19:00 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
რეალური ისტორიები (35)
43850

საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ისტორია მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, ვიცით დიდ მეფეთა „საქმენი საგმირონი“, ვიცით ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ამბები.

მემატიანეებმა შემოგვინახეს ათასი ჯურის დამპყრობელთა მიერ გავერანებული ქვეყნის ათასგზის ხელახლა ფეხზე წამოდგომის და იმავე მტარვალთა ბედისწერად ქცევის შესახებ ამბები.

დღეს მინდა გიამბოთ ჩვენი ქვეყნის ერთი ულამაზესი კუთხის - აჭარის შესახებ, რომლის ისტორიაც უამრავი ჩვენი წინაპრის სისხლით არის გაპოხილი. ამბავი კი მოვისმინე თურქეთში, ყარსის ვილაიეთის ერთ-ერთი ყადის (მოსამართლე) ოჯახში სტუმრობისას. სანამ თავად მასპინძლის ნაუბარზე გადავალ, ჩემ იქ მოხვედრასა და მშვიდობიანად „გადარჩენაზე“ მოგითხრობთ. 

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს თურქეთში გადასვლა შესაძლებელი გახდა. ჟურნალისტის რანგში მოვხვდი დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის ოფიციალური მისია (არაოფიციალური ჩემთვის უცნობია) ყარსის რეგიონში ისტორიული ძეგლების მონახულება გახლდათ. ჩასვლიდან მესამე საღამოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ოთარმა (გვარს ვერ დავასახელებ) ადგილობრივებთან შეხვედრაზე წასვლა შემომთავაზა. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რამდენიმე ბოთლი ქართული კონიაკი პარკში ჩავალაგე და გავყევი.

პატარა ქალაქში რამდენიმე წრე დავარტყით, ჩაბნელებულ შუკებში კინაღამ ცხვირ-პირი დავიმტვრიეთ და, როგორც იქნა, ერთსართულიან, თუმცა საკმაოდ ფართო სახლში შევედით. თეთრებში გამოწყობილმა ჭარმაგმა მასპინძელმა (როგორც მოგვიანებით გავიგე, ადგილობრივი ყადი გახლდათ) შინ შეგვიპატიჟა, სადაც თავისი სამი ვაჟი გაგვაცნო. მალე მაგიდას მივუსხედით, ტრადიციული ჩაი, ფახლავა მოგვართვეს და აქ დავუშვი შეცდომა, რომელიც კინაღამ ძვირად დამიჯდა... პარკიდან ამოვალაგე საჩუქრად წამოღებული ქართული კონიაკი და ამაყად მივაჩოჩე მასპინძლის ვაჟებისკენ. ჩემდა გასაოცრად, ძმათაგან უფროსმა ცივად უკანვე მომიჩოჩა ძღვენი და ქართულად დაამატა, ჩვენ მაჰმადიანები ალკოჰოლს არ გეახლებითო.

ვაჟა-ფშაველაზე გაზრდილს არ მესიამოვნა და მკვახედ ვუპასუხე, ჩვენ, ქართველ ქრისტიანებს ერთი ანდაზა გვაქვს — „ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ“. თუ რამ არ მოგწონს, ჩვენი წასვლის შემდეგ შეგიძლია ნაგავში გადაუძახო-მეთქი. 

ბრაზისგან სახეწამოწითლებულ ძმებს შევატყვე, ერთი სული ჰქონდათ, ამ კონიაკის ბოთლების სიმყარე ჩემს თავზე გამოეცადათ. მაგრამ საქმეში მამა ჩაერია — ხელის ერთი მოძრაობით შვილები ადგილზე დააბრუნა, მეორეთი საკინძე შეიხსნა, ძეწკვზე ჩამოკიდებული ოქროს ჯვარი ამოიღო და ემთხვია. მერე ბიჭებს გადახედა და ამათაც იგივე გაიმეორეს. ენა ჩამივარდა, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ მასპინძელმა დაარღვია და სწორედ მისი ნაუბარი მინდა მოგითხროთ:

„ყარსი ძველად ქართველების ქალაქი იყო, გარშემო სულ ქართველები ცხოვრებდნენ. ყარსის იქითაც საქართველო ყოფილა. ჩვენი წინაპარი, აქაური აზნაური გოგიტიძე თათრის მოსვლისას ფაშად დაუნიშნავთ იმ პირობით, რომ თუ თვითონ გათათრდებოდა, მოსახლეობას ქრისტიანად დარჩენის ნებას მისცემდნენ. ამასაც რა გზა ჰქონდა, დათანხმებულა. თუმცა, სახელად სეიდ ფაშა გოგიტიძე უჩუმრად ჯვარს მაინც ატარებდა.

გეცოდინებათ, ყმაწვილო, რომ საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ, დიდაჭარიდან, რომელიც მემლექეთის (ასე მოიხსენიებენ სამშობლოს თურქეთელი ქართველები) სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია ანდრია პირველწოდებულმა, აქვე ააგო პირველი ეკლესიაც. ისიც გეცოდინებათ, რომ ქრისტეს მეთორმეტე მოციქული მატათა თქვენს აჭარაში, გონიოს მიწაზე განისვენებს.

ჩვენი წინაპრები მართალი ქრისტიანები იყვნენ. არ გასულა დიდი ხანი სეიდ ფაშას გამაჰმადიანების შემდეგ და ოსმალის ფადიშაჰისგან ბრძანება მოსულა, რომ ქართველები მთლად უნდა გაამაჰმადიანოთო. ამაზე ყაბულს არც ფაშა იყო და არც ერი. ყარსელ ქართველობას ოსმალთა წინააღმდეგ ჩხუბი დაუწყია. დიდძალი ქართველობა გამწყდარა, მაგრამ არც ოსმალთ დასდგომიათ კარგი დღე, მრავალი დახოცილან. მაგრამ მალე მოშველებია ახალი ჯარი და ამათ გაუმარჯვნიათ. 

ამ მარცხის შემდეგ სეიდ-ფაშა გოგიტიძე თავისი ხალხით აჭარაში გამოქცეულა, რადგანაც აჭარა მაშინ საქართველოსი იყო. აქ ქართველი მეფე იჯდა. სოფელ ვაიოში დასახლებულა. აქ გაუმაგრებია თავი და აქედან ებრძოდა ოსმალთ. აჭარელთ დიდი ხანი შეუნახავთ რჯული. ყარსში დარჩნენ სეიდ ფაშას ძმები — ომერ და დურსუნ გოგიტიძეები. ომერი იყო ჩვენი დიდი წინაპარი. ომში გადარჩენილები თათარს ერთად შეუყრია, ერთ მხარეს ქრისტეს ხატი დაუდეს, მეორე მხარეს ყურანი და უბრძანეს, ხატს მიაფურთხეთ და ყურანს ემთხვიეთ, სხვაგვარად ყველას დაგხოცავთო. ხატის გვერდით იყო თავ-საკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები თავ-საკვეთით აღჭურვილნი. ბევრმა უარი თქვა და იქვე ჩახოცეს უწყალოდ.

ბოლოს ესენიც გამაჰმადიანებულან. ოსმალმა ხოჯა-მოლები გამოგზავნეს, ეკლესიები დააქციეს, მღვდლები გამორეკეს, ზოგი გაათათრეს, ქართულად ლაპარაკი აკრძალეს და აქაურებიც, რადგან მომხრე და ქომაგი არავინ ჰყავდათ, ძალაუნებურად თათრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. ნელ-ნელა თათრულს შეეჩვივნენ, მაგრამ ქართული არ დაგვვიწყებია, არც ენა და არც ადათ-წესი, სტუმრის პატივისცემაც ვიცით და მასპინძლის მოვალეობაც“...

თავი დამნაშავედ ვიგრძენი ამ ისტორიაგამწარებული ხალხის წინაშე, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ისევ მასპინძელმა მიშველა - უფროს ვაჟს ანიშნა და იმანაც კონიაკის ბოთლი გახსნა, საშუალომ ჭიქები მოგვაშველა, უმცროსმა კი შემოსასვლელი ჭიშკარი გადაკეტა და თავადაც იქ დარჩა.

დანარჩენის მოყოლა არც ღირს, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. გამთენიას გამოგვაცილეს ყარსელმა გოგიტიძეებმა, მხარზე ვეამბორე მხცოვან ყადის და მოვუბოდიშე უტაქტო საცქიელისთვის. გამიღიმა, არაფერი შეგშლია ყმაწვილო, ჩვენ გვაპატიე, რომ ფესვებს მოწყვეტილებს ხანდახან ქართული წესი გვეშლებაო, ჩამჩურჩულა...

თემები:
რეალური ისტორიები (35)

მთავარი თემები