კობახიძე: პრეზიდენტი სიცრუეს ტირაჟირებს

© courtesy of party "Georgian Dream"ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები გააკრიტიკა
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული და ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პროვოკაცია და ჰიბრიდული სტრატეგიის ნაწილი უწოდა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, , „ფეესბეს" მაღალჩინოსნების ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლას, 2023 წლის ივლისში ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემ Astoria Grande-ის ყოფნას, ასევე სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატზე საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის გამოსახვას.
„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა სახელმწიფოს... ის ყოველ ჯერზე უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, მათ შორის სიცრუის ტირაჟირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი
შეიძლებოდა თუ არა ხატზე სტალინის გამოსახვა და მით უმეტეს, ასეთი ხატის ქართულ ეკლესიაში გამოფენა - 6 იანვრის შემდეგ საქართველოში ეს თემა ყველაზე მეტად განიხილება. ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსებმა ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ეს ადასტურებს ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს პრორუსულ განწყობებს, მორწმუნეებმა კი კრიტიკოსები ეკლესიაზე მორიგ თავდასხმაში დაადანაშაულეს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის მიერ 6 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო და პოსტი იმის შესახებ, რომ სტალინი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ნგრევის ინიციატორი და ათასობით სასულიერო პირის მკვლელი, ასობით ადამიანმა გაავრცელა. სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აივსო ამ საკითხთან დაკავშირებული კომენტარებით.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს საკითხი საშობაოდ წამოიჭრა და პირველად არ ხდება, როდესაც დღესასწაულის სკანდალით გადაფარვა სურთ.
წმინდა მატრონას ხატი, რომლის ერთ-ერთ ნაწილში სტალინია გამოსახული, სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
სამშაბათს, 9 იანვარს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავები აქვს მისხმული. ზოგმა მადლობა გადაუხადა მას გაბედული საქციელისთვის, ზოგმა კი დაგმო და დაემუქრა კიდეც. ფერაძემ ვანდალიზმის ფაქტი პირდაპირ არ დაადასტურა, მხოლოდ სოციალურ ქსელში უკმაყოფილო ხალხს მიმართა, რომ შემდეგ ჯერზე საღებავების ფერთა პალიტრას მათთან შეათანხმებდა.
დეპუტატი: ფერაძის საქმეზე გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღეს>>>
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. პოლიციამ ფერაძე საკუთარ სახლში გამოკითხა. დეტალები არ გავრცელებულა.
ამათან, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხშაბათს და ხუთშაბათს შეეზღუდა მედიის წარმომადგენლების შესვლა სამებაში შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე. გადაწყვეტილება ტაძარში შემდგომი გაუგებრობისა და დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს, განმარტეს საპატრიარქოში.
ამასობაში ხატის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სულ უფრო მძაფრდებოდა. ოთხშაბათს, 10 იანვარს, ულტრამემარჯვენე, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ფერაძის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სახელმწიფოსგან ყველა იმ პირის მკაცრ დასჯას ითხოვდნენ, ვინც ხატების შეურაცხყოფას გაბედავდა. უფრო მეტიც, მათ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსეს.
პირველი განცხადება 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს განმარტებით, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწალებელნიც კი. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მტკიცებულება სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრის შესახებ, აუცილებელია ზემოაღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონებთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინება. საპატრიარქომ მოუწოდა მათ, ვინც ხატი აჩუქა, ცვლილებები თავად განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
ამის საპასუხოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატს სწორედ საკათედრო ტაძარში გადაწერენ. ამავდროულად, მას გაუჭირდა იმის დასახელება, თუ როდის იქნება ხატი ხატწერის კანონების შესაბამისი.
2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს, რომელმაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს სტალინის გამოსახულებით საღებავი შეასხა, ხუთი დღით პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0