12:08 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701
პირიქითა ხევსურეთი

სამძიმარ-ხელი, ყელღილიანი - ხევსურთა ღვთაება და ხახმატის ჯვრის მოდე

photo: courtesy of Paata Vardanashvili
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (312)
14040

ძველ ქართულ მითოლოგიაში უმთავრესად ორი დაპირისპირებული მხარეა: დევები და ხთისშვილები, ანუ ბოროტი და კეთილი. ბუნებრივია, ამათ გარდა არიან სხვებიც — ჩვეულებრივი მოკვდავები, ქაჯები, ჭინკები და ა.შ. ესენი ძირითადად დამხმარე პერსონაჟებად უფრო გვევლინებიან.

თუმცა ქართულ მითოლოგიაში გვხვდებიან „დობილები“, ანუ ხევსურულად მოდეები, რომელთაც საკმაო გავლენა გააჩნდათ. ანდრეზებში ყველა ხატს თავისი დობილი ჰყავს. ხალხის თქმით, მას „ელჩობა მაუდიოდა“, ანუ გარკვეულწილად  მფარველობდა ადამიანებს. 

დობილთაგან ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სამძიმარი აღმოჩნდა. მის სახელს ბევრი ლეგენდა უკავშირდება. დანარჩენი დობილებისა კი მხოლოდ სახელებიღა შემორჩა ხალხის ხსოვნას. სამძიმარი, ან სამძივარი ხახმატის გიორგიმ ქაჯეთიდან გამოიტაცა სხვა ექვს ულამაზეს ქალ−ქაჯთან ერთად. სამძიმარი გიორგი ნაღვარმშვენიერის დობილი, ანუ მოდეა. თუ ხატი თავის საყმოზე განრისხდებოდა, საყმოს ინტერესებს მასთან სამძიმარი იცავდა და შუამდგომლობდა ხალხს, რომ გიორგის გული მოლბობოდა. სამძიმარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ უტოლდებოდა თავის მოძმე ჯვარს.

ხახმატის ჯვარში ძირითადად ორ სალოცავს სცემენ თაყვანს: ერთი იყო გიორგი ნაღვარმშვენიერი, მეორე — სამძიმარ-ხელი ყელღილიანი. სამძიმარი განაწყენებულ ჯვარს ევედრებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ და არ მოეშვებოდა, სანამ გულს არ მოულბობდა. ანუ დედა-ქალღმერთივით მფარველობდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სამძიმარი ქაჯავეთიდან იყო მოყვანილი, მას ხალხი „ღვთის ნასახად" მოიხსენიებდა. რაც შეეხება მის სახელს — სამძიმარ-ხელი ყელღილიანი, გადმოცემით, სამძიმარს „დიდ ყელსაბედ სდებივ“. ამ ყელსაბამს უკავშირებს ზოგი მეცნიერი ქალღმერთის სახელწოდებასაც — სამძივარი, ანუ მძივის მფლობელი. სამძიმარს ტანი მზესავით ულაპლაპებს, ვისაც ის დაუახლოვდებოდა, ყისმათიან-იღბლიანი ხდებოდა. მას რამდენიმე მუდმივი ეპითეტი აქვს: ხელი (ხევსურები ხელს ეძახიან მხიარულ, თამამ და ლამაზ ქალს), ყელღილიანი და ქაჯის ქალი. ის მიმზიდველი არსებაა, უყვარს სამკაულების ტარება, კოპწიაობა, ხალხური ლექსი ასე გვაცნობს სამძიმარს: 

„მე ვარ ხელსამძიმარიო,

მე ვარ ქაჯის ქალიო,

ვაჟიერებ ჩემ ღილ-ქამარსაო,

ოქროსთმიანი და ოქროსქოშებიანიო,

მაშინ ძლივ მქონდა შაძლებაიო,

ვიარებოდი ქალივითაო,

ნაოჭიანი ჩავიცვიდიო,

ქოქომონ გავაბრიალნიდიო“.

სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს. იგი ყოველთვის სატრფიალოდ არის განწყობილი და საცოლე ჭაბუკებს თავბრუს ახვევს.

ანდრეზებში, სამძიმარის მიჯნურთა მთელი წყება სახელდება. ამ სასიყვარულო კავშირებით სამძიმარი თავის პარტნიორებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ მასთან სექსის შემდეგ ვაჟებს სხვა ქალზე ქორწინება სამუდამოდ ეკრძალებათ. სამძივარი პარტნიორთა სიმრავლეს საამაყოდ მიიჩნევდა. ის თვითონ ეტანებოდა მამაკაცებს, რასაც ხმამაღლა აცხადებდა: 

„აბულეთაურთ საღირასაო

საცოლედ ვეწონებოდიო,

ჩავეხვივიდი−ჩავუწვიდიო,

ძუძუ-მკერდს გამავიხვიდიო“.

გარეგნობის შეცვლა სამძიმარის ერთ-ერთი თვისებაა. იგი სხვა ქალის სახითაც ეცხადებოდა სატრფოებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ ქალ-ღვთაებასთან ჰქონდათ უერთიერთობა. ამით ის იცავდა თავისი სასიყვარულო კავშირის საიდუმლოს. მაგრამ როგორც კი გამჟღავდნებოდა მისი ზებუნებრივი წარმომავლობა, მაშინვე ტოვებდა იქაურობას.

სამძიმარის ერთი შეხებაც კი ამრავლებს პროდუქტს, რაც მის ნაყოფიერების უნარზე მეტყველებს. რძის პროდუქტების უბარაქობისა და საქონლის ზარალის შემთხვევაში, ხევსური ქალები სამძიმარს ევედრებოდნენ. ქაჯავეთიდან ნადავლად წამოყვანილ საქონელსაც სამძიმარი და მისი დობილები მწყემსავდნენ. სამძიმარს ევედრებოდნენ უშვილო ქალები და მექორწილენიც. მისთვის ამზადებდნენ საგანგებო პურებს, ვინაიდან იგი ბედის გამრიგეც იყო. შეიძლება ითქვას, რომ სამძიმარი ბევრი ნიშნით ენათესავება კოლხურ მითოლოგიაში გავრცელებულ დალის ღვთაებას.

დობილები, ანუ მოდეები ბოლომდე სიკეთის განსახიერებებიც არ ყოფილან, გაბრაზებაც შეეძლოთ და ზოგჯერ კაცთა მოდგმას უბედურებასაც შეჰყრიდნენ. ხევისბერები მოდეებს ასე ახასიათებდნენ:

„ ციხე-კარის ანგელოზნი, მოლაშქრე და-დობილნი, თუ ჯვრის წინაშე ყმებს ექნებათ უწმინდურება და არ ასრულებენ ჯვართ შემონათვალს, მაშინ და-დობილნი გაუჩენენ სახადს, წითელას, მიუსევენ მებალინჯეთ. ეს შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს“.

ასეთი გახლდათ ჩვენი წინაპრების თვალით დანახული ქალი ღვთაება, რომელზე ლეგენდებიც ხალხური ლექსების სახით არის შემორჩენილი. როგორც მოგახსენეთ, მეცნიერთა და მკვლევართა აზრით სამძივარი თავისი არსით კოლხურ დალის წააგავს. ჩემი მომდევნო წერილის თემაც ეს იქნება.

თემები:
იცით თუ არა, რომ... (312)

მთავარი თემები