ნინოსა და ილიკოს ცხოვრება: ამბავი ბერიას ფუჭი არშიყისა და ცნობილი ბალერინის დასმენისა

© photo: Sputnik / V. Bukhnikashvili / გადასვლა მედიაბანკშინინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ავტორი იგორ ობოლენსკი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სიყვარულისა და საოცარი თავგადასავლების ისტორიას გიამბობთ.

1937 წლის იანვარში მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადა გაიმართა. საკონცერტო ნომრებს შორის, რომლებითაც საბჭოთა საქართველოს მოსკოველი მაყურებელი უნდა დაეპყრო, იყო ხალხური ცეკვაც ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის შესრულებით.

ბოლო მომენტში ნინო რამიშვილს სცენაზე გასვლის ნება არ მისცეს — მისმა გვარმა ძალზე არასასიამოვნო ასოციაციები აღუძრა კომუნისტ ხელმძღვანელობას. საქმე ისაა, რომ საქართველოს მცირეხნიანი დამოუკიდებლობის პერიოდში სწორედ მისი მოგვარე — ნოე რამიშვილი გახლდათ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი.

© არქივის ფოტონინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი - Sputnik საქართველო
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი

მაგრამ მიღებაზე, რომელიც დეკადის მონაწილეებს კრემლში გაუმართა იოსებ სტალინმა, ნინო რამიშვილი მაინც მოხვდა – როგორც მოცეკვავე ილიკო სუხიშვილის მეუღლე, რომლის ცეკვამაც ბელადი აღაფრთოვანა. მიუხედავად ამისა, ილიკო დაჯილდოებულთა სიაში მაინც ვერ მოხვდა — როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ცოლად ესოდენ არასაიმედო გვარის ქალი ჰყავდა.

როდესაც სტალინისთვის მომავალი ლაურეატების ჩამონათვალი წარუდგენიათ, გაჰკვირვებია, რატომაა ასე ცოტა ხალხი სიაშიო? და ლავრენტი ბერიასაც მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის დაუწყია სირბილი — პირდაპირი მნიშვნელობით — და მათი გვარების დასაჯილდოებელთა სიაში შეტანა. ამჯერად ილიკო სუხიშვილის ყურადღების მიღმა დატოვება აღარ მოხერხდა.

ანსამბლი სუხიშვილები - Sputnik საქართველო
სუხიშვილები: გუშინ, დღეს, ხვალ...

იოსებ სტალინმა დეკადის მონაწილეებს ჩამოუარა და პირადად მიულოცა დაჯილდოებულებს ორდენები. ილიკო სუხიშვილმაც შემთხვევით ისარგებლა და ბელადს მეუღლე წარუდგინა.

— თქვენი გვარი რამიშვილია?— ჩაეკითხა ნინოს სტალინი. — კი მაგრამ, განა უკვე ყველა მენშევიკი არ დავაპატიმრეთ?

ნინოს შეშინებია. უფიქრია, აქვე, კრემლის დარბაზში დამაპატიმრებენო. საბოლოოდ ყველაფერმა მშვიდობიანად კი ჩაიარა, მაგრამ… ნინოს ბანკეტის განმავლობაში არაერთხელ დაუჭერია ბერიას დაჟინებული მზერა პენსნეს ქვემოდან.

საბჭოეთის მთავარი ჩეკისტის ამგვარი ყურადღების მიზეზს ნინო რამიშვილი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგღა შეიტყობს. ბერიამ ის სასტუმრო „ნაციონალის“ ნომერში მიიწვია, გაშლილ სუფრასთან დასვა და ღიად დაუწყო არშიყი.

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშილავრენტი ბერია
ლავრენტი ბერია - Sputnik საქართველო
ლავრენტი ბერია

— რატომ აძლევთ თავს უფლებას, ასე მოიქცეთ ჩემთან? იმიტომ რომ ბერია ბრძანდებით? ხომ არ გავიწყდებათ, რომ თქვენ წინ გათხოვილი ქალია?! — ადგილი მიუჩენია გაბრაზებულ ნინოს ლავრენტი პავლოვიჩისთვის.

საბედნიეროდ, მის სიტყვებს ბერიას მხრიდან საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. მხოლოდ ეს უთქვამს:

— მტკივნეულ მაზოლზე ფეხს ნუ დამაჭერთ. ნუ გგონიათ, რომ ყველა ქალი მხოლოდ გვარის გამო იჭერს საქმეს ჩემთან.

და მაინც, ნინო რამიშვილის დაუსჯელობის მიზეზი არც ბერიას დიდსულოვნება იყო და არც თავად მოცეკვავის ბედი.

უბრალოდ, ილიკო სუხიშვილის საცეკვაო ხელოვნება იმ მომენტისთვის უკვე სარგებლობდა სტალინის სიყვარულით და გამჭრიახმა ჯალათმა ვეღარ გაბედა ბელადის ფავორიტის მეუღლის წყენინება.  

სტალინის კეთილგანწყობა ილიკოსადმი კრემლის დარბაზში ზემოთ ხსენებულ მიღებაზევე გამოჩნდა. ვახშმის შემდეგ სუხიშვილმა საპატიო სტუმრებისთვის იცეკვა და ეს ნომერი ფრიად და ფრიად მოსწონებია მის ძლევამოსილ თანამემამულეს.

— როგორი განათლებული ყოფილხარ ფეხებში! დღეს კეთილი ვარ, მთხოვე, რაც გინდა, — უთქვამს მას ილიკოსთვის.

თანაშემწეებიც მყის მომზადებულან ილიკოს ჩამონათვალის ჩასაწერად: ბინისა, აგარაკისა, მანქანისა. სწორედ ასე გამოიყურებოდა ხოლმე ბელადის ახლად გამოჩეკილი ფავორიტების სათხოვრების ტრადიციული სია.

სუხიშვილები, ცეკვა სამაია - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები" - ქართული კულტურის სიამაყე გუშინ, დღეს, ხვალ

ილიკო სუხიშვილს ჩამოთვლილიდან იმ დროს არც ერთი არ ჰქონდა — ყმაწვილ ცოლთან და მის ნათესავებთან ერთად ოროთახიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა თბილისში.

მისი პასუხი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: თქვენი სურათი მაჩუქეთ თქვენივე ავტოგრაფითო, უთქვამს ბელადისთვის.

სტალინს ყურადღებით შეუხედავს სუხიშვილისთვის, ბეჭზე ხელი შემოურტყამს და უთქვამს:

— ყოჩაღ, ბიჭო!

ნინოსა და ილიკოს სასტუმროს ნომერში მეორე დღესვე გამოჩნდნენ შიკრიკები კრემლიდან და ამანათი მიართვეს — ბელადის პორტრეტი ქართული ავტოგრაფით: „ილიკო სუხიშვილს იოსებ სტალინისგან“.

მერე და მერე გაირკვა, რომ ილიკოს არჩევანი სწორზე სწორი იყო. სუხიშვილი-რამიშვილების ბინაში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდებულმა სტალინის ხელმოწერით დამშვენებულმა ფოტომ არაერთხელ იხსნა ისინი მრისხანე ორგანიზაციების დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ფორმიანები, როგორც კი მასპინძლების ბელადთან მეგობრობის დამადასტურებელ საბუთს ჰკიდებდნენ თვალს, მაშინვე უსიტყვოდ მიდიოდნენ უკან.

© არქივის ფოტოდიდი ნინოსა და დიდი ილიკოს „ცეკვა ქართული“
დიდი ნინოსა და დიდი ილიკოს „ცეკვა ქართული“  - Sputnik საქართველო
დიდი ნინოსა და დიდი ილიკოს „ცეკვა ქართული“

სხვათა შორის, ჯილდოებმაც ვეღარ აუარა გვერდი ილიკოსა და ნინოს. რამდენიმე წლის შემდეგ სტალინს კვლავ წარუდგინეს ხელმოსაწერად სტალინური პრემიების ლაურეატთა ნუსხა. როდესაც ბელადს სიისთვის დაუხედავს და დაუნახავს, რომ მისი საყვარელი თანამემამულეები მეორე ხარისხის ჯილდოზე იყვნენ წარდგენილები, თანაშემწისთვის უკითხავს:

— რატომ აძლევთ სუხიშვილსა და რამიშვილს მხოლოდ მეორე ხარისხს?

და როდესაც პასუხად მოუსმენია, რომ თურმე პირველი ხარისხის ჯილდოებისთვის მათ სახელმწიფო კომისიის ორი წევრის ხმა დაკლებიათ, მის კაბინეტში მყოფი ვოროშილოვისკენ გაუქნევია თავი და უთქვამს:

— იმედი მაქვს, ჩემი და კლიმენტის ხმები საკმარისი იქნება?!

© photo: Sputnik / ივან შაგინი / გადასვლა მედიაბანკშიიოსებ სტალინი და კლიმენტ ვოროშილოვი
იოსებ სტალინი და კლიმენტ ვოროშილოვი - Sputnik საქართველო
იოსებ სტალინი და კლიმენტ ვოროშილოვი

და ქართველი მოცეკვავეები პირველი ხარისხის სტალინური პრემიისა და იმ დროისთვის უზარმაზარი თანხის — ასი ათასი მანეთის მფლობელები გახდნენ. 

… ნინო რამიშვილმა მომავალი მეუღლე თბილისის ოპერის თეატრში გაიცნო, სადაც ილიკო სუხიშვილი ცეკვებს დგამდა სპექტაკლებისთვის.

მათი შეხვედრა ბევრად ადრეც შეიძლებოდა შემდგარიყო — მაშინ, როდესაც ნინოცა და ილიკოც მარია პერინის საბალეტო სკოლაში დადიოდნენ ტფილისში. თუმცა ილიკოს მალევე მიუტოვებია სკოლა, ვინაიდან ოჯახს სწავლის ქირის გადასახდელი თანხა არ ჰქონდა. ნინომ კი საბალეტო სკოლა დაამთავრა და კარგი ბალერინაც დადგა.

სხვათა შორის, სწორედ ამის გამო უკამათიათ პირველად და უკანასკნელად მომავალ მეუღლეებს.

ილიკოსთვის ნინოსთან ერთად ერთ-ერთ ბალეტში ცეკვა შეუთავაზებიათ, მას კი კატეგორიული უარი განუცხადებია, „კლასიჩკასთან“ ერთად არ ვიცეკვებო. თუმცა რეპეტიციებზე სიარული მაინც დაუწყია.

© სუხიშვილებიეს საოცრად ჰარმონიული წყვილი გახლდათ. ილიკოს დიპლომატია ნინოს უკომპრომისობას ერთგვარად აბალანსებდა, რომელიც ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს
ეს საოცრად ჰარმონიული წყვილი გახლდათ. ილიკოს დიპლომატია ნინოს უკომპრომისობას ერთგვარად აბალანსებდა, რომელიც ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს - Sputnik საქართველო
ეს საოცრად ჰარმონიული წყვილი გახლდათ. ილიკოს დიპლომატია ნინოს უკომპრომისობას ერთგვარად აბალანსებდა, რომელიც ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს

დაუწყია და კიდეც შეუმჩნევლად შეჰყვარებია ნინო, კიდეც უცეკვია მასთან ერთად და მერე ცოლობაც უთხოვია.

ნინო რამიშვილს უთქვამს, მძულს ეს საქორწინო ბიუროები და უცხო, გაბოროტებული ქალები, ყალბად რომ გილოცავენ დაოჯახებას, თვითონ სიტყვა „რეგისტრაციაც“ კი მაგიჟებსო.

ამიტომაც ნინომ და ილიკომ მთელი ცხოვრება ხელმოუწერლად, ოფიციალური ქორწინების გარეშე განვლეს. მათი ერთადერთი ვაჟი თენგიზი ხუმრობდა კიდეც, კიდევ კარგი, მშობლებმა მე მაინც დამარეგისტრირესო.

… რომ შეუღლდნენ, პატარძალი 20 წლის იყო, სასიძო — 21-ისა.

© არქივის ფოტოსაქართველოში ნინო რამიშვილს სრულიად მართებულად მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ყველაზე ნატიფი გემოვნების მქონე ქალბატონად
საქართველოში ნინო რამიშვილს სრულიად მართებულად მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ყველაზე ნატიფი გემოვნების მქონე ქალბატონად - Sputnik საქართველო
საქართველოში ნინო რამიშვილს სრულიად მართებულად მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ყველაზე ნატიფი გემოვნების მქონე ქალბატონად

ნინოს ოროთახიან  ბინაში დასახლდნენ, სადაც მათ გარდა კიდევ ნინოს დედა, და და ძმა ცხოვრობდნენ ოჯახებით — სულ 11 სული. ნინოს მამამ კი მთელი ცხოვრება გადასახლებაში გაატარა, ვინაიდან ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებისთვის ხელის არშეშლა ედებოდა ბრალად.

შვილისთვის ქორწინებაზე კურთხევა წერილობით მიუცა: როგორც ყველაფრიდან ჩანს, ილიკო კარგი ყმაწვილია და ბედნიერი იქნები მასთან; თუ არადა, შინ დაბრუნდები, ეგაა და ეგო, მოუწერია ქალიშვილისთვის.

ესოდენ თავისუფალი შეხედულებები 30-იანი წლების საქართველოსთვის ძალზე რევოლუციურად ჟღერდა.

სუხიშვილების ბალეტის მოცეკვავეები ნინო რამიშვილის სამოსში გამოეწყვნენ - Sputnik საქართველო
"სუხიშვილების" მოცეკვავეებმა ნინო რამიშვილის კოსტიუმები მოირგეს

1937 წელს ნინო რამიშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ოპერისა და ბალეტის თეატრი. მიზეზი: ერთ-ერთი წამყვანი ბალერინის დასმენა, თითქოს ნინოს მისი მოწამვლა სურდა.

ქალი „ენკავედესთვის“ მიწერილ წერილში იმასაც კი აღწერდა, როგორ შეეძლო ნინოს ამის გაკეთება: რძის ბოთლში შეუძლია საწამლავი ჩამიყაროს, რომელსაც რეპეტიციებისას კულისებში ვტოვებო.

— თავად მოიწამლავს თავს და მე დამაბრალებს, — იფიქრა ნინომ და თეატრიდან წასვლაზე განცხადება დაწერა. აღარც ილიკო გაჩერებულა ოპერაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც ქორეოგრაფის, კარიერა აღმავლობის გზაზე იყო.

© არქივის ფოტოსუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლს, რომელთა სახელებიც შემდგომში მსოფლიო ბრენდებად იქცა, ანალოგი არ ჰქონდა
სუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლს, რომელთა სახელებიც შემდგომში მსოფლიო ბრენდებად იქცა, ანალოგი არ ჰქონდა  - Sputnik საქართველო
სუხიშვილ-რამიშვილის ანსამბლს, რომელთა სახელებიც შემდგომში მსოფლიო ბრენდებად იქცა, ანალოგი არ ჰქონდა

სწორედ იმ მომენტიდან დაიწყეს ნინომ და ილიკომ ერთად ცეკვა და ერთობლივი ნომრების დადგმა. ჯერ თბილისში გამოდიოდნენ, მერე კი მოსკოვში, სადაც ლეონიდ უტიოსოვის ჯაზ-ორკესტრსა და წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში ცეკვავდნენ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში წყვილი ხალხური ცეკვების საკუთარ კოლექტივზე ოცნებობდა… და 1945 წელს მოახერხეს კიდეც მისი ჩამოყალიბება. სუხიშვილი-რამიშვილის ანსამბლს, რომელთა სახელებიც შემდგომში მსოფლიო ბრენდებად იქცა, ანალოგი არ ჰქონდა.

ეს საოცრად ჰარმონიული წყვილი იყო. ილიკოს დიპლომატია ერთგვარად აბალანსებდა ნინოს უკომპრომისობას, რომელიც ყოველთვის პირში ეუბნებოდა ადამიანებს სათქმელს. ამის გამო ილიკო, როგორც წესი, ნინოს გარეშე დადიოდა ხოლმე ოფიციალურ მიღებებზე.

ნინო კი მაინც ისე იქცეოდა, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. ერთხელ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასტროლებისას, როცა შეუტყვია, რომ მისი ოთახის კართან „კაგებეს“ თანამშრომელი მოკალათებულიყო და მის საუბარს უსმენდა, ნინოს მთელი ძალით გაუგლეჯია კარი და მოყურადე ჩეკისტი ძირს დაუნარცხებია.

საქართველოში ნინო რამიშვილს სრულიად მართებულად მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ყველაზე ნატიფი გემოვნების მქონე ქალბატონად. შინ უზარმაზარი გარდერობის ოთახი მოაწყობინა, რომლის თაროებიც თითოეული კაბისთვის შესაფერი უამრავი ჩანთითა და ფეხსაცმლით იზნიქებოდა. 

ნინოს ყოველი დილა სიგარეტით იწყებოდა და უზმოზე რომ არ მოეწია, ილიკო დილაობით ლანგარზე დალაგებულ რძესა და ყავას მიართმევდა ხოლმე მეუღლეს. ერთად ცხოვრების 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთადერთხელ დაარღვია ეს ტრადიცია — თავისი გარდაცვალების დღეს…

მოდური ჩალმით, განუყრელი სიგარეტით, სამაჯურებით ხელებდამშვენებული ნინო რამიშვილის სარეპეტიციო დარბაზში გამოჩენა თრთოლვას ჰგვრიდა მოცეკვავეებს. მუშაობისას მართლაც საოცრად მკაცრი და ხანდახან მკვეთრი ქალბატონი შინ სათნო ბებიად გადაიქცეოდა ხოლმე და სიამოვნებით ატარებდა დროს შვილიშვილებთან.

ნინომ ილიკოზე 15 წლით მეტ ხანს იცოცხლა. ძილის წინ, როგორც წესი, „წამალს“ ითხოვდა — 50 გრამ კონიაკს. მერე საძინებლის კარს მიხურავდა და მოგონებებთან მარტო რჩებოდა…

ყველა ახალი ამბავი
0