15:05 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (386)
33730

იდგა წელი 1037 (სხვა ვერსიით 1038 წელი), თბილისი ალყაში ჰყავდათ მოქცეული საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-სა და მის მოკავშირეს, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-ს

ქალაქის გარშემო დგომა გაჭიანურდა და კახეთის ხელისუფალმა ალყის გაგრძლება თავის სარდლებს მიანდო, თავად კი ფიდრაზის მთაზე ნადირობა გამართა. რას წარმოიდგენდა, რომ მისთვის ეს ნადირობა უკანასკნელი აღმოჩნდებოდა და თავად აღმოჩნდებოდა ყველაზე „დიდი ნანადირევი“.

გახურებული ნადირობის დროს კვირიკე მესამეს ზურგიდან მიეპარა ვინმე „ოვსი ყმა“ (ყმა ამ შემთხვევაში გლეხს კი არ ნიშნავს, არამედ კარგად გაწვრთნილ მეომარს) და სიცოცხლეს გამოასალმა. მეფის მხლებლებმა მკვლელი შეიპყრეს, მისი ვინაობა და მკვლელობის მიზეზი დაადგინეს და მერე ზედ დააკლეს პატრონს.

მემატიანეებს თუ ვერწმუნებით, კახეთ-ჰერეთის დიდი მეფე შურისძიებისა და სისხლის აღების ტრადიციის მსხვერპლი გახდა. „ოვსმა ყმამ“ თავისი მეფის, ურდურეს მკვლელობა აზღვევინა მწარედ კახთა ხელისუფალს.

საქმე ის გახლდათ, რომ კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსის (მეფე კვირიკე იმავდროულად ქორეპისკოპოსიც იყო, ანუ უმაღლესი სასულიერო პირი) გავლენა ბევრად სცილდებოდა მისი სამეფოს საზღვრებს. გარდა კახეთისა და ჰერეთისა, მის სამეფოში ასევე შედიოდა კავკასიონის გადაღმა ქვეყნები ― დურძუკეთი და ღლივეთი (ამჟამინდელი ჩეჩნეთ-ინგუშეთი), რომელიც კვეტარის საერისთავოს დაქვემდებარებაში იყო, ასევე დიდოეთი და ხუნძეთი (იგივე სარირი, ამჟამინდელი დაღესტანი), რომელიც ტვრის ერისთავის კუთვნილება გახლდათ. სწორედ ამ მიწების გამო დაუპირისპირდა კვირიკეს ოვსთა მეფე ურდურე. ალანები იმ დროს ჩრდილოეთ კავკასიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ და თავისად მიიჩნევდნენ დურძუკთა და სარირის მიწებსაც. ამიტომაც ალანები 1035 წლის ზაფულში მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაიძრნენ კახეთ-ჰერეთის დასარბევად.

ურდურემ გვერდი აუარა დარიალის გადმოსასვლელს და დურძუკთა და ღლივთა ტერიტორიის გავლით გადმოვიდა ფხოვში (ახლანდელი ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი, თუშეთი). ვინც წინააღღმდეგობა გაუწია, ყველას მუსრი გაავლეს და სწრაფი სვლით კახეთ-ჰერეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრისკენ ― თიანეთისკენ დაეშვნენ.

გადამწყვეტი ბრძოლა ბოდოჯის სამეფო რეზიდენციის სიახლოვეს გაიმართა. ვახუშტის ცნობით:

„ბრძოლასა ძლიერსა იძლივნენ ოვსნი და მოჰკლეს კახთა ურდურე მეფე ოვსთა და მოწყვდნეს ოვსნი“.

სანამ მეფე იბრძოდა, ალანებიც მედგრად იდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც „წყობასა შინა ოსვთა მეფე ურდურე მოეკლა კვრიკე მეფესა“, უსარდლოდ დარჩენილი ჩრდილოკავკასიელთა ურდო დაიბნა, აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. კახელებმაც დიდ მანძილზე სდიეს მომხდურთ და მუსრი გაავლეს. მებრძოლები დაღამებამ გაჰყარა. გადარჩენილმა ალანებმა ამით ისარგებლეს, კავკასიონი გადალახეს და უკან გაბრუნდნენ.

გავიდა დრო და ბაგრატ მეოთხემ თბილისის ასაღებად ერთგული მოკავშირე კვირიკე მესამეც მიიწვია. ის კვირიკე, რომელიც მანამდე, 1010 წელს, გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ მესამემ დაატყვევა და მისი სამეფო კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა. თუმცა ბაგრატ მესამის გარდაცვალების შემდეგ კვირიკემ ტყვეობას თავი დაააღწია და თავისი სამეფოც ისევ უკან დაიბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ კვირიკემ კახეთ-ჰერეთი ერთიან საქართველოს ჩამოაშორა, მის  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც ყოველთვის საერთო ქართული საქმების ავანგარდში იდგა. ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში (ბიზანტიელებთან, განძის ამირასთან და თბილისისათვის ბრძოლებში) გვერდით ედგა საქართველოს მეფეს, თავისი წვლილი შეჰქონდა საერთო ეროვნულ საქმეში.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განძის ამირა ფადლონთან ბრძოლას, რომელმაც ისარგებლა საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირებით და სანამ ეს ორი მართლმადიდებლური ქვეყანა ერთმანეთს უსწორებდა ანგარიშს, ყოფილი ალბანეთის სამეფოს მიწებიც მიიტაცა, სომხეთის დიდი ტერიტორიაც დაიპყრო და საქართველოც არაერთხელ ააოხრა.

ამირა ფადლონი ძალზე საშიში და ძლიერი მტერი გახლდათ ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველებმა მისთვის მხოლოდ ბიზანტიასთან ომის დასრულების შემდეგღა მოიცალეს, როცა ის უკვე საკმაოდ გაძლიერებული იყო.

საქართველოს სამეფო კარზე ფადლონის წინააღმდეგ ლაშქარი შეკრიბეს, რომელსაც  სათავეში კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და ქართლის  ერისთავი ივანე აბაზას ძე ჩაუდგნენ, ვინაიდან მაშინ საქართველოს მეფე ბაგრატ IV არასრულწლოვანი იყო. კოალიციაში გაერთიანდნენ: კვირიკე მესამე დიდი, თბილისის ამირა ჯაფარი და ტაშირ- ძორაკერტის მეფე დავითი. კოალიციას სათავეში ამ ლაშქრობის ინიციატორი  და სულისჩამდგმელი კახეთ-ჰერეთის მეფე  ჩაუდგა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ფადლონის სამფლობელო უშუალოდ ესაზღვრებოდა კვირიკე მესამის სამეფოს  და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გაძლიერებული მეზობლისა და მეტოქის დამარცხება, ალიანსის წევრებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი სწორედ მან გამოიყვანა. გარდა ამისა ანგარიში გაეწია კვირიკეს დიდ ავტორიტეტსა და საბრძოლო გამოცდილებასაც. შესაბამისად, ამ და სხვა მიზეზთა გამო, უმნიშნელოვანესი ლაშქრობის ბედი სახელოვან სარდალს მიენდო.

კვირიკეს გადაწყვეტილებით, მოკავშირენი ეკლეცის მიდამოებში შეიკრიბნენ და აქედან შეუტიეს განძას. ქართველებმა „გააქციეს ფადლონ და აუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი (ნადავლი, ალაფი) და განძი ურიცხვი.  ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა (გაშმაგდა, გაბოროტდა) ფადლონ“.

არაბი მემატიანის, იბნ ალ-ასირის ცნობით, ამ ბრძოლაში ფადლონი სასტიკად დამარცხდა. 10 ათასი განძელი მეომარი დაეცა ბრძოლის ველზე, თავზარდაცემული ამირა, გადარჩენილი მცირერიცხოვანი ჯარით, განძაში შეიკეტა. მას აღარ შესწევდა წინააღმდეგომის გაწევის უნარი და ქართველებს მორჩილება გამოუცხადა.

ასე გატეხეს წელში ფადლონ დიდი, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში აოხრებდა და აწოკებდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა ქრისტიანულ ქვეყნებს. ეკლეცთან დამარცხებამ იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ფადლონზე, რომ მან საბოლოოდ აიღო ხელი ქართული მიწების მოთარეშებაზე და ერთი წლის შემდეგ, როცა გარდაიცვალა, ქართველთა ჯავრი საფლავში წაიღო.

სწორედ ფადლონის განადგურების შემდეგ შეუტია ბაგრატ მეოთხემ თბილისის საამიროს და რაღა თქმა უნდა, ერთგული  კვირიკეც გვერდში ედგა.

და 1037 წელს, როდესაც ალყაშემორტყმული თბილისი დღე-დღეზე უნდა დაცემულიყო, მოხდა გაუთვალიწინებელი რამ: ნადირობისას მუხანათურად მოკლეს მეფე კვირიკე.

როგორ მოხვდა კვირიკეს ამალაში „ოვსი ყმა“, უცნობია. გამორიცხული არ არის, ის ურდურეს ვაჟს, ალანთა მეფე დორღოლელს შემოჰყოლოდა საქართველოში, რომელიც ბაგრატ IV-ის მეუღლის, ბორენა დედოფლის ძმა იყო და თბილისისათვის ბრძოლაში ეხმარებოდა სიძეს. იმ დროს, როდესაც კვირიკე მოკლეს, თბილისთან ალანთა დიდი ჯარი იდგა და სავარუდოდ, სწორედ დორღოლელის ბანაკში დაიგეგმა კვირიკე III-ის მოკვდინება...

ასე „უადგილოდ“ დაასრულა სიცოცხლე კახთა დიდმა მეფემ, რომელმაც, სხვა მის ნაღვაწს რომ თავი დავანებოთ,  მთელი საქართველოს მარგალიტი ― ალავერდის დიდებული ტაძარი ააგო და ამით სამუდამოდ უკვდავყო თავისი სახელი.                                                          

თემები:
იცით თუ არა, რომ... (386)

მთავარი თემები