ამბავი უიღბლო ქართველი მეფისა: უსამართლოდ დავიწყებული ვახტანგ მესამე

CC0 / Pixabay / ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მეფეთა გალერეაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი უიღბლო მეფე, როგორიც ვახტანგ III იყო. ის მოწამეობრივად უნდა აღსრულებულიყო და დიზენტერიამ კი შეიწირა.

სულ ექვსი წელი (1302–1308 წწ) იმეფა და აქედან უმეტესი დრო საქართველოდან შორს, ურდოსა და მონღოლურ ომებში გაატარა. მას არც სიმამაცე აკლდა და არც ჭკუა-გონება იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ არ გაუმართლა. ისტორია კი მხოლოდ იღბლიანებს სწყალობს. ამიტომაც მიეცა დავიწყებას მისი სახელიცა და საგმირო საქმეებიც...

XIII–XIV საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში მრავალმეფობის ხანა იდგა. ქვეყანას ერდროულად სამი–ოთხი ხელისუფალი მართავდა. განცალკევებით იდგა სამცხის საათაბაგო, რომელიც „ხასინჯუს“ სტატუსით პირდაპირ ყაენს ექვემდებარებოდა. მონღოლმა დამპყრობლებმა „დაყავი და იბატონეს“ ნაცად ხერხს მიმართეს და რამდენიმე მეფის ხელდასმით ხელი შეუწყვეს ერთიანი საქართველოს დაქუცმაცებას. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ქართველი მეფე-მთავრები ერთმანეთს ებრძოდნენ და ამით კიდევ უფრო აჩანაგებდნენ და ასუსტებდნენ ქვეყანას.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

ამ ფონზე მონღოლებმა 1302 წელს კიდევ ერთი მეფე აიყვანეს ტახტზე — დემეტრე თავდადებულის ძე ვახტანგ III. მართალია, ის სრულიად საქართველოს მეფის ტიტულს ატარებდა, მაგრამ მისი რეალური ძალაუფლება თბილისი-დმანისის სანახებს არ სცდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი დავით მერვეს ერთგულებდა, მცირეწლოვანი გიორგი V სამცხეში იყო გამაგრებული, ხოლო დასავლეთ საქრთველოს დავით VI ნარინის შვილები განაგებდნენ.

ვახტანგმა ჯერ კიდევ უფლისწულობისას მიიღო მონაწილეობა ყაზან ყაენის მიერ ეგვიპტელ მამლუქთა წინააღმდეგ მოწყობილ დიდ ლაშქრობაში. მონღოლები სირია-პალესტინაში შეიჭრნენ და მოაოხრეს. მათთან შესახვედრად დაიძრა ეგვიპტის სულთანი ნასარ მელიქი. ქალაქ ჰემსთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სასწორის პინა ეგვიპტელთა მხარეს  გადაიხარა, რომლებმაც ყაზან ყაენის კარავზე პირდაპირი შეტევა მიიტანეს. მამლუქებმა ადვილად შემუსრეს მონღოლები და ყაზან ყაენის სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილმა უფლისწულმა ვახტანგმა და მისმა ქართველმა მებრძოლებმა ეგვიპტელებს უკან დაახევინეს.

ეს იყო ამ ბრძოლის გარდამტეხი ეტაპი. ამის შემდეგ მონღოლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ — მტერი გაანადგურეს და ჰემსი და იერუსალიმი დაიკავეს.

1300 წლის გაზაფხულზე ყაზან ყაენმა ვახტანგი დამასკოს ასაღებად წარგზავნა და თან ქართველთა და სომეხთა ჯარი აახლა. ამ ბრძოლაშიც ისახელა თავი ქართველმა უფლისწულმა, თანაც ისე, რომ სიმამაცით ყველა დაჩრდილა. სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დამასკო დაეცა და ვახტანგმა ეს უმდიდრესი ქალაქი „ხონჩით მიართვა“ მონღოლებს.

მაგრამ ოთხი თვის შემდეგ ეგვიპტელებმა მონღოლები დამასკოდან გაყარეს. ყაზანმა ისევ შეუტია ქალაქს. ყაენის ლაშქარს ტრადიციისამებრ ქართველები წინამძღოლობდნენ. ისინი შეიჭრნენ პირველები დამასკოში და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ქალაქი ისევ დაეცა.

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
მტრისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე: ამბავი მხცოვანი ქართველი გმირისა

ამ ლაშქრობამ სამ წელს გასტანა. მონღოლურ ლაშქარში მყოფმა ქართველებმა ცეცხლითა და მახვილით გაიარეს გზა მდინარე ტიგროსიდან სუეცის ყელამდე. ვერავინ აღუდგა მათ წინ.

უფლისწული ვახტანგი და მისი მეომრები დიდძალი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ საქართველოში, რომელიც გაპარტახებული დახვდათ. ვახტანგ მესამე ტახტზე ასვლისთანავე შეუდგა გაჩანაგებული ქვეყნის მართვა-გამგეობას, მაგრამ...

მონღოლთა შიშით მთიულეთს შეხიზნულმა ძმამ დავით VIII-მ დრო იხელთა და მისთვის თბილისის წართმევა მოინდომა. ტაბახმელას იდგა ვახტანგი, როცა მოახსენეს, შენი ძმა სამალავიდან გამოსულა, მთიელთა ჯარით მახათას მთაზე დგას და თბილისზე იერიშისთვის ემზადებაო. ვახტანგიც სწრაფად ამოქმედდა. მოიხმო ქართველები, მონღოლები, ყივჩაღები და ძმის ბანაკს თავს დაესხა. იმ ბრძოლაში უამრავი ქართველი განიგმირა თანამოძმეთა ხელით, დავით VIII სასტიკად დამარცხდა და ამ სისხლისღვრის ინსპირატორმა ისევ მთიულეთს შეაფარა თავი. ვახტანგი ძმას არ დადევნებია — ქართველთა ხოცვა-ჟლეტის გაგრძელებას თავი აარიდა.

1303 წელს ყაზან ყაენმა ისევ გაიწვია ვახტანგ მეფე ეგვიპტელებთან საბრძოლველად. ყაენმა დამასკოს დასაპყრობად ხუტლუშა ნოინი გაგზავნა, რომლის ბანაკშიც იდგნენ ქართველები. ხუტლუშამ ღამის გასათევად ბანაკი ქალაქის სიახლოვეს დასცა. მაგრამ მისი ძე სიბუჩი გათენებას არ დაელოდა, მონღოლები და ქართველები აიყოლია და ეგვიპტელთა ბანაკისკენ დაიძრა. სულთნის მეომრებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სიბუჩი მათ მიერ დაგებულ მახეში აღმოჩნდა — გასაქცევი აღარსად იყო. მაშინ ძალიან ცოტა თუ გადარჩა ცოცხალი. განრისხებულმა ყაენმა თვითნებობისთვის ურჩები მკაცრად დასაჯა და ვაჟთან ერთად გამოამწყვდია დილეგში.

ხუტლუშას რისხვას მხოლოდ ვახტანგ მეფე გადაურჩა — რომ არა ქართველთა თავდადება და სიმამაცე, იმ სასაკლაოდან ცოცხალი თავს ვერავინ დააღწევდა.

სამეფო გვირგვინი - Sputnik საქართველო
ამბავი ქართლის მეფისთვის ნაჩუქარი ძვირფასი ჯიღისა: თვალთმაქცური ქურდობა

მონღოლთა ლაშქრობა ყაენის სიკვდილმა შეწყვიტა, თუმცა ვახტანგს კვლავ არ ეწერა საქართველოში დიდხანს ყოფნა. 1305 წელს ახალმა ყაენმა ოლჯაითუმ ისევ უხმო თავისთან ქართველებს — ამჯერად გილანელებთან საბრძოლველად. ეს ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მონღოლებმა ვერ შეძლეს გილანელებისა და მათი მამაცი სარდლების (ერიკაბაზანის, უზბაშის და როსტანის) მოდრეკა. პირიქით, მონღოლებს აქეთ მოუკლეს სარდალი ხუტლუშა.

მიუხედავად ამისა, იმ ლაშქრობაშიც დიდი სახელი დაიგდეს ქართველებმა და თავად მეფე ვახტანგმა. ლომივით იბრძოდა თურმე ხელმწიფე. ქართველები ფეხს არ იცვლიდნენ ბრძოლის ველიდან, საიადანაც მონღოლები არაერთხელ გაიქცნენ. ვახტანგ მეფე დაიჭრა კიდეც, მაგრამ არც მაშინ მიუტოვებია ბრძოლის ველი. მისმა შეუპოვრობამ ყველა განაცვიფრა, ვინაიდან „თვით ვახტანგ არა გარე-მოაქცევდა პირსა, არამედ კვლავ მხნედ და ძლიერად იბრძოდეს“.

ყაენიც დიდად აფასებდა ვახტანგ მეფის სიმამაცეს. მარცხისათვის თავისიანები არაერთხელ დაუსჯია, მაგრამ ვახტანგის მიმართ მუდამ მოწყალე იყო — სანამ სჭირდებოდა...

თბილისში დაბრუნებულიც არ იყო მეფე ვახტანგი, რომ ოლჯაითუ ყაენმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მაჰმადიანი იმამები ჩააცივდნენ ყაენს, სანამ შენს საბრძანებელში ქრისტიანულ სალოცავებს არ დაანგრევ და ქრისტიანებს არ გაჟლეტ, წარმატებებს ვერასოდეს მიაღწევო. ადვილად გადაიბირეს ოლჯაითუ. მართალია, წარმართ მონღოლებში ისლამმა მასიურად მხოლოდ ყაზან ყაენის დროს მოიკიდა ფეხი, ფანატიკოსი მორწმუნენი არასდროს ყოფილან, მაგრამ სახელწიფოს ერთიანობის შენარჩუნების მიზნით ყაენი ანგარიშს უწევდა მაჰმადიანთა სასულიერო ლიდერებს, ვინაიდან ისლამის მიმდევრები ილხანთა იმპერიის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

Книги на полке - Sputnik საქართველო
ქიზიყელთა განთქმული ბელადი და მეფის ერთგული მეომარი: ამბავი „შავი პაატასი“

და ქართველთა მაჰმადის რჯულზე მოსაქცევად საქართველოში მონღოლი ნოინი შემოიჭრა მრავალრიცხოვანი ჯარით. ქვეყანას და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას დიდი საფრთხე დაემუქრა.

მაშინ ვახტანგ მეფემ გადაწყვიტა, თავად ხლებოდა ყაენს და დაერწმუნებინა ის, ხელი აეღო ამ განზრახვაზე. ერისთავები შეჰყარა სათათბიროდ და გადაწყვეტილება გააცნო. ყველამ ურჩია, არ ხლებოდა ყაენს, მიმალულიყო, როგორც ეს მისმა ძმამ დავით მერვემ გააკეთა. მაგრამ მეფემ დაამშვიდა შეკრებილნი და მტკიცედ განუცხადა:

„კაცნო, ძმანო და ერთრჯულნო! კარგად იცით, რაც განუზრახავს მაჰმადიანთა ჩაგონებით მონღოლთა ყაენს, თვითონ განსაჯეთ, რა უბედურება ელის ხალხსა და ქვეყანას. ამიტომ მოგიწოდებთ, ნუ შეძრწუნდებით და ჩვენ პირველნი ვეწვიოთ ყაენს და თუ სიკვდილია, ჩვენ პირველნი დავიხოცოთ, ვიდრე ვიხილავდეთ ერსა და სამშობლოს დაქცეულს, აოხრებულს, გადაგვარებულსა და გადარჯულებულს“.

არ მოეშვნენ ერთგული ვეზირები, თავსაც ტყუილად გაწირავ და სამშობლოსაც ვერ უშველიო, მაგრამ ვახტანგი შეუვალი აღმოჩნდა — ერთგულ ერისთავებთან ერთად სპარსეთის გზას დაადგა.

ურდოში ქართველთა მეფის მისვლამ ძალიან გააკვირვა ყაენი. ვახტანგის სიმამაცე არაერთხელ გამოეცადა, მაგრამ ასეთ უშიშობას მაინც არ ელოდა.  

ვახტანგმა ყაენს თამამად მოახსენა ურდოში ჩასვლის მიზეზი:

„ისმინე, მაღალო და ძლიერო ყაენო! მოვიდა შენი ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დავუტევოთ სჯული ჩვენი, აწ ისმინე: თქვენს პაპებსა და მამებს არასოდეს დაუწუნიათ ჩვენი პაპებისა და მამების სჯული, არასოდეს უთქვამთ, ქართველთა სჯული ავი არისო; პირიქით კი ყოფილა: თქვენს წინაპრებს ძალიანაც მოსწონდათ ჩვენი წინაპრების სჯულიც და საქციელიც. ხოლო სპარსელებს და მათ სჯულს თქვენი მამა-პაპანი მძულვარე თვალით უქცერდნენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მწამლველნი, მიპარვით მკვლელნი და ბილწი მამათმავალნი. და თუ ახლა, ყაენო, სპარსელების შესმენას ისმენ, მაშინ მე აქა ვარ, მეფე ქართველთა და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან. მე პირველი მზად ვარ სიკვდილად ქრისტეს სჯულისთვის და ქრისტიანი ერისა და სამშობლოსათვის; ასევე მზად არიან სიკვდილისათვის ჩემი ერისთავნი. მაშ აჰა, დაგვაყრევინე თავები, ოღონდ ნურას ავნებ ერსა და ქვეყანასა ჩვენსას!“

გაოგნებული უსმენდა ყაენი ვახტანგს. მიხვდა, რომ მეფე მხოლოდ საკუთარ სათქმელს კი არ ამბობდა, მისი სიტყვები მთელი ერის გზავნილი იყო. ყაენმა სწრაფად გაიაზრა, რომ ქართველები უომრად სჯულს არ შეიცვლიდნენ და არ ღირდა ისედაც „მორჩილებაში მყოფი“ მრისხანე გურჯების გაღიზიანება. მით უმეტეს, რომ ქართველთა გარეშე მონღოლებს წარმატების მიღწევა ძალიან უჭირდათ და ასეთი ძალის მტრად მოკიდება შეცდომა იქნებოდა. ამიტომაც ყაენმა იმ მომენტისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო — მეფეს აუწყა, რომ არ აპირებდა ქართველთა მაჰმადის რჯულზე მოქცევას. უფრო მეტიც, წყალობა არ მოაკლო თავზეხელაღებულ ქართველებს და დასაჩუქრებული გამოუშვა საქართველოში.

ამის შემდეგ ვახტანგს დიდხანს აღარ უცოცხლია — 1308 წელს აღესრულა „მუცლის სალმობით“. დმანისს დაკრძალეს უმამაცესი და უიღბლო მეფე, რომელიც ნადვილად არ იყო დიდი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ სიმამაცითა და სამშობლოსადმი ერთგულებით ნამდვილად გამორჩეული ფიგურა გახლდათ იმ შავბნელ ეპოქაში.

ყველა ახალი ამბავი
0