თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დაცინვა უწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილისთვის სიტყვის მიცემას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე.
ლევან ბეჟაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არ იღებს სათანადო მკურნალობას არც პენიტენციურ და არც სამედიცინო დაწესებულებებში. დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
„ზოგადად, ნონსენსია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მაღალი ტრიბუნიდან ვინმეს ესაუბრებიან და მოგვიწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვისკენ. „ნაცმოძრაობა“ და ადამიანის უფლებები ერთმანეთთან შეუთავსებელი მოცემულობაა. დაცინვაა, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი ევროსაბჭოში საუბრობს ან ადამიანის უფლებებზე, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე - კატასტროფაა ეს... ასეთი პოლიტიკური წარსული მქონე პარტიის წარმომადგენლებს საერთოდ არ უნდა მიეცეთ ტრიბუნა, მით უმეტეს ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
PACE–ს სესიაზე სიტყვა მისცეს დეპუტატს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძეს, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ. მიქანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში რეალური მიღწევებია.
მიქანაძის თქმით, სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა პენიტენციური სისტემა, რომელიც უხეშად არღვევდა პატიმრების უფლებებს, რაზეც მეტყველებს წინა ხელისუფლების დროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.