00:58 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საათი თბილისის ძველ უბანში

რა ხდებოდა მსოფლიოში გასულ საუკუნეებში 16-23 აპრილს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ანალიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
თამაზ ჩიქვანაია
7540

ისტორიის გადახედვა ყოველთვის საინტერესოა და ხშირად საჭიროც, რადგან, მოგეხსენებათ, მოვლენები ზოგჯერ მეორდება. ახლა ვნახოთ, რა ხდებოდა წინა კვირის განმავლობაში გასულ საუკუნეებში.

1314 წლის 19 აპრილს საფრანგეთის პრინცესებს მარგარიტა ბურგუნდიელსა და მის კუზინა ბლანკას (ფილიპე IV-ის რძლებს), მეუღლის ღალატი დასდეს ბრალად და შატო გაიარის ციხე-სიმაგრეში გამოამწყვდიეს. მარგარიტა 13 წლისა გაჰყვა ცოლად საფრანგეთის მომავალ მეფე ლუდოვიკო ჭირვეულს (1314-1316). ცოლ-ქმარს ერთმანეთი არ უყვარდა, ლუდოვიკო შემთხვევას არ უშვებდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობდა, სამაგიეროდ, იქით აწყობდა ეჭვიანობის სცენებს. 1314 წლის აპრილში, მარგარიტა და ბლანკა  შატო-გაიარში გამოამწყვდიეს, ხოლო მათი საყვარლები სამეფო კარის დიდებულები ფილიპ და გოტიე დ’ონე სასტიკად დასაჯეს — გააშიშვლეს, ცხენის ძუაზე გამოაბეს და ახლადმოთიბულ მინდორში ათრიეს; შემდეგ, ცოცხალ-მკვდრებს, ჯალათმა, ჯერ სასქესო ორგანო მოაჭრა, მერე თავი. ამ ამბიდან ერთი წლის თავზე, მარგარიტა ბურგუნდიელის საკანში შესულ ზედამხედველს, 24 წლის ექს-პრინცესა გაგუდული დახვდა, მოგვიანებით კი ბლანკა ჭკუიდან შეიშალა.

1370 წლის 22 აპრილს, საფრანგეთის მეფე კარლოს მეხუთემ ბასტილიის ციხე-სიმაგრის აშენების ბრძანება გამოსცა. კარდინალ რიშელიეს დროს ბასტილიას სახელმწიფო ციხედ იყენებდნენ; აქ, ძირითადად, პოლიტიკურ პატიმრებს ათავსებდნენ. დიდ მოაზროვნე ვოლტერს ორჯერ ხვდა  წილად პატივი მჯდარიყო ბასტილიის ერთსა და იმავე საკანში. 1789 წელს ამბოხებულმა პარიზელებმა შტურმით აიღეს ბასტილია, რასაც მოყვა კიდეც საფრანგეთის რევოლუცია. რატომღაც ფიქრობენ, რომ ციხე-სიმაგრეზე იერიში პატიმრების გასათავისუფლებლად მიიტანეს. სინამდვილეში, იარაღის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. იერიშის დროს სასჯელს მხოლოდ 7 პატიმარი იხდიდა.

1983 წლის 22 აპრილს ამერიკის ერთ-ერთ ციხეში უჩვეულო ამბავი მოხდა. 33 წლის სიკვდილმისჯილი ჯონ ლუი ევანსი ელექტროსკამზე  მყარად მიაბეს და მის სხეულში 1900 ვოლტიც გაატარეს, თუმცა, ევანსი გადარჩა. დაწყდა ქამრები, რომლითაც ის სკამზე იყო მიბმული, თავად კი მაინც სუნთქავდა. 4 წუთის შემდეგ, მეორედ სცადეს მისი მოკვლა და… ისევ უშედეგოდ! განსასჯელის  ადვოკატებმა სიკვდილით დასჯის შეჩერება მოითხოვეს, რათა შტატის გუბერნატორისთვის მისი პატიება ეთხოვათ, რადგან პროცესი უკვე არაადამიანურ სახეს იღებდა. გუბერნატორმა შეწყალებაზე უარი განაცხადა და 10 წუთის შემდეგ, უბედურმა ევანსმა მორიგ 1900 ვოლტს ვეღარ გაუძლო. მსგავსი შემთხვევები  სხვა დროსაც მომხდარა. 1989 წელს ჰორას დანკენსის მოკვლა სამჯერ უშედეგოდ სცადეს და მხოლოდ მეოთხე ჯერზე მიაღწიეს საწადელს. თუმცა, არაოფიციალურ „ჩემპიონად“ უილიამ ვენდივერი ითვლება (1985წელი). მისთვის სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ხუთი მცდელობა დასჭირდა.

ასეთი გახლდათ მოკლე ექსკურსი გასულ საუკუნეებში, საბედნიეროდ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით დემოკრატიის შუქურად აღიარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც რამდენიმე შტატში ჯერაც არ გაუუქმებიათ ეს კანონი.

 

მთავარი თემები