინდა!
— ეგ ჩიბუხი მაჩუქე, ახლა რომ ეწევი.
ბელადს ისევ გაღიმებია და სიტყვებით, „მართლა არ შეცვლილხარ“, ჩიბუხი შალითაში ჩაუდია და ბაბუასთვის გაუწვდია.
ჩიბუხი და მისი შალითა ახლაც ჩემთან ინახება. შალითა ცოტა დახეულია — სტალინმა ასე დახეული აჩუქა, ჩიბუხს კი კიდევ დიდხანს ჰქონდა ბელადის თამბაქოს სუნი.
ბაბუა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კრემლის საავადმყოფოში დააწვინეს. ერთ დღეს სტალინის წერილი მიუტანეს, ქართულად დაწერილი:
„სანდროს გაუმარჯოს! გავიგე შემთხვევით ეგნატაშვილისგან, რომ საავადმყოფოში ყოფილხართ, ეს ცუდია, მაგრამ თქვენზე ამბობენ, ჩქარა მოკეთდებაო. ეს კარგია. თუ საჭიროა რაიმე მოგეხმაროთ, მითხარით. მე მზათა ვარ მოხმარებისთვის, იცოცხლეთ ათასი წელიწადი! თქვენი სოსო“.
გავა წლები და ეს წერილი ძალიან დაეხმარება ჩვენს ოჯახს…
ბაბუა 1939 წელს გარდაიცვალა. მისი ადგილი ანსამბლში მამაჩემმა დავითმა დაიკავა, რომელიც მხოლოდ შესანიშნავი მომღერალი კი არ იყო, არამედ კარგი ხელმძღვანელიც. შინ დიდი ფოტო მაქვს, რომელზეც დავით კავსაძის მთელი კოლექტივია აღბეჭდილი. წინა რიგში მამა და საქართველოს მაშინდელი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დგანან, ოღონდ მამა მასზე რამდენიმე სანტიმეტრით წინ დგას.
ეს „თავხედობა“ მამას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ომი რომ დაიწყო, კავსაძის ყველა მოცეკვავემ და მომღერალმა ჯავშანი მიიღო, ხელმძღვანელის, ანუ მამაჩემის გარდა… და ის ფრონტზე გაიწვიეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაჩემის სახელზე ჯავშანი, რაღა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ რაღაც მიზეზებით დროულად ვერ მონახეს. გასაგებია, რომ ეს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ იძია მასზე შური.
1942 წელს ქერჩთან სასტიკი ბრძოლა გაიმართა. თვითმხილველები ამბობდნენ, ზღვაც კი იწვოდაო — პირდაპირი მნიშვნელობით იწვოდა, ნავთობი იყო ჩაღვრილი და წყალს ცეცხლი ეკიდა.
იმ ბრძოლაში მამაც მონაწილეობდა…
თბილისში დაღუპვის ცნობა მოგვივიდა. დედა მთელი წელი დამატებით პენსიას იღებდა, როგორც ომში დაღუპულის ქვრივი. მერე კი გაირკვა, რომ მამა ცოცხალი იყო.
თურმე ტყვედ ჩავარდნილიყო. გერმანელებს ქართველი ტყვეებისთვის უთქვამთ, თუ საზღვარგარეთ ნათესავები ან ნაცნობები გყავთ, მოგვწერონ და გაგათავისუფლებთო. ფაშისტები იმდენად იყვნენ დარწმუნებული სწრაფ გამარჯვებაში, რომ, აი, ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებსაც კი დგამდნენ.
მამას საზღვარგარეთ ნათესავები არა, მაგრამ მეგობრები კი ჰყავდა, რომლებსაც საქართველო 1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ დაეტოვებინათ.
დავით კავსაძის სახელი უცხოეთში იცოდნენ და ვიღაცას მოუწერია, მზად ვარ მის წასაყვანადო. მამა უბრალოდ კი არ გაათავისუფლეს, ქართველი ტყვეებისგან ანსამბლის ჩამოყალიბებაც შესთავაზეს.
მამაც დადიოდა სიკვდილის ბანაკიდან ბანაკში და ქართველებს ეძებდა. შედიოდა ბარაკში, სადაც გაზის კამერაში წასაყვანად გამზადებული ხალხი იდგა და ქართულად იძახდა: თუ ქართველი ხართ ვინმე, გამოდითო და ქართველების გარდა სხვებიც ეხმაურებოდნენ: ავლაბრელი სომეხი, კახელი აზერბაიჯანელი, ქუთაისელი ებრაელი, სოლოლაკელი რუსი…
და მამაც ეუბნებოდა:
— გამოდი!
თუ რომელიმე გერმანელი ოფიცერი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ამდენი ხალხი რად გინდაო, მამა ეუბნებოდა, ჯერ უნდა შევკრიბო და მერეღა ამოვარჩიო, ვის შეუძლია სიმღერა და ვის — არაო. ვისაც სიმღერა არ ეხერხებოდა, მამა გაქცევაში ეხმარებოდა.
დათაშკა (დავით) კავსაძე უცნობ პიროვნებასთან ერთად pic.twitter.com/Z1oDeINQKx
— dada (@dadababako1966) May 9, 2021
უკვე მსახიობი გახლდით, ავსტრალიაში ვიყავი გასტროლებზე. ერთ დღესაც ვიღაც კაცი მოვიდა და მეუბნება, თქვენ ხომ დავით კავსაძის შვილი ხართ, მამათქვენმა მე სიკვდილს გადამარჩინაო. მერე სტუმრად მიმიწვია და სუფრასთან მომიყვა:
— დავითმა რომ დაიძახა, მწკრივიდან კი გავედი, მაგრამ პატიოსნად გამოვტყდი, სიმღერა არ ვიცი–მეთქი. ეგ არაფერიო, დამამშვიდა, ცოტა გამოკეთდი და როგორც კი საშუალება გექნება, გაიქეციო. ასე ამოვყავი თავი ავსტრალიაში.
მოკლედ, მამამ ანსამბლი ჩამოაყალიბა, რომელსაც ქართული ეროვნული სამოსი ჩააცვეს და კონცერტების გამართვის უფლება მისცეს. ჩვენ კი შეგვატყობინეს, დავით კავსაძე კი არ დაიღუპა, ტყვედაა ჩავარდნილიო.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის სამშობლოს მოღალატე იყო და არანაირი პენსია არ გვეკუთვნოდა. ის კი არა, დედას იმ ფულის დაბრუნებაც დაავალეს, რაც უკვე მიღებული ჰქონდა პენსიის სახით.
შვიდი წლისა ვიყავი მაშინ და კარგად მახსოვს, როგორ აბრუნებდა დედა თავისი ისედაც ძუნწი ჯამაგირიდან თანხას უკან. ძლივს გაგვქონდა თვიდან თვემდე თავი.
მაინც ბედნიერები ვიყავით იმით, რომ მამა ცოცხალი იყო.
ერთ ღამესაც ვიღაცამ დაგვიკაკუნა. დედამ კარი გააღო, მაგრამ არავინ იყო, მარტო პატარა ფურცელი ეგდო იატაკზე. ეს მამაჩემისა და მისი ახალი კოლექტივის სურათი გამოდგა.
1945 წელს ომის დამთავრებას მამა პარიზში შეხვდა, სადაც მისი ანსამბლი დიდი წარმატებით სარგებლობდა. უკვე ამერიკაში საგასტროლოდ ემზადებოდნენ, როცა მამას ვიღაც კაცი შესჩენია, საბჭოთა კავშირში დაბრუნდი, უკვე დიდი ხანია გაპატიეს, ოჯახთან წადი და სამშობლოს ემსახურეო. და მამამაც დაიჯერა.
მოსკოვში ჩასულა თუ არა, მაშინვე მეგობართან, მიხეილ ჭიაურელთან წასულა, რომელიც თურმე შეეცადა, გადაეფიქრებინა მამაჩემისთვის თბილისში ჩამოსვლა. ჭიაურელი სტალინის ერთ–ერთი საყვარელი ხელოვანი იყო და იცოდა, რომ დავითს უსათუოდ დააპატიმრებდნენ, მაგრამ არც ამის პირდაპირ თქმა შეეძლო და არც მოსკოვში დარჩენის შეთავაზება.
არა და, ასე რომ მომხდარიყო, მთელი მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა. ჭიაურელს შეეძლო ბელადთან ერთ–ერთ შეხვედრაზე თან ეახლა მამა და მისთვის სანდრო კავსაძის ვაჟი წარედგინა, რომელიც ესოდენ უყვარდა სტალინს. ამის მერე მამას თითსაც ვერ დააკარებდა ვერავინ.
მაგრამ ასე არ მოხდა…
მამამ მოსკოვიდან დაგვირეკა, ამა და ამ მატარებლით მოვდივარ და დამხვდითო. მივედით დანიშნულ დღეს სადგურზე, მაგრამ მამა არსად იყო. მერე გაირკვა, რომ სოჭში დაეპატიმრებინათ. ჩვენ მხოლოდ „კაგებეშიღა“ ვნახეთ, როცა შეხვედრის უფლება მოგვცეს.
ოთახში ჭაღარა, დაღლილი კაცი დაგვხვდა, რომელშიც ძლივს ამოვიცანი მამა.
დედამ ჩემკენ და ჩემი ძმისკენ გამოიშვირა ხელი და უთხრა:
— ეს შენი შვილები არიან.
მაშინ მე ათი წლისა ვიყავი, ძმა — რვისა. მამამ მუხლებზე დაგვისვა და უპირველესად გვკითხა:
— მუსიკას სწავლობთ?
— ვსწავლობთ, მამა.
მერე მამა სვერდლოვსკის ოლქში გადაასახლეს. ეს მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა მორიგი „პერედაჩი“ მივიტანეთ ციხეში და არ მიიღეს.
„იქიდან კი ნამდვილად ვეღარ დაბრუნდება“, — მწარედ წარმოთქვა დედამ.
იმავე დღეს გაჩხრიკეს ჩვენი სახლი, ყველაფერი ყირაზე დააყენეს — ჩვენ ხომ უკვე ოფიციალურად ვიყავით ხალხის მტრის შვილები.
— თქვენ რა, ჰიტლერის წერილებს ეძებთ?— ჰკითხა დედამ ჯარისკაცებს.
როგორც მერე მივხვდით, ისინი იმ ფოტოს ეძებდნენ, რომელიც ომის დროს გადმოგვიგზავნა მამამ უცხოეთიდან და რომელიც ვიღაცამ კართან დაგვიგდო. დედა კარზე დაკაკუნებისთანავე მიმხვდარა, ვინ და რატომ მოვიდა ჩვენთან და სურათი უბეში დაემალა.
„ენკავედიშნიკებმა“ იქ ძებნა ვერ გაბედეს და ასე გადარჩა ეს ფოტო.
ჩხრეკას შედეგად არაფერი მოჰყვა, მაგრამ ბინა, ფაქტობრივად, წაგვართვეს — სამიდან ორი ოთახი დაგვილუქეს.
აი, მაშინ კი წავიდა დედა მოსკოვში, სტალინთან. ბელადთან შეხვედრა რომ მოეხერხებინა, ეგნატაშვილს დაურეკა — კრემლის კომენდანტს, რომელზეც ამბობდნენ, მამით სტალინის ძმა არისო.
ეგნატაშვილმა დედა მიიღო, მაგრამ უთხრა, შევეცდები, სტალინთან შეხვედრა მოგიწყო, მხოლოდ რამდენიმე თვის მერეო. დედა ასე დიდხანს ვერ დარჩებოდა მოსკოვში — მე და ჩემი ძმა თბილისში ვყავდით დატოვებულები.
ადგა და ეგნატაშვილს ის წერილი აჩვენა, რომელიც სტალინმა ბაბუას 1937 წელს გამოუგზავნა.
წერილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ეგნატაშვილმა დედა „კაგებეს“ ერთ–ერთ დიდ ჩინოვნიკს შეახვედრა. მან ფრთხილად ამოიღო წერილი კონვერტიდან, რომელსაც რუსულად ეწერა „Товарищу Александру Кавсадзе от И. Сталина“ და ისე ფაქიზად, ორივე ხელით დაიდო ფურცელი წინ, თითქოს ეშინოდა, რაიმე ტკივილი არ მიეყენებინა.
„თავის ენაზე წერს“, — უთქვამს ქართული ნაწერის დანახვაზე. მერე კი დაუმატებია: თქვენ არც კი იცით, რა გაქვთ! ქმრის გათავისუფლების საქმეში მე ვერაფრით დაგეხმარებით, ეს ჩემ კომპეტენციაში არ შედის, აი, ბინის საკითხს კი დღესვე მოვაგვარებთო.
და მართლაც, დედა ჯერ კიდევ არ იყო მოსკოვიდან დაბრუნებული, რომ ოფიცრები მოვიდნენ და დალუქული ოთახები გაგვიღეს.
მამამ გადასახლებაში შვიდი წელი დაჰყო. დედაჩემმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მასთან ჩასვლა. სატვირთო მატარებლის გამცილებლად მოეწყო, მე და ჩემი ძმა თავის დასთან დაგვტოვა და წავიდა. მაშინ გზას მხოლოდ ერთი მიმართულებით თვეზე მეტი სჭირდებოდა.
მამასთან მიწერ–მოწერა კი გვქონდა და სურათებსაც ვუგზავნიდით. უკვირდა, რა სწრაფად იზრდებითო. სხვადასხვანაირ ფოტოებს ვგზავნიდით: ერთზე ჯერ მე ვიდექი, მერე დედა და ბოლოს ყველაზე დაბალი — ჩემი ძმა. მეორე ფოტოზე სხვა კომპოზიცია იყო: ჯერ მე, მერე ჩემი ძმა და ბოლოს ყველაზე დაბალი — დედაჩვენი.
1952 წელს დეიდაჩემს ვკრძალავდით, მახსოვს, ძალიან ცხელოდა და უცბად რაღაც ველური ისტერიკა დამემართა — ბღავილი დავიწყე და ვეღარ ვჩერდებოდი. მოგვიანებით შევიტყეთ, სწორედ იმ წუთებში მამა გარდაცვლილიყო გადასახლებაში… მისი ნივთები დაგვიბრუნეს — ჩვენი წერილები და ფოტოები.
დედა 68 წლისა გარდაიცვალა, ხელში ჩამაკვდა. არასდროს დამავიწყდება, როგორ მოიკუნტა, როგორ აემღვრა თვალები და როგორ გადმოსცდა მის ბაგეს ერთადერთი სიტყვა, მამაჩემის სახელი: „დათაშკა“… და წავიდა.
არ ვიცი, სად და როგორ გაიცნო დედამ მამაჩემი, ეს არასდროს მოუყოლია, მაგრამ ძალიან კი უყვარდათ ერთმანეთი. 29 წლისა იყო დედა, მარტო რომ დარჩა და მთელი ცხოვრება ასე მარტო იყო.
ციმბირიდან მამის ნეშტის გადმოსვენება მინდოდა, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, ჩახვალ, გაჩვენებენ დანომრილ საფლავს, გეტყვიან, მამაშენი აქ მარხიაო, გადმოასვენებ ნეშტს და მერე მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრებ, მართლა მამა ჩამოასვენე თუ არა. დაფიქრდი, სანამ ამას გააკეთებო.
მართლაც, დავფიქრდი და გადავწყვიტე, ყველაფერი უცვლელად დამეტოვებინა. თუ ასეთი ბედი ეწერა მამას, რომ ციმბირში უნდა დამარხულიყო, ესე იგი ასეც უნდა მომხდარიყო…