იწვევს თუ არა ჰაერის დაბინძურება სიმსივნეს – რა მდგომარეობაა თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობები თბილისში
საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვის ექსპერტი ტომ კოვაჩი საქართველოში ჰაერის დაბინძურებას საწვავის ხარისხს, მოძველებულ ავტოპარკს და შეშის დიდი ოდენობით მოხმარებას უკავშირებდა. შეიძლება ითქვას, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა - საგანგაშო.

თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, გადატვირთულ და ხმაურიან ქუჩებთან ერთად, დაბინძურებული გარემო და ჰაერია. ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად არიან დაკავებული იმის განსჯით, იწვევს თუ არა ჰაერის დაბინძურება სიმსივნის შემთხვევების გახშირებას. გარდა ამისა, საზოგადოება ასევე შეაშფოთა ცნობამ იმის შესახებ, რომ ამერიკაში ქართულ სანელებლებში ტყვიის დაუშვებელი შემცველობა აღმოაჩინეს.

„Sputnik—საქართველოს“ ანალიტიკოსი დაინტერესდა, არის თუ არა საშიში თბილისის ჰაერი და ქართული სანელებლები ადამიანის სიცოცხლისათვის, რატომ ვრცელდება ასეთი ცნობები და რას გეგმავს ხელისუფლება როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის შესამცირებლად.  

საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტომანქანებია

საქართველოს ცალკეულ რეგიონებში ეკოლოგიური პრობლემები ძალიან მწვავედ დგას. მართალია, საბედნიეროდ, ადამიანის მოწამვლის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ვინც ამ ბოლო პერიოდში საქართველოს ზღვისპირეთს ესტუმრა, მოწმე გახდებოდა იმის, თუ როგორ ტივტივებს ზღვაში ხშირად გაურკვეველი წარმოშობის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 

ასევე მწვავედ დგას დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ზესტაფონი, კასპი, ჭიათურა – ის სამრეწველო ქალაქებია, სადაც განსაკუთრებით მაღალია სიმსივნეების რაოდენობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. 

Facebook-მომხმარებლები ბოლო პერიოდში ხშირად აზიარებენ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გამოკვლევებს, რომელიც “ფაინენშელ ტაიმსში” დაიბეჭდა და, რომლის მიხედვითაც, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰაერის დაბინძურების გამო ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. გაზეთის ინფორმაციით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველდღიურად 18 ათასი ადამიანი იღუპება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება ამ მიზეზით. ჰაერის დაბინძურება და ნახშირორჟანგის ზრდა მათში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და  სიმსივნეებს იწვევს. სიმსივნე კი სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებათა შორის მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 

იმედი მაქვს, ზაფხულის ამ მშვენიერ დღეს ძალიან არ დაგზაფრეთ. ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის არსებობას აღიარებენ, მაგრამ საქმე არც ისე ცუდად ყოფილა, როგორც ეს სტატია იუწყება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული სანელებლები შეამოწმა. ზოგიერთ მათგანში ტყვიის შემცველობა ნამდვილად იყო მომატებული, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, როგორც ამას მასმედია იუწყებოდა. „65 აღებული ნიმუშიდან მხოლოდ 7-ში აღმოჩნდა მომატებული დოზა. საკითხავია ისიც, ამერიკაში გამოკვლეული სანელებლები იყო თუ არა ქართული. ჩვენთან სანელებლების უმრავლესობა შუა აზიიდან შემოდის. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა ასეთი სქემა — იფქვევა ფილა და იონჯა, ხდება მათი შეღებვა ტყვიის შემცველი საღებავით და მას მცირე ოდენობით ურევენ ნამდვილ სანელებელს. ჩვენ ამ ფალსიფიკაციას უნდა ვებრძოლოთ და არა სანელებლებს. გარწმუნებთ, ისინი ნამდვილად უსაფრთხო და სასარგებლოა, თუ ტექნოლოგიურად სწორადაა დამზადებული“, — ამბობს აკაკი ზოიძე. 

ჰაერის მონიტორინგის სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ახალი სადგურები დაამონტაჟეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს რომ ის მონაცემები, რაც „ფაინენშელში“ გამოქვეყნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მოძველებულია და საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაციის შეცვლის მოთხოვნით საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს უკვე მიმართა. 

„ბოლო კვლევებით, კავშირი სიმსივნეებსა და ეპიდემიურ ფაქტორებს შორის უფრო მეტად გამოიკვეთა“, — ამბობს ზოიძე და გარემოზე ზემოქმედების ზიანის შემცირებას სამ ფაქტორში ხედავს. ესაა ბენზინის ხარისხის კონტროლი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება და თამბაქოს მოხმარების კონტროლი, რადგან „თამბაქო ისევე აბინძურებს შენობებს შიგნით ატმოსფეროს, როგორც ბენზინი — ქუჩის ჰაერს“. 

სხვათა შორის, გარემოს დაცვის ექსპერტი ტომ კოვაჩი საქართველოში ჰაერის დაბინძურებას სწორედ საწვავის ხარისხს, მოძველებულ ავტოპარკს და შეშის დიდი ოდენობით მოხმარებას უკავშირებდა. შეიძლება ითქვას, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა — საგანგაშო. ასე რომ, ისუნთქეთ სუფთა ჟანგბადით, მიირთვით სანელებლებით შეზავებული გემრიელი კერძები და იფიქრეთ, როგორ ვიცხოვროთ უკეთ, უფრო ჯანსაღ გარემოში.

ყველა ახალი ამბავი
0