14:13 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
136 0 0

აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ბაქო მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგული გაზეთ Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ მზად ვართ დღესვე შევწყვიტოთ (საბრძოლო მოქმედებები - რედ.). მე უკვე განვაცხადე ამის შესახებ მოსკოვში მოლაპარაკებების დროს 10 ოქტომბერს. საჭიროა მხოლოდ, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგ კი მოქმედებაზე დიპლომატები გადავლენ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან განმარტა, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს კონფლიქტის დარეგულირების პრინციპები, რომლებიც განსაზღვრულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ის მიერ, რომლებიც აზერბაიჯანმა, მისი თქმით, უკვე მიიღო.

„ამის შემდეგ დავუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

„ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო პოლიტიკურ დარეგულირებას მივაღწიოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სტატუს-კვო და შეხების ძველი ხაზი აღარ არსებობს, გაჩნდა ახალი რეალობა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო არა აზერბაიჯანმა, არამედ სომხეთმა. მან ბაქოს სამხედრო პასუხს თანაზომიერი უზოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ათავისუფლებდა და მომავალშიც გაათავისუფლებს „ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიებად“.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: თუ სომხები არ შეწყვეტენ ცეცხლს, ჩენ გავაგრძელებთ ჩვენი მიწების გათავისუფლებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ ეშინია მას, რომ თურქეთის ჩარევამ და მისი გავლით ყარაბაღში სირიელი ბოევიკების შესვლამ ლოკალური კონფლიქტი რეგიონულად შეიძლება აქციოს, ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ არის.

„მართლაც, სომხეთის იერიშის პირველ საათებში თურქეთის პრეზიდენტმა ჩვენ სასარგებლოდ მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოთქვა. მაგრამ ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს იმ ოთხი რეზოლუციის მკაცრი დაცვისკენ, რომლებიც ავალდებულებს სომხეთს დატოვოს მის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიები“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „არცერთი უცხოელი მებრძოლი არ იმყოფება“.

ყარაბაღის მომავლის შესახებ საუბრისას, ალიევმა განაცხადა, რომ ხედავს მას როგორც „აზერბაიჯანის აყვავებულ და უსაფრთხო ნაწილს, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ჰარმონიაში, მშვიდობაში და ღირსეულ პირობებში იცხოვრებენ“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

 

მთავარი თემები