სუხიშვილები: გუშინ, დღეს, ხვალ...

ანსამბლი "სუხიშვილები"
ანსამბლი სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ქართულ ფენომენზე უამრავი უამრავჯერ დაწერილა, გაგვიგია და გვინახავს. ძნელია რაღაც ახალი მოვუთხროთ ჩვენს მკითხველს... და მაინც... Sputnik-ის ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი "სუხიშვილების" ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე ...

1869 წლამდე "ლასკალაში" არცერთ  ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს. პირველი ხალხური ცეკვა, რომელიც მილანის სახელგანთქმული საოპერო თეატრის სცენაზე შესრულდა, „ფარცა“ იყო. ქართველმა მოცეკვავეებმა "ლასკალას" თითქმის საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს და ორსაათიანი პროგრამის დასრულების შემდეგ, დარბაზი ფეხზე დააყენეს. ოვაციების თანხლებით ფარდა 14-ჯერ აიწია. ქართული ხალხური ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა ენრიკო კარუზოს რეკორდი მოხსნა ამით. 

ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" ისტორიიდან
ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ სუხიშვილების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების" ისტორიიდან

ანსამბლი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა. ნიუ-ორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. ქართველებმა ამის შემდეგ ინგლისი დაიპყრეს, მათ მიერ შესრულებულმა ცეცხლოვანმა ცეკვებმა კი პარიზი საერთოდ გააოგნა.  ეს იყო დასი,  რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა გაზეთებმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ ანსამბლად აღიარა. ამ ყველაფრის უკან კი მხოლოდ ორი ადამიანი, ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი იდგა. „სუხიშვილები“ — ასე უწოდებენ მათ საქართველოში. წელს ანსამბლს 70 წელი შეუსრულდა. 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1929 წელია. თბილისის კინოთეატრში დარბაზი გადაჭედილია. ყველა სულმოუთქმელად ელოდება, ვინ გახსნის სეანსს. დარბაზში დოლის ხმა გაისმა… მოულოდნელად სცენაზე ორი ჩოხიანი მოცეკვავე გამოჩნდა. ერთს შავი ჩოხა აცვია, მეორეს — თეთრი. ისე ცეკვავენ, რომ მაყურებელი ნელ-ნელა ფეხზე დგება. ორივე გატაცებით, თავდავიწყებით ცეკვავს. შავჩოხიანს ტოლს არ უდებს თეთრჩოხიანი… ცეკვის ბოლოს თეთრჩოხიანმა ბოხოხი მოიძრო და თმა ტალღებად გადმოეშალა. დარბაზი კინაღამ დაინგრა, როცა დაინახეს, რომ ის ქალი იყო. ეს ქალბატონი ნინო რამიშვილი გახლდათ. შავჩოხიანი კი ლეგენდარული მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი, რომლის სახელთან არაერთი ქართული ცეკვაა დაკავშირებული. მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქალბატონი ნინო ამ ანსამბლს. მოცეკვავეებთან ერთად დღესა და ღამეს ასწორებდა. ამ მინიატურულ ქალს ულევი ენერგია ჰქონდა. მისი ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ კიდეც. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, გოგო-ბიჭები ერთობოდნენ, ერთმანეთში ლაზღანდარობდნენ ხოლმე, მაგრამ საკმარისი იყო დარბაზში მას ფეხი შეედგა, რომ უმალ ყველა გაისუსებოდა. ტანად პატარას ყველა „დიდ ნინოს“ ეძახდა, რომელიც მართლა ცეკვის დედოფალი გახლდათ. 

© courtesy of R. Shaishmelashviliქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა "ხევსურული"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა ხევსურული - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე - ცეკვა "ხევსურული"

ანსამბლის პირველი მოცეკვავე ილიკო თაყაიშვილი დიდი სიყვარულით იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ანსამბლში ცეკვავდა:

„ქალბატონ ნინოს ვერ უხსენებდი ანსამბლის წევრზე აუგს. თუ რამეს დააშავებდი და ამ დროს ილიკო საყვედურით მოგმართავდა, მაშინვე ილია ილიჩს ჩხუბს უწყებდა. მაგრამ მერე შეგიყვანდა ოთახში და იქ შეიძლება სილა გაეწნა კიდევაც შენთვის. (იცინის)… 

რიგაში ვართ, ბორანით გადავდივართ მდინარე ელ კავოზე. ბორანზე დგას მანქანა, ზედ აწყვია ჩვენი კოსტუმების ყუთი. ავხტი იმაზე, რადგან ზევიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. უცებ ნინა მეძახის:  

— ჩამოდი, ილიკო, მაქედან! 

— არა რა, ვიქნები რა, ნინო შავლოვნა, რა. 

— ჩამოდი, ილიკო, რომ გეუბნები!

— არა, რა, ნინა შავლოვნა, გთხოვ რაა…

ამ ლაპარაკში ვართ და მანქანაც დაიძრა და  ფეხი მომყვა ყუთსა და ბორტს შორის.

 — ჩამოდი! — უკვე მიყვირის ნინა შავლოვნა. 

რა ჩამოვიდე?! ესე იგი, თმებიც კი მტკივა ფეხისაგან…

როგორც იქნა, ჩამოვედი. 

— ფეხი ხომ არ იტკინე? 

— არა, ნინა შავლოვნა…

ძლივს  წამოვედი. იმ საღამოს კონცერტი გვქონდა. სცენაზე კიდევ დამიძახა: 

— ფეხი ხომ არ გტკივა?

— არა, ნინა შავლოვნა. 

არადა, სიცოცხლე გავათავე. მოვედი ვაგონში და ვწევარ. და რას ვხედავ?! ნინა მოდის ვედროთი ხელში და ცივი წყალითა და ყინულებით: „ტი დურაკ“, — მითხრა, შენ არ გაიკეთებ ამასო და აი, დედა რომ შვილს გაუკეთებდა, აი ისე, ფეხი ამ ცივ წყალში ჩამაყოფინა და მთელი ღამე მიზელდა, რომ მომრჩენოდა. 

ნინო და ილიკო მეგობრები ხომ იყვნენ  და ამავე დროს მშობლებიც იყვნენ ჩვენი, გეფიცებით ყველაფერს! გეუბნებით, რა! ძმა ძმას არ გაუკეთებდა, მამა არ გაუკეთებდა შვილს და დედა არ გაუკეთებდა შვილს იმას, ნინო და ილიკო რომ იყვნენ ამ ანსამბლისთვის. 

© რ. შაიშმელაშვილიქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ყარაჩოხელი"
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა ყარაჩოხელი - Sputnik საქართველო
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", გიორგი მანჯგალაძე, თამარ ხურცილავა, ლადო მაჭავარიანი - ცეკვა "ყარაჩოხელი"

იმდენი რამე მაქვს მოსაგონარი, იმდენი სითბო მაქვს მოსაგონარი მაგ ხალხზე, რომ ვილაპარაკო  მთელ ამ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე,  ვერ მოვრჩები.  დროც არ ეყოფა, რომ მოვყვე ის ამბები, რამდენი სიკეთე, რამდენი სითბო და რამდენი გაჭირვება გვაქვს გადატანილი ამ  ანსამბლში. დღეს კიდევ,  ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, რომ ერთი პატარა აგური მეც მაქვს დადებული ამ ანსამბლის წარმატებაში!“

მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ქართული ცეკვა ძირითადად დღესასწაულებზე სრულდებოდა. სუხიშვილი და რამიშვილი იყვნენ პირველები, ვინც ამ ცეკვებს სასცენო სახე მისცეს. სუხიშვილმა და რამიშვილმა შემსრულებელთა რაოდენობაც გაზარდეს და ამით სოლისტებს შთამბეჭდავი ფონი შეუქმნეს. მათი ცეკვები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ისინი ერთი სიახლით არასდროს კმაყოფილდებდნენ. ხშირად მთელ საქართველოშიც მოგზაურობდნენ და ასე ნელ-ნელა შეკრიბეს ის ქართული მარგალიტები, რომლებიც მთელ ქვეყანაში იყო გაბნეული. 

"სუხიშვილები", ცეკვა "სამაია"
სუხიშვილები, ცეკვა სამაია - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები", ცეკვა "სამაია"

სუხიშვილების ანსამბლის წარმატებაში დიდი წვლილი შეჰქონდა სასცენო კოსტიუმებსაც, რომლებიც განსაკუთრებული ფერთაშეხამებით გამოირჩეოდა.  კოსტიუმებს სოლიკო ვირსალაძე ქმნიდა, რომელიც პირველი დღიდან გვერდით ედგა მეგობრებს.

მასზე განსაკუთრებული სითბოთი გვესაუბრება ანსამბლის დირექტორი ქალბატონი ნინო სუხიშვილი:

"დიახ, სოლიკო ბებიას და ბუბუას 60 წელი გვერდით ედგა და ის მათთვის ოჯახის წევრივით იყო. მისნაირ მოკავშირეს, საკუთარი იდეების ასრულებაში, ნინო და ილიკო ვერ ინატრებდნენ. როდესაც ანსამბლის შექმნის საკითხი დადგა, რასაკვირველია, სოლიკო ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და პირველი კოსტუმებიც ანსამბლისათვის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით გააკეთა. უბრალო ტილო მოხატული იყო ფუნჯითა და საღებავებით. იმ პერიოდში არ იყო საშუალება, ომის წლები იყო, მეორე მსოფლიო ომს ვგულისხმობ, და მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, მაინც გააკეთეს პირველი კონცერტი და არავინ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი უბრალო, სადა ნაჭრებისგან იყო შექმნილი, რადგანაც  შორიდან აბრეშუმისა და უძვირფასესი ფარჩის იერსახე ჰქონდა ამ ყველაფერს". 

ახალგაზრდა ნინო და ილიკო სუხიშვილები
ახალგაზრდა ნინო და ილიკო სუხიშვილები  - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ნინო და ილიკო სუხიშვილები

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლმა 5 კონტინენტის 88 ქვეყანა მოიარა. კონცერტებს 50-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. დღეს მათ მიერ დაწყებულ საქმეს შვილიშვილები: ნინო სუხიშვილი და ილიკო სუხიშვილი-უმცროსი ღირსეულად განაგრძობენ. სწორი ხაზი, სინქრონული ცეკვა, ახალი ილეთები და მოძრაობები — სუხიშვილების მთავარი პრიორიტეტები დღემდე უცვლელია, თუმცა 70 წლის განმავლობაში ანსამბლში, თაობებთან ერთად, სხვა ბევრი დეტალიც შეიცვალა, რომლებსაც არაჩვეულებრივად აკეთებს ილიკო სუხიშვილი-უმცროსი.  მის მიერ დადგმული ახალი ცეკვები თუ პროგრამები მაყურებლის ზუსტად ისეთივე აღფრთოვანებას იწვევს, როგორსაც თავის დროზე დიდი  ნინო  რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დადგმულები იწვევდა.

ანსამბლის მენეჯერი და დირექტორის მოადგილე  ხატია ეკიზაშვილი:

"არ მინდა ვიყო ბანალური, მაგრამ „სუხიშვილების" ანსამბლი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ჩემი ოჯახია! ეს არ არის მხოლოდ სამსახური, სადაც დილით 9 საათზე მიდიხარ და 6 საათზე ბრუნდები. ჩვენ ერთად ბევრად მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე საკუთარ სახლებში. სხვა რომ არაფერი — თვეობით ერთად ვართ გასტროლებზე,ერთად გვცივა, ერთად ვიღლებით, ერთად გვიხარია, ერთმანეთს ვამხნევებთ… მართლა დაუსრულებლად შემიძლია ამაზე საუბარი. მე აქ გავიზარდე. 22 წლისა ვიყავი, როცა ამ ანსამბლში დავიწყე მუშაობა. ჩემს მშობლებს ნამდვილად არ ეწყინებათ და დამეთანხმებიან კიდეც, რომ ნინო სუხიშვილს არანაკლები წვლილი აქვს ჩემი პიროვნების (რომ არაფერი ვთქვა პროფესიულ უნარ-ჩვევებზე) ჩამოყალიბებაში. ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა და უკვე მეთერთმეტე წელია, ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ვმუშაობ.  

ნინო და ილიკო სუხიშვილები ბებია-ბაბუისა და ბატონი თენგიზ სუხიშვილის ღირსეული მემკვიდრენი არიან. ეს მარტო ანსამბლის წარმატებულ ხელმძღვანელობაში არ გამოიხატება. არ ვიცი, რამდენად ასაკობრივად შეჰფერით მათ ანსამბლის წევრებზე მშობელივით ზრუნვა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი ყოველი ჩვენი მოცეკვავის, მუსიკოსისა და უბრალოდ, ადმინისტრაციის თანამშრომელთა იმედები არიან!"

სუხიშვილები, ცეკვა სამაია - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები" - ქართული კულტურის სიამაყე გუშინ, დღეს, ხვალ

30 იანვარს ქართული ნაციონალური ბალეტი სრული შემადგენლობით ორთვიან საგასტროლო მოგზაურობაში გაემგზავრა. ორი თვის მანძილზე ანსამბლი 51 კონცერტს გამართავს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვეთში, ბელორუსიაში, პოლონეთსა და უკრაინაში. უკვე მეათე წელია, ეს ზამთრის ტრადიციულ ტურნედ იქცა და ამ ქვეყნებში მაყურებელი დიდი სიხარულითა და ოვაციებით ხვდება ანსამბლს. 

არა მარტო 2016, არამედ 2017 წელიც ნაწილობრივ გაწერილია და ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს ანსამბლს. დაგეგმილია ერთთვიანი ტურნე გერმანიაში, ერთთვიანი ტურნე უნგრეთში, გასტროლები ბულგარეთში, ირლანდიაში, ჩინეთში, ტაილანდში. კონცერტები გაიმართება ინგლისში, სტამბულში, საფრანგეთში… 

ყველა ახალი ამბავი
0