სააკაშვილის კლინიკაში ყოფნას ობიექტური მიზეზები აქვს – კობახიძე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
ზოგიერთი პოლიტიკოსი ექს–პრეზიდენტის ციხეში გადაყვანას და მის იქ მკურნალობას მოითხოვს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ არის ობიექტური მიზეზები იმისა, რომ ის კლინიკაში დარჩეს, განაცხადა საქართველოს მართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველ;ოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში". სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.
„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული“, – განაცხადა კობახიძემ.
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CPT) საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა, აღნიშნა კლინიკაში მისი პრივილეგირებული მდგომარეობა სხვა პატიმრებთან შედარებით, რადგანაც ექს-პრეზიდენტს აქვს ტელევიზორი, მას შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით, იღებს მნახველებს და პალატაში იმყოფება მარტო.
კლინიკის ექიმები ბოლო დროს აღნიშნავენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მას მედიკოსების დაკვირვება კვლავ ესაჭიროება.
პაპუაშვილი: სააკაშვილის გამო საქართველოს წინაშე დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი შეირცხვინეს>>
თუმცა, პოლიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას და მის იქ მკურნალობას მოითხოვს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0