ქართული მითოლოგია: როგორ დაამარცხა კოპალამ ცალთვალა სუმბატ-დევი

CC0 / Pixabay / ძველი წიგნი
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოპალა ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს და თავიანთ მთავარ ბუდეში მიიყვანეს ციხეგორაზე. ერთ მათგანს უთქვამს, აბა, ეს ერთი ლუკმა ვის ეყოფა, ვაცადოთ, გაიზარდოს და მერე შევჭამოთო. მანამდე კი მოსამსახურედ დაიყენეს...

ქართული მითოლოგიური სამყარო გამორჩეულად ინდივიდუალურია. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები.

უკვე გესაუბრეთ სამყაროს შექმნის ძველქართულ ვერსიაზე, ხვთისშვილებზე და დევებთან მათ ბრძოლაზე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად ლეგენდებში ერთი და იგივე  გმირობა სხვადასხვა პერსონაჟებს მიეწერება.

ადრე გიამბეთ, რომ დევების სამყოფელი იახსარისა და კოპალას მეთაურობით ხვთისშვილებმა გაანადგურეს. თუმცა, გვხვდება ისეთი ვერსიებიც, სადაც მეთაურებად გიორგი ნაღვართმშვენიერი და პირქუში მოიხსენიებიან. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
დიდი საღვთო ომი დევებთან: ამბავი იახსარისა და კოპალასი

დევებთან, ანუ ბოროტ ძალებთან ბრძოლა ამ ერთი დიდი ომით არ დასრულებულა და იგი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა — ისევე როგორც ხვთისშვილთა ლოკალური დაპირისპირება ამა თუ იმ დევთან.

დღეს მინდა გიამბოთ მთიანეთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გმირ კოპალაზე, მაგრამ მანამდე ორიოდ სიტყვას დევებზეც მოგახსენებთ.

ქართული მითოლოგიისა და ფოლკლორის მთავარი  ბოროტი სულები, დევები, ბანჯგვლიანი   არსებები არიან — რქებითა და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რაოდენობა  მათი ძალის განმსაზღვრელი გახლდათ. მოკვეთილი თავის ადგილზე დევს ახალი ამოსდიოდა. ისინი მიწისქვეშეთის, ანუ ქვესკნელის მკვიდრები არიან,  მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ.

ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. მისდევენ მესაქონლეობასა და ნადირობას, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. ქალი დევები  ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.

თურმე ყოფილან კეთილი დევებიც, რომლებსაც მხოლოდ ერთი თავი ჰქონდათ და ადამიანებთან თანაცხოვრება არ უჭირდათ. 

კოპალა ხევსურთა ლოკალური ღვთაებაა ხვთისშვილთა რიგიდან.  ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. როგორც უკვე გიამბეთ, კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ.  მისი  მთავარი სალოცავი ლიქოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას.

ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისა და ზვავში მოყოლისგან.  მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ.

მისტიკა - Sputnik საქართველო
სამყაროს შექმნის ძველქართული ვერსია: ვინ შექმნა ქალი

კოპალა „ნახორცივლარი“ გმირია, ანუ ადრე ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს და თავიანთ მთავარ ბუდეში მიიყვანეს ციხეგორაზე — სოფელ აკუშთან ახლოს, არაგვის ხეობაში. ერთ მათგანს უთქვამს, აბა, ეს ერთი ლუკმა ვის ეყოფა, ვაცადოთ, გაიზარდოს და მერე შევჭამოთო. მანამდე კი მოსამსახურედ დაიყენეს.

ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ. ბევრს ამუშავებდნენ და თან ისეთ საქმეებს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. რომ წამოიზარდა, ერთ უკუნ ღამეს ციხიდან გაიპარა. გადაიარა მთები, ტყეები, ხევები და თიანეთში, იხინჭის ეკლესიაში მივიდა ბერებთან. იქ დილიდან საღამომდე ღმერთს ევედრებოდა, იმდენი ძალა მომეცი, დევებს ხალხის ხოცვა-ჟლეტა არ შევარჩინოო.

მორიგე ღმერთმა იცოდა ფშავ-ხევსურეთში უწმინდურთა მომრავლების ამბავი, ისმინა კოპალას ვედრება და მისცა დიდი ძალ-ღონე. იგრძნო ერთ დღეს კოპალამ, რომ ძალა მოაწვა მკლავებში, მისწვდა იფნის ხეს, მოსწია და ძირფესვიანად ამოგლიჯა. რაკი ძალა შეემატა, გადაწყვიტა დევებს შებმოდა. საომრად გაიმზადა ლახტი, რომელიც მეხივით ქუხდა და ცეცხლს აჩენდა.

მიადგა  კოპალა მისი გამამწარებელი დევების საცხოვრებელ ადგილს — ციხეგორს, და  იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო.

დევებმა შესთავაზეს — ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც.

უძველესი ქართული იარაღი - Sputnik საქართველო
დევებთან და ქაჯებთან მეომარი გმირები, ანუ უძველესი ქართული ღვთაებები

დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი. მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მივიდა. სანამ კოპალა და დევები  თანაბარი წონის ქვებს არჩევდნენ და შეჯიბრისთვის ემზადებოდნენ, ბეღელასთვის იახსარს შეეკრა გზა საპარავის ყელში, ლახტი დაეკრა და იქვე მოეკლა.

დაიწყო შეჯიბრი, რომლის მსაჯულიც, ზოგი ვერსიით, კვირია იყო. პირველად დევმა გაისროლა ქვა. მერე კოპალამ. მისი ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი იქიდან მაღაროსკაროს მახლობლად, კართანაში გადავიდნენ (არქეოლოგებისთვის ცნობილია კართანის სამაროვანი, რომელსაც, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც „დევების საფლავთ“ უწოდებენ).

ამ ისტორიას მეორე ვერსიაც აქვს:

ციხეგორელი დევები დიდ  სიპებზე დადგნენ და ისე ისროლეს სახლისოდენა ლოდები ციხეგორისაკენ. იქ კი ქაჯები დაეყენებინათ ნამალევად: თუ კოპალამ გვაჯობოს, მისი ნასროლი ქვა ჩვენი ნასროლი ლოდების აქეთ გადმოაგორეთო. კოპალამ თავისი ლოდი სამოცი ნაბიჯით გადააცილა დევების ნასროლს. ქაჯებმა დიდი წვალებით გადმოაგორეს კოპალას ქვა, მაგრამ ერთ უზარმაზარ ლოდს წამოედნენ და ძვრა ვერ უყვეს. დაეჯაჯგურნენ და ამ დროს კოპალაც  წამოადგათ თავს. გაცეცხლდა გმირი, ლახტით დაერია დევებს და სულ გაწყვიტა.

იმ დღიდან კოპალა ციხეგორში დასახლებულა და ხალხს სხვა ბოროტი ძალებისგან იცავდაო, ამბობენ.

კოპალას გმირობებზე არის კიდევ ერთი ლეგენდა. როგორც წესი, ღვთისკარზე ყველა ჯვარს თავისი ადგილი ქონდა და  მორიგე ღმერთისგან განსხვავებული ძალა და შეძლება ქონდათ მინიჭებული. „ნახორცივალ“ გმირებს განსაკუთრებული, უზენაესი დავალება ჰქონდათ დევების გასაწყვეტად მიღებული. ამ მხრივ კოპალა და იახსარი მეტს იბრძოდნენ და ძალაც მეტი ქონდათ ნაბოძები. კოპალა გუდანის ჯვარს სტუმრობდა თავის მეგობარ ბერ ბაადურს (ესეც ხვთისშვილი გახლდათ). იმ მხარეში ერთ ცალთვალა დევს უცხოვრია, სახელად სუბატს. იმხელა ყოფილა, „ზღვაზეც გადიოდა და მორევშიც ჯდებოდა მოსასვენებლადო“. ადამაინებსაც მტრობდა და ხვთისშვილებსაც. შეუპყრია ხახმატის ჯვარი — ქაჯავეთის დამრბევი გიორგი ნაღვარმშვენიერი და მერე ბერი ბაადურის სამყოფელსაც  მისდგომია სანეღელეს, აქაოდა, ადგილის თავ-სვეტის ანგელოზსაც ვიგდებ ხელთო. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა სვეტად კოპალა. დევს ის გუდანის ჯვარი ბერი ბაადური ჰგონებია და დასჭიდებია. თავის მხრივ, კოპალასაც თავისი მასპინძელი ბაადური ეგონა დევი და იფიქრა, მეხუმრება, დევის სახით დამხვდაო. თუმცა, მალევე  უკრავს კარატიონის  გმირს ლეშის სუნი და  დასხლტომია ხელიდან წითელთვალიან გიგანტს.

ცაში აიჭრა კოპალა, ოქროქსოვილი გაშალა და ზედ შედგა. იქიდან ცეცხლოვანი ისარი სტყორცნა დევს და მთლიანად დაბუგა. გახარებულმა ბერმა ბაადურმა კოპალას თავისი საფერხო, ბედის ბედაური დაულოცა.  რომელიც თავის დროზე  მორიგე ღმერთმა აჩუქა.

„იმას მისცა მორიგე ღმერთმა  საფერხედ თეთრი ცხენი, იმას დაუქვივნა სახელად ბედის ბედაური. ის არის იმის საკვეხური, ცის კივკავებში სახეთქები!“

ბერი ბაადური გუდანში დაარსდა და  ძლიერ ხვთისშვილად ითვლებოდა.

საინტერესოა, რომ გუდანის ჯვარს მთიელები ერეკლე მეფესაც უკავშირებენ. მოგეხსენებათ, ჯვარი უბრალო მოკვდავთათვის უხილავია, საფარველი ადევს, თუმცა პატარა კახს თურმე პირისპირ ესაუბრებოდა თავის სახატეში და საქვეყნო საქმეს განიხილავდა მასთან.

კოპალას სახელი კიდევ შეგვხვდება სხვა გმირებზე საუბრისას, ახლა კი ერთ ლექსს შემოგთავაზებთ, რომელიც ლიქოკში ჩაუწერიათ გასული საუკუნის დასაწყისში:

წმინდა კოპალას კარზედა

დიდი იფნები დგანანო,

ზედ ანგელოზნი დამსხდარან,

ბნელ ღამეშიაც ჩანანო,

მათი შემყურე დევები

სულ ზეზე ჩამომხმარანო...

 

ყველა ახალი ამბავი
0