გუჯარები ადგილობრივი წარმოშობის წმინდა ინდოევროპული ხალხია, – მცირეოდენი ფარსული მინარევებით. სხვათა შორის, ჩვენზე დაახლოებით 10-ჯერ მრავალრიცხოვანი.
მეცნიერული საფუძვლების ძიება არ არის ამ მასალის მიზანი, მაგრამ როგორ უნდა აიხსნას გასაოცარი ენობრივი, ტოპონიმიკური, ონომასტიკური მსგავსებანი, მითოლოგიური დამთხვევები, რომლებიც უამრავი ვარაუდის საყრდენს ჰქმნის? ამ ფაქტის განმაპირობებელი წყაროა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ა) საქართველო-ინდოეთის უძველესი ეკონომიკურ-პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობა, ბ) ქართველთა რეალური შეღწევა ინდისა და განგის ნაპირებზე, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ მხარეებში.
დამტკიცებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენი წინაპრები რამდენიმეჯერ მართლაც მოხვდნენ ამ ქვეყანაში, არსებობს გარკვეული დამთხვევების ვრცელი მწკრივიც. აქედან კი ბევრი სენსაციური დასკვნის გაკეთება შეიძლება, მაგალითად: ბევრი სიტყვის ერთნაირი მნიშვნელობა: „პური'', „დუნია'' და ა.შ. აგრეთვე ლაშარის ტომის არსებობა ბელუჯებში, ღვთაების სახელი „ქალი''.
მსგავსება ბევრია. უფრო მეტად ტოპონიმიკურ ქსოვილში. საფრანგეთში დიდხანს მცხოვრებმა რუსთველოლოგმა გ. ციციშვილმა ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის პროვინციებში „ვეფხისტყაოსნის'' გეოგრაფიული არეალიც კი „დააზუსტა''. „მოძებნა'' შოთა რუსთაველის გმირების ონომასტიკური მასალაც და მათი მოქმედების ასპარეზის მანიშნებელი ტოპონიმებიც. გავიხსენოთ „ქართლის ცხოვრების'' ცნობები ვახტანგ გორგასალის ინდოეთში შეჭრის შესახებ; უტყუარი გადმოცემები შაჰ-აბას I-ისა და ნადირ-შაჰის ქართველ თანამოლაშქრეებზე.
შაჰ-აბას I-ს ინდოეთში ათასობით ქართველი შეჰყვა. ამ ქვეყანაში იყვნენ გ. სააკაძე და ჭაბუკი ერეკლე II-ე. ერეკლეს ინდოეთიდან გამოგზავნილი წერილებიცაა შემონახული, სადაც ჩანს ახალგაზრდა ბატონიშვილის გაოცება ინდური ეგზოტიკით. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ირანისა და დიდი მოგოლის იმპერიის სადავო სასაზღვრო ტერიტორიები დაკავებული ჰქონდათ ქართულ სამხედრო რაზმებს. ისინი თავზარს სცემდნენ ბელუჯისტანს, ქირმანს, ავღანეთს.
არსებობს საკმაოდ დასაბუთებული ვერსია, რომ ინდოეთში ქართველი ტყვეები თემურ-ლენგს შეუყვანია მეთხუთმეტე საუკუნეში. ტყვეების გაჭირვების ამბავმა ქალაქ დელიმდე მიაღწია. სხვათა შორის, ქალაქ დელის შაჰ-ჯეხან-აბადი ერქვა, ე.ი. შაჰ ჯეხანის ქალაქი. შემოკლებით ჯეხან აბადი. ქართველებში ეს სახელი გადმოვიდა, როგორც ჯანდაბა! ქართველებმა ეს მშვენიერი ქალაქი იქ ჩაღწევის სიძნელისა და გზაზე არსებული საშიშროების გამო ჯოჯოხეთს დაუკავშირეს. ამიტომაც „ჯანდაბაში მივდივართ'', ან „ჯანდაბამდის გზა გქონია'' ყოველთვის ჯოჯოხეთს როდი გულისხმობდა. არაიშვიათად საუბარი ეხება ქალაქ დელის. განვიხილოთ ერთი ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველები XV საუკუნეში აღწევდნენ ინდოეთამდე. ინდოსტანში ქართველები არ რჩებოდნენ უბრალო მონებად.
მოგვიანებით ფრანგი მისიონერი ჟან ბატისტ დე ტავერნიე მიუთითებდა, რომ დიდი მოგოლის იმპერიაში ქართველებს უპირატესობას აძლევდნენ. იგი წერდა: „ქართველებს ძალიან უყვართ მოგზაურობა და დიდი სოვდაგრებიც ჰყავთ. ისინი არაჩვეულებრივად მოხერხებულად ისვრიან შვილდ-ისარს. ცნობილნი არიან როგორც საუკეთესო ჯარისკაცები მთელს აზიაში. სპარსეთის შაჰი თავის კავალერიის ნაწილს ჰქმნის მათგან, ნაწილი ჰყავს სასახლესთან, ენდობა რა მათ თავდადებას და ვაჟკაცობას, მამაცობას. ბევრნი არიან დიდი მოგოლის სამსახურშიც''. ჯერ დელის სასულთნოს და მის დაშლილ სამფლობელოებში, შემდეგ კი შაჰ-აკბარის მიერ შექმნილ დიდი მოგოლის იმპერიაში ქართველებს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მათ პატივს სცემდნენ სიმამაცის, ერთგულებისა და გარეგნობის გამო.
ინდოეთში ქართველთა მოღვაწეობის არა ერთი ფაქტია ცნობილი. აქ არაფერს ვამბობ უკვე დამუშავებულ საკითხებზე: რაფაელ დანიბეგაშვილის მოგზაურობაზე: წმინდა ქეთევან წამებულის ნაწილების გადასვენებაზე ქალაქ გოაში, ან ერეკლე II ინტენსიურ კავშირზე ინდოეთის სომხურ დიასპორასთან და უკანასკნელ ბაგრატიონთა ცდებზე, პოლიტიკური კავშირი შეეკრათ ოსტ-ინდოეთის ინგლისურ კომპანიასთან.
ქართულ-ინდური ურთიერთობა ამოუწურავი თემაა.ამ უზარმაზარი ქვეყნის წიგნთსაცავებში, არქივებში, უამრავი მასალის მოძიება შეიძლება. შემოწმებას საჭიროებს ათასგვარი ლეგენდა, გადმოცემა. ერთი სიტყვით, გრანდიოზული პერსპექტივები აქვს მომავალში ამ მიმართულებით მუშაობას. დღეს მხოლოდ ამ მცირე მასალით შემოვიფარგლები, რადგან არც ფორმატი იძლევა მეტის საშუალებას და არც ჩემი ცოდნის მარაგი.