17:34 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
გაზაფხული თბილისში

კვირა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება: ოცნებების ასრულება იწყება?!

© Sputnik / Alexander Imedashvili
ანალიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (348)
1094 0 0

იბრუნებენ თუ არა ქუთათურები პარლამენტს, რა სისტემური ცვლილებები იგეგმება, როგორ აისახება ხელისუფლების ფხიზელი ხედვა მოქალაქეების კეთილდღეობაზე, განახევრებული და გაუქმებული გადასახადები, გასტუმრებული კრედიტები და თვალებახელილი თემიდა...

სამსონ ხონელი

გიხაროდენ! ეს კვირა საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება! ახლა გადაჭარბებულს არაფერს ვამბობ... ქვეყანაში ძირეული ცვლილებები იგეგმება! ამჯერად არა საკადრო, არამედ სისტემური. დიახ, პრემიერ-მინისტრი პოსტზე რჩება, პორტფელებს ინარჩუნებენ დარგობრივი მინისტრები... საფრთხე არც პარლამენტის წევრებს ემუქრებათ, ისინი ხომ არჩეულები არიან. ამავე მოტივით სიმშვიდის საფუძველი აქვთ ქალაქებისა და რაიონების მერებსა და გამგებლებს, საკრებულოს წევრებს.

ერთი სიტყვით, ცვლილებები გაცილებით მასშტაბურია და შინაარსით მრავლისმომცველი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებამ მმართველი გუნდი გამოაფხიზლა და დააფიქრა კიდეც. მეოცნებე ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, ხალხის ხმა ყურად იღო და, ისეთი პირი უჩანს, პრიორიტეტად საქმე დაისახა ლაპარაკის ნაცვლად... რა ხდება ასეთი?! – ჩამეძიება მკითხველი და არც გაემტყუნება. წინამდებარე სტატიის პირველი სტრიქონები აშკარად დამაინტრიგებელია! რაღა გაეწყობა, ის დროა, თანდათან გაგანდოთ სათქმელი.

მომავალი მძიმე პოლიტიკური ბატალიების გათვალისწინებით, პოლიტოლოგები, ყოვლისმცოდნე თუ ერთ სფეროში ჩახედული ექსპერტ-ანალიტიკოსები მიგვანიშნებდნენ, რომ თვითგადარჩენის ინსტიქტი ხელისუფლებას ადრე თუ გვიან აიძულებდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად. ასეა თუ ისე, მოლოდინი გამართლდა... მივყვეთ თანმიმდევრულად:

ოთხშაბათს ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს დაიბრუნებს! ხალხის რჩეულები რიონისპირა ქალაქში შეიკრიბებიან. ბიუროს საგანგებო გაფართოებული სხდომისთვის სამზადისი დაწყებულია. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური ელიტის საკანონმდებლო ინიციატივების ვრცელი პაკეტის განხილვა. ეს სქელტანიანი დოკუმენტი ითვალისწინებს რადიკალურ ცვლილებებს როგორც კონსტიტუციაში, ისე კანონებში. სიახლე უკლებლივ ყველა სფეროს ეხება. პირველ რიგში პოლიტიკურ სისტემას, უფრო კონკრეტულად კი, სახელმწიფო მმართველობას, ხელისუფლების ფორმირებასა და ცალკეულ შტოებს შორის ურთიერთობას. მართვის სისტემაში ახლებურად არის გააზრებული ოპოზიციის როლი, მას მეტი ბერკეტი ეძლევა და პასუხისმგებლობაც უფრო მაღალი ექნება...

როგორც სახელისუფლებო კულუარებიდან სარწმუნო წყარომ შემატყობინა, საპარლამენტო რესპუბლიკას საპარლამენტო ანარქია ჩაანაცვლებს. არ მკითხოთ, ეს რა არისო. ეს ის არის, რაც, პრინციპში, ჩვენში უკვე არის, მაგრამ სახელდება აქვს სხვა... მომავალ წელს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ პროპორციული წესით ავირჩევთ. მაჟორიტარული სისტემა კი წარსულს ჩაბარდება. საპარლამენტო ოპოზიციისა და სალაყბოს მიღმა დარჩენილთა მოთხოვნაც ხომ ეს იყო. წყარომ დააკონკრეტა, რომ დაწესდება მინიმალური საარჩევნო ბარიერი, სულ რაღაც ერთი პროცენტი. ასე რომ, მაღალი ალბათობით, ყველა, ვინც პოლიტიკას გახახუნებია, მიუხედავად იმისა, „მაჯა ესინჯება“ თუ არა, საოცნებო მანდატს მოიპოვებს. ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, რომ პარლამენტში საზოგადოების ფართო ფენების ხმა იქნება წარმოდგენილი და სოფელიც უკეთესად აშენდება. წამყვან საპარლამენტო თანამდებობებს უმრავლესობა დაიკავებს. უმცირესობას კი სპიკერატში თავმჯდომარის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ერგება.

მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, სახალხო დამცველის პოსტსაც ოპოზიციის კანდიდატი დაიკავებს. მთავრობას კვლავაც პარლამენტი დააკომპლექტებს და, როგორც წყარომ მაცნობა, ყველა სამინისტროში ერთი მოადგილის თანამდებობა ოპოზიციის წარმომადგენელს დაეთმობა. მნიშვნელოვანი სიახლეა პოლიტიკური თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებაშიც. მათი ყოველთვიური სარგო საქართველოს მოქალაქის საბაზისო პენსიის მხოლოდ ხუთმაგ ოდენობას გაუტოლდება! ვიცი, უმალ ჩამეძიებით, რამდენი იქნება ეს საბაზისო პენსია? მოთმინება! ეს ცვლილებათა პაკეტის სხვა ნაწილია და მოგვიანებით მოგახსენებთ. იცვლება თანამდებობის პირთა სატრანსპორტო მომსახურების სქემაც. ნებისმიერი რანგის მოხელის სამსახურებრივი ავტომობილის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25000 ლარს. უნდა ითქვას, რომ ნახევრდება ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები. ქამრების მოჭერა რეალურად იწყება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური პროექტებისთვის ასეულობით მილიონ ლარს გამოათავისუფლებს.

ცვლილებები დაგეგმილია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაშიც. როგორც სანდო წყარო თავის მხრივ სანდო წყაროზე დაყრდნობით მაუწყებს, ე.წ. რეპუტაციაშელახული და სახელგატეხილი მოსამართლეები მანტიას გაიხდიან და სისტემას დატოვებენ, უვადოდ გამწესების შანსი აღარ მიეცემათ. შემუშავდება კრიტერიუმები ისე, როგორც ამას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ითხოვდა. მოკლედ, თემიდას თვალები ჩვენშიც აეხილება. კაცმა რომ თქვას, მერეა ცოდვა...

დარწმუნებული ვარ, მკითხველს ყველაზე მეტად სოციალურ-ეკონომიკური თემატიკა აღელვებს და სწორედ ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები აინტერესებს. როგორ აისახება ხელისუფლების ახლებური, ფხიზელი ხედვა მოქალაქეთა მაცივრებზე... პირველ რიგში, უფროსი თაობა უნდა გავახაროთ! მომავალი წლის იანვრიდან საქართველოს მოქალაქის საბაზისო პენსია 450 ლარი იქნება! თანაც ყოველთვიურად ამ თანხას დაემატება ე.წ. სტაჟის კოეფიციენტი – ერთ წელზე 5 ლარი. დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა კი ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის ნებაყოფლობითი ხდება.

ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებითაც – მინიმალური სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარი გახდება.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია საგადასახადო სფეროში. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი ნახევრდება და უკვე მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან, ნაცვლად ოცისა, ათი პროცენტი დაიქვითება. ხუთი წლის ვადით, გარდა საბაჟო ხარჯებისა, ყველა სახის გადასახადისგან თავისუფლდება ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვაც 200 ათას ლარს არ აღემატება. ასევე ყველა სხვა ბიზნესისთვის ნახევრდება მოგების გადასახადი. თვითდასაქმებულებიც ამავე ნორმებით ისარგებლებენ. უნდა ითქვას, რომ მათი რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.  

ცვლილებებია შრომის კოდექსშიც. საგრძნობლად ფართოვდება დასაქმებულთა უფლებები. გათავისუფლებული თანამშრომლისთვის მისაცემი კომპენსაციის მოცულობა ორიდან სამ თვემდე იზრდება. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ დემოგრაფიულ პრობლემაზე ვწერდი. ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ ორსულ ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ სრულად ანაზღაურებადი ორწლიანი ე.წ. დეკრეტული შვებულებით ისარგებლონ. ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ამ ვადას კიდევ ექვსი თვე დაემატება.

კიდევ ერთი სიახლე ეხებათ მოქალაქეებს, რომელთაც 2013 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში კრედიტი უცხოურ ვალუტაში აიღეს და ლარის კურსის გაუარესების გამო ძალიან იზარალეს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამ მოქალაქეებს კურსთა სხვაობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი დაუფარავს. ხაზს ვუსვამ, ეს არ ეხება ჯარიმებსა და საურავებს. დაგეგმილია სხვა ცვლილებებიც, თუმცა ყველაფერს ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს...

ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის დავიტოვე... ის, რაც აქ წერია, რეალობას აცდენილია! მიზეზი მარტივია, დღეს ხომ პირველი აპრილია!.. თუმცა, დაელოდეთ, რა იცით რა ხდება, მერე რა, რომ ჩვენში სულ პირველი აპრილია?!   

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (348)

მთავარი თემები