მალე შესაძლოა გვიან იყოს „თითზე კბენანი“

© Sputnik / STRINGERადგილი, სადაც 16 წლის მოზარდები დაჭრეს თბილისში
ადგილი, სადაც 16 წლის მოზარდები დაჭრეს თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“, – ნათქვამია, მაგრამ, ეტყობა, ეს დღევანდელ ქართველ საზოგადოებაზე არ ვრცელდება.

რომ დავაკვირდი, ჩვენ ურმის გადაბრუნების შემდეგღა ვიწყებთ გზის ძებნას; ავტეხავთ ერთ ვაი-უშველებელს, უცბად ვხდებით ყველაზე ჭკვიანები, ვისვრით ლოზუნგებს, მკაცრად ვიქნევთ თითებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ვიშვერთ და არამც და არამც საკუთარი თავისკენ.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ კერძო, რამდენიმე ოჯახის უბედურება, ეს ქვეყნის, ქართველი საზოგადოების ტრაგედია და უბედურებაა. სწორედ ამ კუთხით უნდა მივუდგეთ და თავი დავანებოთ კონკრეტული დაწესებულებებისა და პიროვნებების დადანაშაულებას. აკაკი წერეთლის გამზრდელის ცნობილი სიტყვების – „შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“ – ადრესატი გახლავთ სახელმწიფო და თუ რატომ, ამასაც მოგახსენებთ.

საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: ჩხუბი სკოლაში არ დაწყებულა

რა არის სკოლის მიზანი? მოზარდის აღზრდა და ცოდნის მიცემა. აღზრდაში იგულისხმება ბავშვის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება. რა უფრო მნიშვნელოვანია – ბავშვმა სკოლის დამთავრებისას სხაპასხუპით ჩამოგითვალოთ, რომელ წელს გაიმართა აუსტერლიცისა თუ კურსკის ბრძოლები, ზეპირად გაამრავლოს სამნიშნა რიცხვები, ან ფიზიკის ყველა ფორმულა ზეპირად იცოდეს, თუ ღირსეული ადამიანი იყოს? დავიჯერო, აკაკის გამზრდელი თავს მოიკლავდა იმის გამო, რომ ბავშვმა ჯოულ-ლენცის კანონი არ იცოდა?! იმის თქმა მინდა, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი უნდა გახდეს მოზარდის შეგნებულ და სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბება. არც უმთავრეს დამნაშავედ სკოლის გამოყვანის მომხრე ვარ – კაენმა რომ აბელი მოკლა, სკოლის ბრალია?  შეგნებულად არაფერს ვამბობ კონკრეტული ოჯახების როლზე, რადგან ოჯახი, ზოგადად, სახელმწიფოს სახეა. ვერშემდგარ სახელმწიფოში ვერშემდგარი ოჯახების წილი საკმაოდ დიდია, აქედან ტრაგედიაც. შევეცდები უფრო დავაკონკრეტო — არ ვგულისხმობ არც ერთ ოჯახს, ვინც ეს უბედურება გადაიტანა, საუბარია სახელმწიფოზე, რომლის დედები (ძალიან ბევრი) იმისათვის, რომ შვილები ულუკმაპუროდ არ ჰყავდეთ, იძულებული არიან, უცხო ქვეყნებში უმძიმეს ვითარებაში იშრომონ, ნაცვლად იმისა, რომ მთელი მათი ყურადღება ამ შვილების სწორად აღზრდას მოახმარონ; სახელმწიფოზე, რომლის მამები (ძალიან ბევრი) დილიდან საღამომდე სამსახურის ძებნაშია, ნაცვლად იმისა, რომ შვილებს კუდში სდიონ, აკონტროლონ, მეგობრობა გაუწიონ (აქ უგუნურ ხელის დაფარებას არ ვგულისხმობ).

უფროსკლასელი - Sputnik საქართველო
მოქმედების დროა - შსს მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევების შესახებ

ისევ ურმის გადაბრუნების თემას დავუბრუნდები. გამაოგნებელი სტატისტიკა გამოქვეყნდა – ჯერაც დაუბადებელი ბავშვების სქესის გამო აბორტების რაოდენობა კატასტროფულად არის გაზრდილი. ჩვენი უგუნური თანამედროვენი ჩანასახშივე სპობენ მომავალ დედებს და ერს სიკვდილისკენ მიაქანებენ. ახალშობილთა სიკვდილიანობა ბევრად აჭარბებს საშუალო მაჩვენებელს. შემთხვევით მომიწია დიდ დიღომში მდებარე კლინიკაში მოხვედრა, სადაც შეწყვეტილი ფეხმძიმობის გამო ახალგაზრდა დედები ხვდებიან. მერწმუნეთ, მათი რიცხვი დასაშვებზე ბევრად დიდია. აღარაფერს ვამბობ ახალშობილთა მდგომარეობაზე, რომელთაგან ყოველი მესამე მეტ-ნაკლებად არაჯანსაღია და სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს.

ჩემი აზრით, ურემი უკვე გადაბრუნებულია (უკვე მერამდენედ), სამწუხაროდ, ვერ ვხედავ იმ საზოგადოებას, რომელიც გადასარჩენ გზას ხედავს და ამ გზაზე სიარულის სწორი გეზი გააჩნია. პოლიციური კანონების გამკაცრება შესაძლოა საჭიროა, მაგრამ ეს არ არის პირველი რიგის ამოცანა. არ მჯერა, რომ საქართველოში არ არიან მეპურეები, ვინც ნამდვილად იცის პურის ცხობა, ვისაც ქვეყნის სწორ რელსებზე დაყენება შეუძლია; აქ მხოლოდ მკერდზე მუშტის ბრაგუნი და ლამაზი სიტყვების რახარუხი არ შველის. ამას ცოდნა უნდა, საქმის სიყვარული და ცოდნა. ასეთი ადამიანების მოძიებაა საჭირო, არა მხოლოდ საახლობლოში, არამედ, თუ საჭირო გახდა, მთის მწვერვალებზე, მიწის წიაღში და ცხრა მთას იქითაც.

უჭკვიანესი პიროვნება იყო ოტია იოსელიანი, ამიტომაც დაარქვა ერთ-ერთ პიესას „სანამ ურემი გადაბრუნდება…“, ახლა ზარების დარისხების დროა, რადგან მალე შესაძლოა გვიანღა იყოს „თითზე კბენანი“.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0