სამყაროს შექმნის ძველქართული ვერსია: ვინ შექმნა ქალი

© Pixabay / KELLEPICSმისტიკა
მისტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურმე მორიგე ღმერთი გაუბრაზდა დას, დაწყევლა იგი და იმ დღიდან მოყოლებული და ღმერთისა იქცა ავსულად, ძმას მტრად მოეკიდა და რადგან ძმაზე არანაკლები ძალა და უნარი გააჩნდა, მანამდე შექმნილის საწინააღმდეგოს შექმნა დაიწყო.

ჩემს ყმაწვილობაში სკოლებში ქართული მითოლოგია არ ისწავლებოდა და ეს ახლა არც მიკვირს. რელიგიის უარმყოფელი კომუნისტური სისტემისთვის ერთნაირად უცხო და არაფრისმომცემი იყო წარმართული ღმერთებიცა და მით უმეტეს, მათთან მეომარი გმირების ისტორიები.

სამწუხაროდ, ძალიან გვიან დავინტერესდი ამ თემით და აღმოვაჩინე, რომ ეს ფენომენი საოცრად  ღრმა და ყოვლისმომცველია. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთან ერთად თანდათან  ვეზიარო ამ სამყაროს და ერთად გავიცნოთ, კოპალა და ახსარი, ბერი ბაადური და პირქუში, გიორგი ნაღვარმშვენიერი და ძლევამოსილი ამბრი, პირიმზე და ხელი სამძიმარი და ბევრი კიდევ სხვა...

სანამ ამ ცალკეულ ღმერთებზე ვისაუბრებთ, მგონი, საინტერესო იქნება სამყაროს შექმნის უძველესი, წარმართული ეპოქის ქართული ვერსიაც გავიგოთ.

თურმე, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ზესკნელი, რომელიც შექმნეს მორიგე ღმერთმა (ანუ მამა ღმერთმა) და მისმა დამ. შემდეგ და-ძმამ გადაწყვიტა თავისი სამყოფელი ზებუნებრივი ძალისა და გონების მქონე არსებებით დაესახლებინათ, რომელთათვისაც უცხო იყო სიკვდილი. ასეთები იყვნენ ფასკუნჯი, რაში და სხვანი. ამის შემდეგ დადგა სხვა სკნელის შექმნის დროც, სადაც უნდა დაესახლებინათ უკვე მოკვდავნი, ანუ ადამიანები. 

უძველესი ქართული იარაღი - Sputnik საქართველო
დევებთან და ქაჯებთან მეომარი გმირები, ანუ უძველესი ქართული ღვთაებები

მერე შეიქმნა ვარსკვლავები, პლანეტები, მზე, მთვარე, დედამიწა, ცხოველები, ფრინველები, მწერები და, რა თქმა უნდა, ადამიანი — მაგრამ რატომღაც მხოლოდ მამრი.

რაღაც დროის შემდეგ და-ძმას შორის მოხდა დიდი უთანხმოება. მორიგე ღმერთი გაუბრაზდა დას, დაწყევლა იგი და მათი ერთობაც დაიშალა.

იმ დღიდან მოყოლებული და ღმერთისა იქცა ავსულად, ძმას მტრად მოეკიდა და რადგან ძმაზე არანაკლები ძალა და უნარი გააჩნდა, მანამდე შექმნილის საწინააღმდეგოს შექმნა დაიწყო.

ასე გაჩნდა პირველი მამრის საპირწონედ ქალი, სამყაროს მოევლინენ დემონები, დევები, ქაჯები და ა.შ.

ბუნებრივია, მამა ღმერთი ამას გულხელდაკრეფილი ვერ უყურებდა და ამ დემონ-დევებს „ღვთისშვილები“ დაუპირისპირა.  გადმოცემით ეს ღვთისშვილნი „ნახორცივლარი“, ანუ ადამიანად ნამყოფი ღვთაებანი არიან.

ერთხანს დევ-კერპებმა იძალეს ადამიანებზე და დიდ გასაჭირში აღმოჩნდა კაცთა მოდგმა. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ღვთისშვილთა ნაწილი. მისცა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. 

მეომარი ქალი - Sputnik საქართველო
სპარსთა მძლეველი ქართველი დედოფალი დინარა — მითი თუ რეალობა?

ამ ღვთისშვილთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა არიან გამორჩეულებიც: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, კვირია და სხვები.

მთელი სამყარო მოიცვა გმირებისა და დევების უშეღავათო ბრძოლამ. გაავსულებული დის მიერ შექმნილი ავსულები  ღვთისშვილებს ძალ-ღონით არ ჩამოუვარდებოდნენ, თუმცა გმირებმა მაინც შეძლეს ამ ბოროტების დამარცხება, შექმნეს ახალი სკნელი — ქვესკნელი, და დევ-დემონებს იქ უკრეს თავი.

ამრიგად შეიქმნა სამი განზომილება:  ქვესკნელი — სადაც უხსენებელი ძალები ბინადრობენ, შუა სკნელი — სადაც ადამიანთა მოდგმამ დაიდო ბინა, და ზესკნელი — სადაც ღმერთებმა და ღვთისშვილებმა დაივანეს.

ეს უკანასკნელნი ხშირად სტუმრობდნენ შუასკნელს, ანუ დედამიწას.  ისინი ხან ციდან შუქად ჩამოესვეტებიან, ხან ოქროქსოვილზე დგებიან და დაფრინავენ, ხან ნისლის ჯანღიდან ცხენდაცხენ გამოდიან და ხან უბრალოდ, მტრედის სახით ეცხადებიან საყმოს. თუმცა საფარველი აქვთ დადებული და მათი ხილვა უბრალო კაცთათვის შეუძლებელია. მხოლოდ გამორჩეული სტატუსის ან სიწმინდის მქონე ადამიანები ამცნობდნენ ხალხს მათ ნაბრძანებს. ასეთებად მოიაზრებოდნენ ქადაგი, ხევისბერ-ხუცესი, ხატის მკადრე. 

თეთნულდი - Sputnik საქართველო
ამბავი სამასი თეთნულდელი ძმისა, ანუ რატომ გაეცალნენ მონღოლები საქართველოს

ღვთისშვილთა  მოვალეობა ადამიანთა დაცვა და განათლება გახლდათ. ისინი ფლობდნენ ყოველგვარი ცოდნისა და განსაკუთრებით, იმ დროს ყველაზე საჭირო, მეტალურგიის საიდუმლოს. ამათ საპირწონედ დევთა სამყაროში მეტალურგიის მცოდნენი იყვნენ ეგრეთ წოდებული ქაჯები.

გადმოცემით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი, ანუ ქაჯთა ქვეყანა, გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით, იქაური სამჭედლო დაარბიეს, მოაცამტვერეს ქაჯთა  საბუდარი და დიდძალი განძით დაბრუნდნენ სამზეოზე. თან წამოიღეს: თასი, ოქროს ფანდური, ფურის რქა, საკიდელი, ცხრაენიანი ზარი, საცერი და ქურთემული ანუ გრდემლი. ეს იყო იმ დროის სოციუმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საგნები.

გარდა ამისა,  წამოიყვანეს ქაჯთა ულამაზესი  ქალები: სამძიმარი, მზექალი, აშექალი და სიმანქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევსურულად „მოდეები") გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაიდეს ბინა და ეხმარებოდნენ მათ. თუ კაცთა მოდგმა განარისხებდა ღვთაებას, დობილები ცდილობდნენ, როგორმე შეერბილებინათ მათი რისხვა, მაგრამ თუ საყოველთაო უწმინდურება დაისადგურებდა, მაშინ და-დობილნი შეუბრალებელნი ხდებოდნენ და ხშირად დიდ უბედურებასაც ატეხდენ თავს გაურჩებულ ადამიანებს სახადის, ყვავილისა თუ წითელას სახით.

ქართულმა მითოლოგიამ ბევრი ლეგენდა შემოგვინახა. ამირანის ისტორია ვიცით, მაგრამ ვეჭვობ, ბევრმა იცოდეს მისი მძლეველის, უზარმაზარი გიგანტის, ამბრის შესახებ. უაღრესად საინტერესოა მითი ქალი ღვთაება სამძიმარის შესახებ, რომლის ცხოვრების წესი ხევსურეთში დამკვიდრებულ წაწლობის ინსტიტუტს უკავშირდება. თუმცა, ამ და სხვა ლეგენდებს  მომდევნო მონათხრობში გაგაცნობთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0