რეციდივისტის საქვეყნო ფიცი და შეწყალების უცნაური ისტორია: ნამდვილი ამბავი

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააპარატოში მე და კახას ცრემლით გვქონდა თვალები სავსე. მონიტორში ვხედავდით, როგორ იმშრალებდა ბორია წანწკარით მომდინარე სისველეს. სრული სიჩუმე დარბაზში დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა...

გემახსოვრებათ, 1995 წლიდან ვიდრე 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა გადაცემა „ფორტუნა“, სადაც ახალდაქორწინებული წყვილები თავიანთი სიყვარულის ისტორიასაც ჰყვებოდნენ და ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ ინტუიციით კარტების გამოცნობაში.

გადაცემა ბრიტანული პროდუქტი იყო. საქართველოში მის ჩამოტანაში და ქართული ვერსიის ხორცშესხმაში „დამნაშავე“ იმ დროს საქტელერადიოს თავმჯდომარის მოადგილე და ცნობილი ტელერეჟისორი კახა (გიორგი) კახაბრიშვილი გახლდათ. სწორედ კახამ მიმიწვია ამ თამაშის რედაქტორად. გადაცემის წამყვანი კი მისი სული და გული, მსახიობი ბორის წიფურია გახლდათ. 

მწერალი საბეჭდ მანქანასთან - Sputnik საქართველო
ქოლერის ეპიდემია თბილისში და ფეხბურთის „მსოფლიოს ნაკრები“: საოცარი ნამდვილი ამბავი

„ფორტუნას“ ისტორიიდან ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო: ერთხელ, საღამოს კახასთან შევიკრიბეთ. ბორიამ შემოგვთავაზა, გადაცემისთვის ციხეში მოვძებნოთ წყვილებიო. იდეა მოგვეწონა და მეორე დღიდანვე შევუდექით საქმეს. ჩავრთეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და, ბოლოს და ბოლოს, შევარჩიეთ ორი მსჯავრდებული. ერთი — სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, მეორე — ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც ბედის უკუღმართობამ გადაადგმევინა მცდარი ნაბიჯი. როგორც გავარკვიეთ, ორივეს ჰყავდა შეყვარებული, რომლებიც მოთმინებით ელოდნენ თავიანთი საბედოების გათავისუფლებას, რომ ჯვარი დაეწერათ. გადაცემის ჩაწერას, როგორც წესი, მაყურებელი არ აკლდა, მაგრამ იმ დღეს ტელევიზიის პირველ სტუდიაში იმდენი მსურველი მოგროვდა, იძულებული გავხდით, ბევრისთვის უარი გვეთქვა.

ორივე პატიმარი ბადრაგმა მოიყვანა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 10 წლის განმავლობაში მსგავსი ემოციური გადაცემა არ გაგვიკეთებია. ახლა დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.

სრულიად მოულოდნელად რეციდივისტის შეყვარებულმა ბორიას სთხოვა, ნება მომეცით, ავთოს (მსჯავრდებული) მივმართოო. 20 ნოემბერი იყო, „ფორტუნა“ კი 23-ში, გიორგობას უკვე დამონტაჟებული უნდა გასულიყო ეთერში. ქალბატონს მანანა ერქვა. მივიდა ბორიასთან და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: ავთო, გულზე ჯვარი გკიდია, ქრისტიანი კაცი ხარ, ამ გიორგობის დღესასწაულზე მომეცი პირობა, რომ აღარასოდეს მოხვდები ციხეში და სიკვდილამდე შენი ერთგული და მოსიყვარულე ცოლი ვიქნებიო. 

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
რუსი გალიას ქორწილი ქუთაისში და ავთოიას საბუთი: ნამდვილი ამბავი

უეცრად მეორე, სრულიად ახალგაზრდა გოგონა შეუერთდა „კოლეგას“ და იმანაც თავის შეყვარებულს მიმართა: გურამ, თუ დაიფიცებ, რომ კანონს აღარასდროს დაარღვევ, ბევრ შვილს გაგიჩენ და პირობას გაძლევ, შენზე ადრე არ მოვკვდებიო.

სააპარატოში მე და კახას ცრემლით გვქონდა თვალები სავსე. მონიტორში ვხედავდით, როგორ იმშრალებდა ბორია წანწკარით მომდინარე სისველეს. სრული სიჩუმე დარბაზში დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ერთი წუთი თითქოს არაფერია, მაგრამ ტელევიზიისთვის ეს უზარმაზარი დროა, ხოლო სიჩუმე ეთერთან ვერ თავსდება. ოპერატორებმა ივაჟკაცეს და საოცარი ემოციები აღბეჭდეს...

უეცრად ორივე მამაკაცი ერთდროულად მიუახლოვდა ბორიას გვერდით მდგომ ქალბატონებს, მუხლებზე დადგნენ და დაიფიცეს, არა მარტო ამ ორი დიდებული ქართველი ქალის, არამედ მთელი საქართველოს წინაშე… 

მერე კიდევ უფრო მაგარი რამ მოხდა: 25 ნოემბერს, ჩვენთვისაც მოულოდნელად, ედუარდ შევარდნაძემ ორივე მსჯავრდებული შეიწყალა!

როგორც გაირკვა, „ფორტუნას“ იმ დროის საქართველოს ხელისუფალნიც სიამოვნებით უყურებდნენ.

P.S. წესად გვქონდა, ქორწილებში მიპატიჟებას არ ვიღებდით. ეს ტაბუ არც იმ ჯერზე დაგვირღვევია. თუმცა, ერთი წლის შემდეგ საქართველოს ორ პატარა ქალაქში ორი ვაჟკაცი რომ მოინათლა, ნათლიებს შორის, ბორის წიფურიასთან და კახა კახაბრიშვილთან ერთად, ამ სტრიქონების ავტორიც იყო.

ყველა ახალი ამბავი
0