თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის რესურსი არა აქვს, რადგანაც მთავრობა სტაბილურობას ინარჩუნებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყნის მსჯავრდებულმა ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებთან ადმინისტრაციაში პლატფორმის ფარგლებში შეხვედრების ნაცვლად, ხალხის ქუჩაში გამოყვანა შესთავაზა.
„ამ წლების განმავლობაში ბევრად უფრო რთულ პერიოდში მოვახერხეთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ახალი პლატფორმა („ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“) სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მორაობის“ ღია ალიანსია.
„ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემიპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ერთი იდეის – ევროკავშირში გაწევრიანების გარშემო გაერთიანებისკენს მოუწოდა. ამ მიზნით ის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას და პრეზიდენტის აპარატთან საკოორდინაციო ცენტრის გახსნას აპირებს. ცენტრი შეაგროვებს იდეებს საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რათა შემდგომში ერთობლივი დოკუმენტი შემუშავდეს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.