ბერი ბუქნაი ბაადური იყო ერთ-ერთი ხვთისშვილი ქართულ მითოლოგიაში. წარმართულ ღმერთთა პანთეონში უმთავრესი მორიგე ღმერთის გაჩენილი. თურმე, მორიგეს 3000 ნასახი, ანუ ხვთისშვილი ჰყოლია და თითოეული 17 000 წელს ცოცხლობდა.
ხვთისშვილობა განსაკუთრებული ძალაუფლება და მოვალეობა იყო. მათ ევალებოდათ თავთავიანთი თემის მფარველობა. მსახურებიც ჰყავდათ ამისთვის — ქადაგი, მოენე, დობილები, ზოგს გველეშაპიც კი ემსახურებოდა. მაგალითად, გველისფერი და ცხენი. ლაშარის ჯვარს უხილავი ცხენი ჰყავდა.
ბევრი ღვთისშვილი ციდან ნათლის სვეტად არის ჩამოსული: შუქი ჯერ მაღალ მწვერვალზე ეცემა, მერე სოფელში რომელიმე ადგილს, სადაც ის საბოლოოდ არსდება. ამიტომ ხვთისშვილებს ორი საარსო აქვთ და ხალხიც ორ ადგილზე ლოცულობს: მთის წვერზე და მთის სოფელში. ესენი ერთმანეთს შიბების, ანუ ჯაჭვების მეშვეობით უკავშირდებოდნენ.
ფშაველ-ხევსურთა წარმოდგენით, ოქროს შიბები ხვთისშვილების სასიარულო ბილიკებია, რომლის საშუალებითაც ისინი სტუმრობენ ერთმანეთთან. მთელი ცა დაქსელილია უხილავი შიბებით, რომლებზეც განუწყვეტლივ მოძრაობენ ღვთისშვილები და მორიგე ღმერთის კარამდეც იმავე გზით ადიან...
საინტერესოა, რომ ასეთი შიბების ხილვა ჰქონია ვაჟა-ფშაველას დედას, რომელსაც თავად მოუყოლია ეს ხილვა:
„მე და ჩემ ბიძაშვილს ქალს სხლოვანს დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში, გავიხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორითა, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ მწკეპრ (წმიდა) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყური“.
ისევ მთავარ სათქმელს დავუბრუნდეთ. ბაადური იყო გმირი და ნახევარღმერთი (ისევე, როგორც ყველა ხვთისშვილი). ზოგი ვერსიით, დანარჩენი ხვთისშვილების ბატონი გახლდათ კოპალასთან ერთად და ავი სულებისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი. ბაადური, იგივე მოლაშქრე გუდანის ჯვარი, ხევსურული წარმართული პანთეონის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მთიელთა რწმენით, სახმთო გუდანის ჯვარის დროშა მტერთან ბრძოლაში წარმატების საწინდარია.
როგორც ყველა ხვთისშვილი, ბერი ბაადურიც მეომარია, მორიგე ღმერთისგან მას რკინის ჩექმები ერგო, თავზე თეთრი ქუდი და სამოსად შავ-თეთრი კაბა საყელოთი. მთავარ იარაღად კი „მათრახი დაელოცა სენსამსალაით გაფესვული“. სენსამსალა, სავარაუდოდ, საწამლავი უნდა იყოს. ხშირად „მებურთვალად“ მოიხსენიებენ, რაც, შესაძლოა, ცეცხლის ბურთით, ელვით მებრძოლსაც გულისხმობდეს. როცა მორიგე ღმერთმა ბერი ბუქნაი ბაადური (სახმთო გუდანის ჯვარი) დასახა, მას ბედის ბედაური დაულოცა:
„იმას მისცა მორიგე ღმერთმა საფერხედ თეთრი ცხენი, იმას დაუქვივნა სახელად ბედის ბედაური. ის არის იმის საკვეხური, ცის კივკავებში სახეთქები!“
როგორც მოგახსენეთ, ბერი ბაადური გუდანში დაარსდა, ის ძლიერ ღვთისშვილად მოიაზრება და მას მთელი ხევსურეთი ყმობს.
ბერი ბაადურისა და ცალთვალა დევ სუმბატის მტრობაზე ადრე გიამბეთ, ახლა ერთ ლეგენდასაც მოგახსენებთ.
ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მორიგე ცის გამგებელს ხვთისშვილი ბერი ბუქნაი ბაადური სულ ახალი მოვლენილი ჰყავდა მზისქვეშეთში, ათი უძლიერესი ავსული მართავდა ქვესკნელსა და მზისქვეშეთის დევ-ქაჯებს. ერთს სახელად სამსალა ერქვა. ძალითა და გრძნეულებით ბევრი სჯობდა, მაგრამ მოხერხებულობითა და ცბიერებით ყველასგან გამორჩეული იყო და ყოველთვის პირველობას ჩემულობდა.
ერთხელ ბერ ბაადურთან მივიდა და შესთავაზა, მოდი, სხვების თვალის ასახვევად შევებათ და თავი დამარცხებულად სცანიო. სამაგიეროდ, როცა ბნელთმეუფე გავხდები, დანარჩენ ცხრავე მმართველ ავსულს შენ ჩაგაბარებო. ბერი გააბრაზა სამსალას სიტყვებმა, ცეცხლოვანი მათრახი გადაუჭირა და ავსულს თვალისჩინი დააკარგვინა. მერე კი დაბრმავებული სამსალა ცოცხალი გაუშვა, რომ ყველასთვის გადაეცა, ხვთისშვილები ავსულებთან გარიგებაზე არ მიდიანო. სამსალამ თავისი გრძნეულება გამოიყენა და გონების თვალით დაიწყო ჭვრეტა, მაგრამ მისი ძალები უსაზღვრო არ არის, ახელილი გონების თვალით მხოლოდ ქვესკნელში ხედავს, მიწაზე კი კვლავინდებურად უსინათლოა.
ზოგი ვერსიით, ბაადურის სახე წმიდა გიორგის უკავშირდება, რაც ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ მოხდა. თავად ეს ფაქტი ამ ხატის სიძლიერეზე მიუთითებს და მისი კულტი დღემდე შემორჩენილია გუდანის წმიდა გიორგის ხატის სახელით. უძველეს დროში კი საკუთარი სალოცავი ჰქონია სანე-ღელეს მწვერვალზე. მერე საკულტო ადგილს გუდანში გადაუნაცვლებია.
სანეს ძველ სალოცავშიც დადიან წელიწადში ერთხელ (ივლისის ბოლო შაბათ-კვირას), მერე გუდანს გადადიან. გუდანის ზემოთ, სანეოზე უფრო ძველი სალოცავია, თუმცა მთავარი ეკლესიები გუდანშია. იქ ჩამოსულა პირველად ციდან ბაადური, იქ უმღერიან ხევსურნი: „საღმრთო ბერო ბაადურო, ადგილის თავ-სვეტის ანგელოზო“...