ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„ყველაზე წესიერი რუსი“ - კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები

© photo: courtesy of Faig Huseynovმიხაილ ვორონცოვის სასახლე თბილისში
მიხაილ ვორონცოვის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბესიკ ფიფია

მიხაილ ვორონცოვი, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მეფისნაცვალი კავკასიაში, დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობები უფრო იოლად და საიმედოდ მყარდება კულტურასა და განათლებაზე დაყრდნობით, ვიდრე ხიშტებით. დღეს თბილისში აქა–იქ უკვე ისმის, რომ ცუდი არ იქნება, თუ ვორონცოვის ძეგლს აღადგენენ.

მიხაილ ვორონცოვი ძველი თავადური გვარის წარმომადგენელი და ინგლისში რუსეთის ელჩის შვილი გახლდათ. ის 1782 წელს დაიბადა, ბავშვობა და სიყმაწვილე ლონდონში გაატარა და ლორდის საკადრისი აღზრდა–განათლება მიიღო.

1801 წელს რუსეთში დაბრუნებული ვორონცოვი სამხედრო სამსახურში პრეობრაჟენსკის პოლკში გვარდიის პორუჩიკად შევიდა. ორი წლის შემდეგ საკუთარი სურვილით გაემგზავრა კავკასიაში ქართველი თავადის პავლე ციციანოვის არმიაში. იბრძოდა თურქებისა და სპარსელების წინააღმდეგ. პავლე ციციანოვის წარდგენით დაჯილდოვდა წმიდა გიორგის სახელობის მე–4 ხარისხის ორდენით. ჯილდოზე წარდგენის შუამდგომლობაში სარდალი წერდა, რომ პორუჩიკი გრაფი ვორონცოვი „შეეხიდა მის ხანდაზმულობას და დიდ დახმარებას უწევს“.

როდესაც 1805 წელს 22 წლის ვორონცოვი კავკასიას ტოვებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ორმოცი წლის შემდეგ ამ მხარეში ისევ მოუწევდა დაბრუნება — ოღონდ ამჯერად მეფისნაცვლის ხარისხში.

1812 წლის სამამულო ომში მიხაილ ვორონცოვი პეტრე ბაგრატიონის არმიის შემადგენლობაში იბრძოდა. ბოროდინოსთან დაიჭრა. სამკურნალოდ საკუთარ მამულში, ვლადიმირის გუბერნიაში წავიდა და თან 50 დაჭრილი ოფიცერი და 300 რიგითი მებრძოლი წაიყვანა, რომლებსაც საკუთარი ხარჯით მკურნალობდა.

ნიკოლოზ I - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: იმპერატორი ნიკოლოზ Ι

1815-1818 წლებში ვორონცოვი საფრანგეთში საოკუპაციო კორპუსს მეთაურობდა და ფრანგებს არაერთი კეთილი მოგონება დაუტოვა თავის შესახებ.

გრაფი სალონურ არისტოკრატ ლიბერალთა წრეს განეკუთვნებოდა — ბატონყმობის გაუქმების იდეასაც თანაუგრძნობდა და რამდენიმე დეკაბრისტსაც მფარველობდა. შესაძლოა სწორედ ამ მიზეზითაც არ აჩერებდნენ იმპერიის დედაქალაქში.

სამსახურის შემდეგი წლები ოდესაში გაატარა, 1845 წელს კი თბილისში დაფუძნდა. იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა მიხაილ ვორონცოვი მეფისნაცვლად გაამწესა კავკასიაში.

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა–მამა წიგნში „კავკასია“ წერდა, რომ იმპერატორმა ვორონცოვი კავკასიაში მისი „დიდებული წარმომავლობის, უზარმაზარი პოპულარობისა და არისტოკრატული აღნაგობის… გამო წარგზავნა.  შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ–ერთი იმ რუს სახელმწიფო მოღვაწეთაგან, რომლებიც, მიუხედავად მაღალ თანამდებობებზე მუშაობისა, მაინც ახერხებდნენ გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. სამმა მიზეზმა მოუტანა მას ეს დამოუკიდებლობა: სიმდიდრემ, განათლებამ და ხასიათმა… ის თავად სემიონ ვორონცოვის ვაჟი გახლდათ — ინგლისში რუსეთის ელჩისა, ლონდონში იზრდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ის წვრილმანი აკურატულობა, წესრიგის  ჩვევა, გონიერება და ყოველდღიური ცხოვრებისეული ფორიაქისადმი ცივსისხლიანობა, პირადი ღირსებაზე ზრუნვა, რითაც ინგლისელები სიდიადეს იხვეჭენ“. 

ახალი მეფისნაცვალი მოღვაწეობას ტფილისში რუსული თეატრის დაარსებით შეუდგა.

„იმიერკავკასიაში ჩემი ჩასვლის პირველსავე წელს გავაცნობიერე ტფილისში სახალხო რუსული თეატრის დაარსების სარგებლიანობა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ჩინოსნების მნიშვნელოვანი რაოდენობის გართობის, ისე განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის  რუსულ ენასთან, რუსულ ბუნებასთან ზიარებისა და რუსეთთან თანდათანობით დაახლოების მიზნით“, — წერდა გრაფი სამხედრო მინისტრს, გრაფ ალექსანდრ ჩერნიშევს.

ვორონცოვი დარწმუნებული იყო, რომ ურთიერთობები უფრო იოლად და საიმედოდ მყარდება კულტურასა და განათლებაზე დაყრდნობით, ვიდრე ხიშტებით.  „აზიური კულტურის“ ქალაქში, როგორც პუშკინი უწოდებდა 1829 წლის ტფილისს, ევროპული მუსიკა შემოვიდა, ვორონცოვმა იტალიიდან საოპერო დასი გამოიწერა. გაიხსნა ქართული დრამატული თეატრი, რომელსაც მეფისნაცვლის წინადადებით, ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი ჩაუდგა სათავეში. სწორედ მან ჩამოაყალიბა მუდმივი არტისტული დასი. თეატრში პირველი სპექტაკლი 1850 წლის 2 იანვარს (ძველი სტილით 14 იანვარს) დაიდგა ტფილისის გიმნაზიაში. ნაჩვენები იყო გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

გრაფ ვორონცოვის გადადგომის შემდეგ, 1854 წელს ახალმა მეფისნაცვალმა ნიკოლაი მურავიოვმა თეატრი ყირიმის ომის დაწყების საბაბით დაკეტა. 

ალექსანდე დიუმას ძეგლი ფოთში. - Sputnik საქართველო
დაკრძალვა, ქეიფი და გორელი ვასილი – დიუმას ქართული შთაბეჭდილებები

ვორონცოვის მმართველობის წლებში დაარსდა საჯარო ბიბლიოთეკა, გამოიცა გაზეთი „კავკასია“, გაიხსნა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, დაარსდა წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლები, რეგიონებში დაწყებითი სკოლები ამუშავდა, რამაც ადგილობრივ ახალგაზრდობას რუსეთში უმაღლესი განათლების მიღებისკენ გზა გაუხსნა.

მეფისნაცვალი ვორონცოვი ლოიალურად იყო განწყობილი ქართული ენისადმი და  კანცელარიის ყველა არაქართველ ჩინოვნიკს მოუწოდებდა, შეესწავლა ქართული. გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილ წერილში იგი აღნიშნავდა: „მრავალი საგანი შეისწავლება როგორც რუსულ, ისე ადგილობრივ ენაზე. თითოეულმა რუსმა უნდა იცოდეს ორივე ენა“.

მიხაილ ვორონცოვი ცდილობდა შეეთავსებინა ისეთი არათავსებადი თვისებები, როგორებიცაა სიმტკიცე, მოქნილობა და ადგილობრივი სპეციფიკური პირობების გათვალისწინება. ერთხელ გრაფს როგორღაც თავაზიანად მიუთითეს, რომ მისი განკარგულებები არ ეთანხმებოდა სახელმწიფო კანონებს. ამას პასუხად მოჰყვა ფრაზა:

„აქ რომ კანონების შესრულება ყოფილიყო საჭირო, ხელმწიფე მე კი არ გამომგზავნიდა, არამედ კანონთა კრებულს!“ 

სპარსელთა შემოსევის შემდეგ ფერფლად ქცეულ ადგილებზე პირველი ფაბრიკები, საცხენოსნო მეურნეობები ჩნდებოდა, ტფილისში საცხოვრებელი კვარტლები შენდებოდა, მტკვარზე ხიდები იგებოდა, ვითარდებოდა და წესრიგდებოდა ვაჭრობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. „თავადი საგანგებოდ ზრუნავდა სასარგებლო მცენარეების მოყვანაზე, მეღვინეობის სრულყოფაზე, მიწის დამუშავების საუკეთესო მეთოდებსა და კავკასიის ნაყოფიერი ნიადაგიდან შემოსავლების მიღებაზე, — წერდა მოგონებებში მიხაილ ვორონცოვის ადიუტანტი ალექსანდრ დონდუკოვ–კორსაკოვი. — ტფილისში დაარსდა სანიმუშო ფერმა. თავადი ყველა მსურველს უგზავნიდა საკუთარ ბაღის ვაზს და საერთოდაც, მას ძალიან აინტერესებდა და ახარებდა მხარეში მებაღეობის ამა თუ იმ დარგის წარმატება…“

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორია თბილისში

მისი ბრწყინვალება გრაფი ვორონცოვი დღიურს აწარმოებდა. აი, რამდენიმე ჩანაწერი იქიდან:

„ჩამოვედით ტფილისში. საოცარი დახვედრა — თავდაპირველად ტაძარში მივედით…“; „ვიყავით… მიწისმზომელთა სკოლაში, გიმნაზიაში, წმიდა ნინოს დაწესებულებაში, კორპუსის შტაბში, ახალ თეატრსა და ინსტიტუტში. შემდეგ სადილი 112 კაცზე, საღამოს კი მცირე ბალი. ყველაფერი ძალიან კარგი იყო“; „ვნახე მეგრული პოლკის ბატალიონი, რომელიც საქართველოს სამხედრო გზით სამუშაოდ მიდიოდა“; „მერე ცხენებით ვიარეთ კუკიაზე, ავლაბარში და აბანოს ხიდის გავლით დავბრუნდით შინ. ბაზრობის დღესასწაული საღამოობით უმშვენიერესია“; „საზეიმო დღე. იმპერატრიცას სახელდების დღე. ბალი არაჩვეულებრივი იყო. ცეკვავდნენ ლეკურსა და აფხაზურს“; „ბენკენდორფთან ერთად ცხენით ვისეირნე, ვიყავი ბოტანიკურ ბაღში და ვიყავი სტუმრად კნიაზ ორბელიანთან — თეკლა ბატონიშვილის ვაჟთან; მისი მეუღლე, ლუარსაბ ორბელიანის ქალიშვილი — მარია ივანეს ასული მეტად მიმზიდველი ქალი გახლავთ“…

გრაფ ვორონცოვს, როგორც მისი მეუღლე ამბობდა, „ძალიან უყვარდა ქართველები, პატივით ეპყრობოდა მათ დიდებულ წარსულს და მათი უკეთესი მომავალი ეიმედებოდა“, ამბობდა, რომ „პატარა საქართველო რუსულ ქარგულობაზე ყველაზე ლამაზი, ყველაზე კაშკაშა ფარჩის ნახატი უნდა გახდეს“.

და მაინც, ტფილისის მოწინავე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ნაკლებად ეჯერა რუსეთის მეფის კარის წარმომადგენლის კეთილი ზრახვებისა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მიხაილ ვორონცოვი მეფეს წერილით არწმუნებდა, საქართველოს საბოლოოდ დასამორჩილებლად სწორედ ასეთი ლიბერალური და მოქნილი მიდგომაა საჭიროო. აკაკი წერეთლის აზრით კი არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რას წერდა თუ ვინ რაში არწმუნებდა იმპერატორს; მთავარი იყო ის, რაც ერის სასიკეთოდ კეთდებოდა. ამაში კი, დიდი ქართველი პოეტის რწმენით, მიხაილ ვორონცოვს ქართველთა შორისაც არ ჰყავდა ბადალი.

კავკასიაში ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 72  წლის ვორონცოვმა ტფილისი დატოვა და ოდესაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც ორი წლის შემდეგ. „ის კავკასიას უკვე ძალზე, ძალზე ავადმყოფი ტოვებდა, — წერდა 1856 წელს გაზეთი „კავკასია“, —  თუმცა ამბავმა მისი გარდაცვალების შესახებ მთელი ტფილისი დაამწუხრა. სულისშემძვრელი და გულწრფელი მწუხარება — თითქოს ღვიძლი ნათესავი დაეკარგოთ“.

© Sputnik/ РИА Новостиმეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის ძეგლი ტფილისში
„ყველაზე წესიერი რუსი“ - კაცი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები  - Sputnik საქართველო
მეფისნაცვალ მიხაილ ვორონცოვის ძეგლი ტფილისში

ქართველმა ხალხმა, მადლიერების ნიშნად, მიხაილ ვორონცოვს ძეგლი დაუდგა. ტფილისელების სურვილითა და ძირითადად მათ მიერვე გაღებული სახსრებით, ბრწყინვალე თავადს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აღუმართეს სამი მეტრი სიმაღლის ბრინჯაოს მონუმენტი. იმპერატორმა ძეგლისთვის 5 ათასი მანეთი გამოყო, ტფილისელებმა კი 36 ათას მანეთზე მეტი შეაგროვეს.

ძეგლის გახსნის ცერემონია 1867 წლის 25 მარტს გაიმართა — მიხაილ ვორონცოვის ტფილისში მეფისნაცვლის ხარისხში ჩამოსვლიდან 22 წლისთავის დღეს. მონუმენტის გახსნაზე პოეტმა, გენერალ–მაიორმა ვასილი დომანტოვიჩმა ასეთი სტრიქონები წაიკითხა:

Тебе, о Грузия, хвала! Благодарим тебя глубоко
За то, что ценишь ты высоко
Своих правителей дела;
В твоей признательности блещет
Святая преданность царю;
Тебе Россия рукоплещет
За памятник Богатырю!

აი, რას დაწერს დუნკელ–უელინგი მიხაილ ვორონცოვის ძეგლის გახსნის კვალდაკვალ: „… ქვის კვარცხლბეკიდან კოლოსალური სტატუა თბილად გადასცქერის ტფილისს, რომელიც მთებზე უზარმაზარ ამფითეატრად შეფენილა… გაივლის ათობით და ასობით წელი, თაობებს თაობები შეცვლის, ტფილისი კიდევ უფრო განივრცობა, განსვენებული ფელდმარშლის გამოსახულება კი ძველებური სიდიადითა და სითბოთი გახედავს მას, თითქოს გახარებული მისი განვითარებითა და წარმატებით“.

მაგრამ ამ წინასწარმეტყველებას ასრულება არ ეწერა. გაივლის 55 წელი და 1922 წელს ბოლშევიკები, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვორონცოვის ძეგლს დაშლიან, ხოლო მოედანს, რომელიც დიდი თავადის სახელობისა იყო, კარლ მარქსის სახელს უწოდებენ. თუმცა აქაურობას 1990 წელს კვლავ შეეცვლება სახელი და თბილისთან დაძმობილებული ქალაქის, საარბრიუკენის მოედანი დაერქმევა.

თუმცა ძეგლის აღებით ხალხის მეხსიერებაში არ გაქრება „ყველაზე წესიერი რუსის სახელი, რომელსაც ოდესმე უმსახურია თბილისში“. 

ყველა ახალი ამბავი
0