ენგურსგაღმელის ჩანაწერები: გაზაფხულის ფასი

გამოწერა
ამაღამ წყალში ჩადებს ყოჩივარდებს და ყურებს დააცქვეტინებს, ხვალ კი უფრო ძვირი ეღირება გაზაფხული...

— მომჭკნარია, ქალო, — ნეკა თითი ყურში გაურჭვია და იქექება.

ქალს ყოჩივარდების მოზრდილი კონა ჩაუბღუჯავს ხელში და დაჰყურებს.

— არ არის, წყალში ჩადებ თუ არა, ყურებს დაცქვიტავენ.

— სადა აქვთ ემეებს ყურები, ქალო?! — უშნოდ იღრიჯება კაცი, ნეკა თითს გამოიძრობს ყურიდან, დააკვირდება და შარვალზე გაისმევს მერე.

მეჩქარება, მაგრამ ვჩერდები. მაინტერესებს, როგორ იყიდება გაზაფხული ქალაქში.

— რვა თეთრი და მიმაქვს.

— მთელი დღე ვკრეფდი.

— რვა თეთრი, ქალო, რასა კარგამ?! ტყეშია, რა, შენ ხო არ დაგითესნია, ეეე?

ველოდები, როდის ატირდება ქალი, რომ მიზეზი მომეცეს, მივიდე და ვკითხო: რამე ხომ არ გიჭირთ? და იმანაც შემომჩივლოს:

— რაღა არა, შვილო... გაგონილა, რვა თეთრად უნდა გაზაფხული! რა ნამუსით გავყიდო, ჰა?

და მერე მე ვიცი.

მაგრამ ქალი... ღმერთო ჩემო!..

— წაიღე, — ეუბნება და კონების გადათვლას იწყებს. ის დაღრეჯილი კაცი კიდევ უფრო იღრიჯება და ძლივს ეზიდება იმოდენა კალათას.

ამაღამ წყალში ჩადებს ყოჩივარდებს და ყურებს დააცქვეტინებს, ხვალ კი უფრო ძვირი ეღირება გაზაფხული...

ყველა ახალი ამბავი
0