20:36 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
საპროტესტო აქცია

საარჩევნო ყუთის მიღმა... ანუ „პოლიტიკა“ ქუჩაში...

© Sputnik / Shota Nozadze
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
სულხან მელაძე
1150 0 0

წინასწარ წაგებული თუ წაუგებელი თამაში... ანუ ყველა კმაყოფილია? ვიღაცას ერგო სავარძელი და კიდევ ვიღაც გავიდა ქუჩაში... როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები არჩევნების შემდეგ და ვის გააგრილებს ცივი ზამთარი?

არჩევანი მე, არადანი შენ! წილი ნაყარია, მეხუთე პრეზიდენტი ცნობილია! პირველად ქვეყნის ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურის სავარძელი ქალბატონმა დაიკავა. ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე გაჟღერდა ინაუგურაციის სავარაუდო თარიღი − 16 დეკემბერი. შევიტყვეთ, რომ ნაცვლად ავლაბრის რეზიდენციისა, ბინას ხალხის რჩეული ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების ყოფილ სასახლეში დაიდებს...

კითხვების უმრავლესობას პასუხი გაეცა. არ ვიცი ვისთვის როგორ, ჩემთვის კი მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ოპონენტს დამაჯერებლად აჯობა. ჯერ კიდევ პირველი ტურის ციფრებში, კარგად ჩანდა სახელისუფლებო რესურსი. აშკარა იყო, რომ ამომრჩეველთაგან ვიღაცამ იზარმაცა, ვიღაცას კი არ ქონდა საარჩევნო უბანში მისვლის მოტივაცია...

არ უნდა დავივიწყოთ სახელისუფლებო გუნდზე, შეუსრულებელი დაპირებების გამო, განაწყენებული და უვადო კოჰაბიტაციით გაბრაზებული ხალხი. პირველმა ტურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ქვეყნიდან გასულია და მხოლოდ დისტანციურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, კვლავაც ახერხებს მყარად შეინარჩუნოს ელექტორატის დიდი ნაწილი. ნათელი იყო, რომ საარჩევნო მარათონის ძირითადი სუბიექტების „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „ლეიბორისტული პარტიისა“, და „შენების მოძრაობის“ ლიდერების ჯამური მონაგარი ანუ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები ავტომატურად არ დაემატებოდა, ფორმით გაერთიანებული ოპოზიციის და შინაარსით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ყულაბას. ამ ყველაფერს უბრალოდ დანახვა უნდოდა. მეორე ტურის წინ მთავარი ინტრიგაც სწორედ ეს იყო − ვინ უკეთესად დაინახავდა და რაც მთავარია ადეკვატურად აღიქვამდა შექმნილ რეალობას. პრინციპულად გადამწყვეტი იყო, მოახერხებდა თუ არა მმართველი გუნდი, დროის მცირე მონაკვეთში, „დაძინებული“ რეზერვის გამოფხიზლებას. ეს იყო და ეს...

მეორე ტურის წინ რადიკალურად შეიცვალა მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანია. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის და მისი კანდიდატის აგრესიულ, უმრავლეს შემთხვევაში კი სიცრუესა და სიძულვილზე დაფუძნებულ რიტორიკას, მეორე მხარემ ნაკლებად აგრესიული და მკაფიო ე.წ „მესიჯები“ დაუპირისპირა. ნახელისუფლართა თუ თავად გრიგოლ ვაშაძის ძველი და ახალი ცოდვების მხილებასა და წარმოჩენასთან ერთად, რამდენჯერმე და თანაც ხაზგასმით ითქვა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მხრიდან გაფრთხილება მიიღო, იყო გზავნილიც, რომ მთავრობა ხალხთან ახლოს იქნებოდა... დაპირებებიც უხვად გაიცა! მთავრობამ, ჯერ კიდევ აგვისტოს თვის შუა რიცხვებში დაანონსებული ვალების განულების პროგრამის განხორციელების კონკრეტული ვადები დაასახელა. გაირკვა, რომ 600 000 მოქალაქე, წლის ბოლომდე, შვებით ამოისუნთქავს და ყოველი მათგანი, სურვილის შემთხვევბაში, აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდება...

ამ ყველაფერს დაერთო აქტიური კამპანია − არა მიშას! მედიის ე.წ ომში ღიად და დასაბუთებულად ჩაერთო ტელეკომპანია „იმედი“, მას საამისოდ არგუმენტებიც მრავლად ჰქონდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით 25 ნოემბერს, ქვეყნის მთავარ მოედანზე გამართულმა საპროტესტო თავყრილობამ დაგვანახა, რომ გარდატეხა მოხდა... „ქართულმა ოცნებამ“, უპირატესად კი მისმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერადაც შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება და გულის მოგება. არჩევნების საბოლოო შედეგი, ადვილად პროგნოზირებადი გახდა, დანარჩენი მხოლოდ დროისა და როგორც იტყვიან  „ტექნიკის საქმე“ იყო...

ოპოზიციურმა ერთობამ არაფერი შეცვალა და ძველებურად განაგრძო. დღითიდღე იკვეთებოდა, რომ ყოფილი მმართველი გუნდისთვის, არჩევნების შედეგზე მეტად, მნიშვნელოვანი მომდევნო პოლიტიკური პროცესი იყო. შიდა თუ საჯარო კვლევებში, რაც უფრო ეცემოდა გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი, მით უფრო ძლიერი იყო არჩევნების გაყალბების გარდაუვალობაში საზოგადოების დარწმუნების მცდელობა. ამ პროცესს სამი არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა, თუმცა მათ „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს აღიარეს, შეგვეშალაო... ნეგატივი და მუქარა, მათ შორის იყო მიხეილ სააკაშვილის დაპირება შეძლებულთა გაკულაკების თაობაზე. ამიტომაც, ერთხანს ყოფილ პრეზიდენტს არსენა ოძელაშვილად მოიხსენიებდნენ...  

საბოლოოდ ორივე მხარემ საპრეზიდენტო არჩევნები ძალაუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში წარმოაჩინა. კონსტიტუციით, ქვეყანაში მმართველი ელიტა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება შეიცვალოს. ამ პირობებში ოპოზიციური ერთობისაგან გვესმოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათი კანდიდატის გამარჯვებით დაიწყებოდა სახელისუფლებო ცვლილებები. არის კითხვები − რის საფუძველზე და როგორ? პასუხი მარტივ პოლიტიკურ პროცესს მოიაზრებს.

განმარტებისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება პირველი ნაბიჯი იქნებოდა ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში. პრეზიდენტის ინსტიტუტი გადაიქცეოდა საპროტესტო მოძრაობის ცენტრად. ბრძოლა კი, ფორმალურად პრეზიდენტის, ხოლო რეალურად მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, გადაინაცვლებდა ქუჩაში. ოპოზიცია პროცესების სწრაფი რადიკალიზაციით შეეცდებოდა ხელისუფლების იძულებას რაც შეიძლება სწრაფად დაენიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მმართველი პარტია ღიად მიანიშნებდა, რომ მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისათვის საკმაოდ მყარ და ნოყიერ ნიადაგს ქმნის...

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, აშკარად იგრძნობოდა, რომ ოპოზიციას სათადარიგო ვარიანტიც ჰქონდა, რომელიც წარმოდგენილი ვერსიისგან მხოლოდ რიტორიკით განსხვავდებოდა... ჯერჯერობით, სწორედ „ვარიანტი B“ ამუშავდა. ნახელისუფარნი იმ მოტივით, რომ „არჩევნები გაყალბდა“, „მმართველმა გუნდმა არჩევნები მიიტაცა“ და სხვა, შედეგებს არ ცნობენ და მხარდამჭერებს ქუჩაში იხმობენ. მოთხოვნა − ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია! ერთხელ ვთქვი და გავმეორდები, მოულოდნელი არც საპრეზიდენტო არჩევნების ეს შედეგი და არც შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესი ყოფილა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და მიღწევა იყო ის მთავარი მიზანი, რის გამოც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო... კაცმა, რომ თქვას, მისთვის თამაში წაუგებელი იყო... არც ის გამოვრიცხოთ, რომ პოლიტიკურ ერთობას ახლა ერთგული ელექტორატის „დასაბმელად“უბრალოდ სახის შენარჩუნება სურდეს, თანაც მაშინ, როცა ეს სახე მას თავად ანგრევს... ვინ არის სახე? პასუხი თქვენთვის მომინდია!... 

   

მთავარი თემები