ქოლერის ეპიდემია თბილისში და ფეხბურთის „მსოფლიოს ნაკრები“: საოცარი ნამდვილი ამბავი

CC0 / Pixabay / მწერალი საბეჭდ მანქანასთან
მწერალი საბეჭდ მანქანასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ამბავი კი კორონავირუსის პანდემიამ გამახსენა, რომელსაც ბევრ წელში გამართულ ქვეყანაზე უფრო მომზადებულები შევხვდით.

1970 წელია, საზაფხულო არდადეგები კარს მოგვადგა და ერთი სული გვაქვს, სადმე გვიკრან თავი მშობლებმა. ივლისის ერთ მშვენიერ დღეს მამამ გამომიცხადა, ორი საგზური გიშოვე ციხისძირის სანატორიუმ „ნაუკაშიო“. მაშინ მოდაში უფრო აფხაზეთის ზღვისპირეთი იყო, თუმცა ამასაც არა უშავდა და ერთ კვირაში ბავშვობის მეგობართან ერთად ციხისძირში, ხსენებული სანატორიუმის დირექტორის (მამას მეგობარი აღმოჩნდა) განკარგულებით, „ლუქსში“ გაგვამწესეს.

ვეჭვობ, იქაური პერიპეტიები დიდად არ დაგაინტერესებთ, ამიტომ მთავარზე გადავალ. საგზურს ვადა რომ გაუვიდა, წამოსასვლელად ვემზადებით და უეცრად გამოცხადდა, რომ თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა და ქალაქში არავის უშვებენო. სამი დღე კი „შეგვინახა“ დირექტორმა, მაგრამ, აბა, რა გაგვაჩერებდა და გამოპარვა გადავწყვიტეთ. ვაღიარებ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავით, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდით ამას, თან დაავადებას კი არ გამოვექეცით, პირიქით, ეპიცენტრში, ახლობლების გვერდით გვინდოდა ყოფნა. 

დარეჯანის სასახლე - Sputnik საქართველო
ამერიკელი სიძის თბილისური გამოცდა: ნამდვილი ამბავი

ტრასაზე სატვირთო მანქანა შევნიშნეთ, რომლის მძღოლიც მაღაზიაში შევიდა. ჩვენც მაშინვე ავძვერით ძარაზე, ბრეზენტი გადავიფარეთ და ბედს მივენდეთ. როგორც გაირკვა, მანქანა ქუთაისში მიდიოდა. ჩემმა მეგობარმა ზურამ დამამშვიდა, წყალტუბოში ჩემი ბიძა ცხოვრობს, ერთი დღე მასთან გავჩერდეთ და რამეს მოიფიქრებსო. ასე აღმოვჩნდი დიდებული პიროვნების კონსტანტინე ფხაკაძის ოჯახში.

იმერული სტუმართმოყვარეობის აღწერისგან თავს შევიკავებ და გიამბობთ ამ კაცის საოცარ თავგადასავალს, რომლის მოსმენაშიც ფრიად დამეხმარა დალოცვილი ცოლიკაური. თქვენი ნებართვით, თხრობას მონოლოგის რეჟიმში განვაგრძობ.

„მეორე მსოფლიო ომი დასასრულისკენ მიდიოდა. ომამდე ფეხბურთელი გახლდით, დედის წყალობით გერმანულიც ვიცოდი და ორივე საოცრად გამომადგა, როცა 1944 წელს ტყვედ ჩავვარდი და დასავლეთ გერმანიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ამოვყავი თავი. ბანაკის უფროსი, გვარად შტრაუსი საკმაოდ ლმობიერი კაცი გამოდგა და ტყვეების წამება-დახვრეტა იქ პრაქტიკულად არ ხდებოდა. ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბების უფლებაც მოგვცა და საკმაოდ კარგი გუნდიც შევკრიბე: ექვსი ქართველი, ორი პოლონელი, ერთი სომეხი და ოთხი რუსი გავაერთიანე და გერმანელ ზედამხედველებს „ტყავს ვაძრობდით“.

მუსიკის გარდა შტრაუსს ჭადრაკიც უყვარდა. მე დიდი მოჭადრაკე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ იმასთან შედარებით კაპაბლანკა ვიყავი. ყველა მოგებულ პარტიაზე ერთი ნაჭერი პური და სალა მერგებოდა, წაგების შემთხვევაში კი ქართული სიმღერა უნდა მემღერა. მართალია, სიმღერა ჭადრაკზე ბევრად ნაკლებად მეხერხებოდა, მაგრამ დიდი დატვირთვა არ მქონია. 

ვერის ბაღი  - Sputnik საქართველო
„სპრავედლივი“ გარჩევა ვერის ბაღში და გამართლებული ჟურნალისტები – ნამდვილი ამბავი

დღის ბოლოს ჩემი ფეხბურთელები მოუთმენლად მელოდნენ, რომ კარგად დანაყრებულიყვნენ. ერთი-ორჯერ შოკოლადის ფილასაც კი გამოვკარი ხელი. მოკლედ, გაუსაძლისი ჩვენს მდგომარეობას არ ეთქმოდა.

ომი მთავრდებოდა, როცა ერთ დილას აღმოვაჩინეთ, რომ ბანაკში გერმანელების ჭაჭანება არ იყო. თურმე ქალაქი ამერიკელების ხელში გადასულიყო და ჩვენი შტრაუსი თავის ქვეშევრდომებთან ერთად სადღაც აორთქლებულა.

უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 7 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. ქალაქში გერმანელები აღარ იყვნენ, მაგრამ ამერიკელებიც ჯერ არსად ჩანდნენ. ჩემმა სომეხმა მეკარემ და ერთმა პოლონელმა რომელიღაც ბანკის ვიტრინა შეამტვრიეს, გვარიანად ფული გამოიტანეს და საიმედო ადგილზე დამალეს (ეს მოგვიანებით გავიგე, როცა ამერიკელების დროებითი ბანაკი დავტოვეთ). უკვე ვიცოდით, რომ უკან, საბჭოეთში დაბრუნებულებს ციმბირი გარანტირებული გვქონდა, ამიტომ როდესაც ამერიკელებმა დასავლეთში დარჩენა შემოგვთავაზეს, დიდხანს არც გვიფიქრია, ისე დავთანხმდით.

რუსი გალიას ქორწილი ქუთაისში და ავთოიას საბუთი: ნამდვილი ამბავი>>

ექვს თვეში უკვე თავისუფლები ვიყავით. საგულდაგულოდ შენახული ფული ავიღეთ და მთელი გუნდით აფრიკაში, ალჟირში ამოვყავით თავი. საჭირო საფეხბურთო ეკიპირება ჯერ კიდევ ევროპაში შევიძინეთ, პროფესიონალ ფეხბურთელთა „მსოფლიოს ნაკრებად“ მოვინათლეთ და ადგილობრივ გუნდებთან სპარინგებს ვმართავდით. იმ დროის ალჟირში ფეხბურთი ის-ის იყო, ფეხს იდგამდა, სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ, ოღონდ მათთან გვეთამაშა. რა თქმა უნდა, მთელ შემოსავალს ჩვენ ვისაკუთრებდით და ასე გაგვქონდა თავი.

მალე მოწვევები მოგვივიდა მაროკოდან და ტუნისიდან და არც იქ შეგვირცხვენია „მსოფლიოს ნაკრების“ სახელი. ასე გაგრძელდა მთელი 7 წელი. რაღაც ქონება ყველამ დავაგროვეთ, პოლონელები სამშობლოში დაბრუნდნენ, სომეხმა პორტუგალიაში მაღაზია გახსნა, რუსები საფრანგეთში გადაბარგდნენ, აი, ქართველებს კი ჩვეული სენი შემოგვაწვა, ნოსტალგია რომ ჰქვია და უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ. შემდეგ რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია — 10 წელი პატიმრობა მოგვისაჯეს, თუმცა სტალინის გარდაცვალების მერე რაღაც ამნისტია შეგვეხო და გაგვათავისუფლეს...“

ბატონმა კოტემ თხრობა გამთენიას დაასრულა. რაც შეეხება ჩვენ თბილისში დაბრუნებას, ესეც მოხერხდა. ავტობუსის მძღოლმა გაგვაფრთხილა, შავშვებში მილიციის კორდონია, ჩამოგსვამთ, ტრასიდან ზემოთ ადით, სოფელ-სოფელ მოუარეთ და ერთ კილომეტრში ისევ ტრასაზე ჩამოდით, იქ დაგელოდებითო. ასეც მოხდა და მალე შინ ვიყავით.

ეს ამბავი კი კორონავირუსის პანდემიამ გამახსენა, რომელსაც ბევრ წელში გამართულ ქვეყანაზე უფრო მომზადებულები შევხვდით და აუცილებლად ისევე დავამარცხებთ, როგორც წყალტუბოელმა კოტე ფხაკაძემ აჯობა გერმანელ შტრაუსს.

ყველა ახალი ამბავი
0