მოდის სამყაროში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა Tbilisi Fashion Week-ის მეთოთხმეტე სეზონი უნიკალური ჩვენებით გაიხსნა — მოდის მოყვარულთა წინაშე მოდელების ამპლუაში საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მოცეკვავეები წარდგნენ, რომლებმაც ანსამბლის დამაარსებლის, ლეგენდარული ნინო რამიშვილის არასასცენო კოსტიუმები წარმოადგინეს.
1950-1960-იანი წლების მსოფლიო მოდა თბილისის საკრებულის შენობის ფოიეში ერთი დღით გაცოცხლდა.
„ეპოქა და მოდა“ — ასე ეწოდება ამ ჩვენებას. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ანსამბლის მუზეუმში დაცული 15 კაბა ქალბატონ ნინო რამიშვილის გარდერობიდან. ძირითადად, ესაა საღამოს კაბები, რომელშიც ქალბატონი ნინო სცენაზე მაყურებლის წინაშე გამოდიოდა და ასევე რამდენიმე ყოველდღიური კაბა“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო სუხიშვილმა.
ანსამბლის მოცეკვავეები აღფრთოვანებასა და სიხარულს ვერ მალავდნენ პოდიუმზე ნინო რამიშვილის კაბების წარდგენისას.
მოდის ზეიმი, რომელიც თბილისში 19-23 ოქტომბრის პერიოდში იმართება, სავარაუდოდ, არა მარტო საინტერესო, არამედ მრავალფეროვანი იქნება.