09:22 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
197 0 0

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც.

ივან დანილოვი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკელ IT-გიგანტებს შორის (როგორებიც არიან Facebook, Google და Amazon) დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი მზად აღმოჩნდა, გაეწირა შტატებსა და ევროკავშირს შორის დღემდე შემორჩენილი ტრანსატლანტიკური სოლიდარობისა და კეთილი ნების ნარჩენები, რათა დაეცვა ამერიკული კორპორაციების შემოსავლები ევროპელი საგადასახადო ორგანოებისგან. 

ძველმა კონფლიქტმა, რომელიც მრავალი წელი მწიფდებოდა, მიაღწია დონეს, როდესაც ევროკავშირი და აშშ უკვე შეუფარავად აყენებენ ერთმანეთს მილიარდობით დოლარის მტკივნეულ ფინანსურ დარტყმებს. ევროკავშირი ცდილობს „კუთხეში მიიმწყვდიოს“ ამერიკული კორპორაციები, რომლებიც ათწლეულები მუშაობდნენ ევროკავშირში დაუბეგრავად, აშშ კი გეგმავს ევროკავშირის დასჯას მინიმალური ფისკალური სუვერენიტეტის მოპოვების მცდელობისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ ნამდვილად მიზანში გაარტყა – შურისძიება ზუსტი გამოუვიდა იმ გაგებით, რომ სწორად გამოიცნო თავისუფლებისკენ ევროპული ნახტომის კონკრეტული ავტორი და „თავხედი“, რომელმაც გაბედა და თქვა, რომ „აშშ-ის ევროპულ კოლონიებში“ მომუშავე ამერიკული IT-ბიზნესი უნდა იხდიდეს გადასახადებს. ამ იდენტიფიკაციას კი აშშ-ის საპასუხო ზომები მოჰყვა.

„Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ის დაბეგვრის“ ავტორი და სულისჩამდგმელი აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ხშირად საუბრობს ევროპის, როგორც მსოფლიო ძალის პოლუსის აღდგენაზე და, შესაბამისად, თეთრი სახლის სამიზნე კომპანიების სია იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ელისეს სასახლეს მაქსიმალური დისკომფორტი ეგრძნო.

ამერიკული ფინანსური ტელეარხი CNBC იუწყება:

„ფრანგული ლუქს კომპანიების (სეგმენტში მომუშავე - ავტ.) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი ტარიფების დაწესება ამ კატეგორიის ზოგიერთ საქონელზე.

ახალი ტარიფების შესაბამისად, რომლებიც იანვრის ბოლოდან ამოქმედდება, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა შეძლებს მოსაკრებლის 100%-ის ამოღებას საფრანგეთიდან ასეთი საქონლის იმპორტზე. სავარაუდო თანხა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. ფრანგული აქციების ვარდნა შეეხო კომპანიებს, რომლებიც ფლობენ Louis Vuitton-ს, Hennessy-ს, Hermes-ს, Christian Dior-ს, Gucci-ს, Yves Saint Laurent-სა და Balenciaga-ს".

„ასი პროცენტი – საკმაოდ ბევრია“, – განუცხადა ამერიკულ The Wall Street Journal-ს ბრუნო პავლოვსკიმ, Chanel-ის სახლის პრეზიდენტმა. „ეს ტარიფი არაა. ასი – ჯარიმაა“, – დასძინა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები ამ გადაწყვეტილების საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ყველაფერში დამნაშავე მაკრონია, რომელსაც თითქოს ძალიან უნდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია. ეს ბრალდება გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ტრადიციულად პატრიოტულად განწყობილ ამერიკულ მასმედიაშიც კი.

„შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრანგული გადასახადის სტრუქტურა უსამართლოდაა მიმართული მსხვილი ამერიკული ინტერნეტ-კომპანიებისკენ – Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისკენ. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ გამონახონ შემოსავლების მიღების მეთოდები ისეთი ფირმებისგან, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ“, – იუწყება გამოცემა Politico.

ტრამპის მხრიდან შურისძიების ინსტრუმენტის არჩევა ალბათ იმას უკავშირდება, რომ „ფრანგული ლუქსი“ ითვლებოდა იმედის კუნძულად და მშვიდ ნავსაყუდელად ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ყველაზე შეძლებულ მომხმარებლებთან მომუშავე ფრანგული კომპანიები იდეალურად იყვნენ დაცული როგორც კორონავირუსული ეპიდემიის ზემოქმედებისგან, ისე სავაჭრო ომების რისკებისგან.

ღრმა ეკონომიკური კრიზისის შავ ფონზე ასეთი კომპანიები აღვივებდნენ იმედის ნაპერწკალს და წარმოადგენდნენ იმის სიმბოლოს, რომ ქვეყანას, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს გერმანიას ან ჩინეთს ტრადიციულ მრეწველობაში, მაინც აქვს რაღაც კონკურენტული უპირატესობები საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიმბოლოს გათელვა – კომპანიებისთვის ფაქტობრივად ამერიკული ბაზრის ჩაკეტვის გზით – კარგი იდეაა, თუ ამოცანას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაშინება და ევროპულ საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა წარმოადგენს.

ფრანგებს სამაგიეროდ შეუძლიათ გადასახადების დაწესება ამერიკული კომპანიებისთვის (თუნდაც ნაციონალურ დონეზე), მაგრამ მოინდომებენ თუ არა, მაგალითად, გერმანელი ჩინოვნიკები (თუნდაც გერმანული ავტომობილების ექსპორტზე 100%-იანი ტარიფის მიღების რისკის ქვეშ დაყენების გზით) საერთო ევროპული გადასახადის შემოღებას – ეს სათუოა.

მეორე მხრივ, საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკურ კონფლიქტზე. ესაა დავა თავად ევროპელი პოლიტიკოსების სტატუსზე. გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც უთითებს ამა თუ იმ ტერიტორიის ფაქტობრივ კუთვნილებაზე, არის საკითხი – ვის უხდიან ადგილობრივი ბიზნესმენები გადასახადებს. ვისაც აქვს ამ გადასახადების დაწესებისა და ამოღების უფლება, სწორედ მის ხელშია ძალაუფლება კონკრეტულ ტერიტორიაზე. ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც უცხოელი ვაჭრები და მეწარმეები კონკრეტულ ქვეყანაში დაუბეგრავად ვაჭრობდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე აგებდა ომს ან უბრალოდ ხელს აწერდა კაპიტულაციის კაბალურ პირობებს სამხედრო ძალის გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.

შესაბამისად, როდესაც ამერიკული კომპანიები, პირობითად, საფრანგეთის ონლაინ-რეკლამისა და ინტერნეტ-ვაჭრობის ბაზარზე დომინანტ მოთამაშეებად ყალიბდებიან, იღებენ მილიარდებს ფრანგული კომპანიებისგან, თანაც საფრანგეთის ბიუჯეტმა ამ ვითარებაში შესაძლოა ერთი გროშიც ვერ მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთი – აშშ-ის კოლონიაა ან, სულ მცირე, არ ფლობს სრულ ეკონომიკურ სუვერენიტეტს. და მოკრძალებული, სამპროცენტიანი საურავის დაწესების გადწყვეტილება – არა იმდენად ბიუჯეტის შევსების, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობაა.

საფრანგეთის დასასჯელად ტრამპის ადმინისტრაციის გეგმას მხარი დაუჭირეს როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმაც – და ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია რუსეთისთვის, განსაკუთრებით, თუ ფრანგი პოლიტიკოსები უცებ საკუთარი ღირსების დაცვას გადაწყვეტენ.

სხვა თუ არაფერი, ამასწინანდელი მუქარის საპასუხოდ საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობათა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაეგრძელებინათ დასახული გზით სიარული და დაეცვათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების უფლება.

თუ სიტუაცია მომავალშიც ამ სცენარით განვითარდება, იმისგან დამოუკიდებლად, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საშემოდგომო არჩევნებზე, ურთიერთობები ვაშინგტონსა და პარიზს, ვაშინგტონსა და ბერლინს შორის კვლავაც გაუარესდება. სასაცილო იქნება, თუ ახლო მომავალში Chanel-ის სუნამოს და Hermes-ის ჩანთის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი მხოლოდ კონტრაბანდის დახმარებით შეძლებს, ევროპელებს კი ამერიკული სოციალური ქსელების ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ. ეკონომიკური დეგლობალიზაციის ჩანასახი საერთაშორისო კავშირების მყარ ბარიერს არღვევს.

იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გლობალიზებული ეკონომიკის დღევანდელი სისტემა არ აძლევს ხელს, ეს ბოლო და სერიოზული შანსია, გამოასწორონ წარსულის შეცდომები და უფრო მოსახერხებელი პოზიცია გამონახონ დეგლობალიზებულ მომავალში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები