21:25 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
41410

არსებობს თუ არა ლარის გაუფასურების საგარეო ფაქტორები და რა პერსპექტივა აქვს ეროვნულ ვალუტას ეკონომიკის განვითარების გარეშე...

უცხოურ ვალუტის მიმართ ქართული ლარი „შესაშური“ სტაბილურობით კარგავს პოზიციებს. ნოემბერი-დეკემბრის გასაყარზეც ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემა კვლავ აქტუალურია და ვეჭვობ, რომ კიდევ დიდხანს იქნება მასმედიის დღის წესრიგში…

ახლა, როცა მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში გამორჩეული არაფერი ხდება, ჩვენ რეგიონშიც ეკონომიკური თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა, მეზობელი ქვეყნებიდან გაზრდილია ფულადი გზავნილების ოდენობა და არც ტურისტები დაკლებია ქვეყანას. საინტერესოა, რა ემართება ლარს?!.

ამ კითხვაზე ხელისუფლების პასუხი ვიცით, შეხსენების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მრავალჯერ ითქვა ერთი და იგივე… რაც შეეხება სახელისუფლებო „ხიბლს“ მიღმა დარჩენილთ, ანუ ოპოზიციას, მათი შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაში მთავრობა და ეროვნული ბანკი არიან დამნაშავე, კერძოდ, მთავრობა — არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და დაუბალანსებელი ბიუჯეტის მიღების გამო, ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისთვის ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტიურისტული ინიციატივის გამო. არც ეს არის ახალი. ანალიტიკოსები ღიად მიგვანიშნებენ, რომ მმართველი გუნდისა და მისი ოპონენტების არგუმენტები თუ ბრალდებები პოლიტიკური ინტერესებითაა მოტივირებული. სპეციალისტების აზრით, მცდარია ბოლო დროს დამკვიდრებული მოსაზრება, რომ „ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური ეკონომიკური მიზეზები არ გააჩნია”. უფრო მეტიც, მათი განმარტებით, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის მიზეზი ეკონომიკის რეალური სექტორის, მატერიალური დოვლათის მწარმოებელი დარგების განუვითარებლობაა, რის გამოც ექსპორტი რამდენჯერმე ჩამორჩება იმპორტს, შედეგად: ჩვენ, სამწუხაროდ, მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი გავხდით…

მხოლოდ იმის მითითება, რომ უარყოფითი მოლოდინები ყოფილა ლარის გაუფასურების მიზეზი, საკმარისი არ არის. უნდა ითქვას კონკრეტულად რისი უარყოფითი მოლოდინია და რამ გამოწვია ის, რადგანაც უარყოფითი მოლოდინი არაფრიდან ვერ გაჩნდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს სავალუტო ბაზარზე თუნდაც ერთჯერადმა შედარებით მსხვილმა ტრანზაქციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ლარის წერტილოვანი გაუფასურება. თუ ამას არ მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკისგან მყისიერი რეაგირება, თუნდაც ადეკვატური ახსნა-განმარტება, გაჩნდება მოლოდინი, რომ ეს გაუფასურება არა ერთჯერადია, არამედ შეიძლება იყოს გაუფასურების პროცესის დასაწყისი, მით უფრო, რომ ამის მწარე გამოცდილება ბოლო წლებში უკვე დაგვიგროვდა. სპეციალისტები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სავალუტო რეზერვის ხარჯვით ლარის კურსის დაჭერა შეცდომაა, თუმცა ქვეყნის მთავარ ბანკირს მიუთითებენ, რომ როცა დევალვაცია გარდუვალია, კურსის კლება ზომიერი და პროგნოზირებადი უნდა გახადოს, რათა სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინი არ გააძლიეროს.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ მთავრობის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე გავლენას ახდენს სერიოზული გარე ფაქტორი, რაზეც იშვიათად საუბრობენ ხოლმე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკა. განმარტებისთვის: ფედერალური სარეზერვო სისტემა აშშ-ის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური რეგულატორის როლს ასრულებს. ფედრეზერვის ჯერ კიდევ მოქმედი ე.წ. რაოდენობრივი შემსუბუქების პოლიტიკა ნამდვილად ხელსაყრელი იყო განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს ქვეყნები სარგებლობდნენ იაფი კრედიტებითა და სუსტი დოლარით. მიმდინარე წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იგეგმება თანდათან ე.წ. თაითენინგის პოლიტიკაზე გადასვლა, რაც ტრილიონობით დოლარის ბრუნვიდან ამოღებას ითვალისწინებს.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „თაითენინგი, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაზრდის დოლარზე მოთხოვნას მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ფინანსების ისტორიაში ესაა აქამდე გაუგონარი მონეტარული ნაბიჯი. ამ პროცესის განჭვრეტა ძნელია. წინასწარ ვერ იტყვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ პოლიტიკას. თუმცა თაითენინგის პოლიტიკა უარყოფითად აისახება ლარის კურსსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე… მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად დოლარიზებულია, ლარიზაციის პროგრამა დიდ შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენ ქვეყანას არა აქვს ამისი პოტენცია. ლარს ზურგს არ უმაგრებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა! ქართული ვალუტა მთლიანად დამოკიდებულია უცხოურ ფინანსურ მხარდაჭერაზე, კრედიტებსა და ტრანშებზე…“

როგორც სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, ეროვნული ვალუტის კურსის გამუდმებული რყევა, რაც წლების განმავლობაში გრძელდება, არ აიხსნება პოლიტიკური სპეკულაციებითა და საქართველოს ბიზნეს-წრეებში გაჩენილი კატასტროფული შეფასებებით, რომ ქვეყნის მთავრობა არაკომპეტენტურია, ფინანსთა სამინისტრო უუნაროა და ა.შ.

დემურ გიორხელიძე: „გადაუდებელი პირველი რიგის ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. საცხობების, სამიკიტნოების, სასტუმროების, ასევე მიკროსაფინანსო კომპანიებისა და ბანკების სიმრავლე არ არის ეკონომიკური ზრდის ნიშანი. უნდა შემუშავდეს „განვითარების ეკონომიკის“ პროგრამა და შესრულებაზე პასუხი მკაცრად მოეთხოვოს მოხელეებს. დასავლეთში ეს მთელი მიმართულებაა. ის გამოსადეგი რეკომენდაციები, რასაც საქართველოს მთავრობას აძლევენ უცხოელი ექსპერტები, შეუსრულებელი რჩება დაუდევრობის და გულგრილობის გამო. ქვეყანას სჭირდება მრეწველობის მთელი რიგი დარგების თავიდან დაარსება და განვითარება. ქვეყნის ეკონომიკის სისუსტე ასუსტებს ეროვნულ ვალუტას. კვლავ საგარეო ვალებით ლარის კურსის რეანიმაცია დეფოლტის რისკის შემცველია. თაითენინგის შედეგად გაძვირებული დოლარის გამო კრედიტების აღება გართულდება…“

ახალი საფიქრალი დაგვემატა – ოკეანის გაღმა მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, რაც ისედაც წაქცეულ ლარს კარგს არაფერს უქადის! თუმცა სხვისი არ ვიცი და ჩემთვის დასკვნა ერთია — ეკონომიკის განვითარების გარეშე ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარდაუვალია!..

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

მთავარი თემები