თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მსოფლიოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ჩინეთის მონაწილეობის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსის ფორუმის ძირითად ტენდენციებზე საუბრისას.
შვეიცარიაში 15-19 იანვარს დავოსის 54-ე ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.მისი თემაა „ნდობის აღდგენა“. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მართავს შეხვედრებს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ფორუმის ფარგლებში მთავრობის მეთაური რამდენიმე პანელურ დისკუსიაშიც მონაწილეობს.
„დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წელს ჩინეთის დელეგაცია უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს სჭირდება მეტი თანამშრომლობა გლობალური გამოწვევების დასაძლევად და მათ დაძლევაზე საუბარი ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წამყვანი პლატფორმაა, სადაც წლის დასაწყისში ბიზნესის და პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს და სადაც, ფაქტობრივად, ხდება მსოფლიოში არსებული სიტუაციის სტატუსის შეფასება. ამასთან, საერთაშორისო დღის წესრიგის განსაზღვრაში ფორუმი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ეს არ არის გადაწყვეტილების პლატფორმა, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ტენდენციები იკვეთება. ერთ-ერთი ასეთი ტენდენცია ისიცაა, რომ დღეს მსოფლიოს მეორე და ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის, ჩინეთის ლიდერი მონაწილეობს ფორუმში“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ ეს არის პირველი ფორუმი დავოსში, სადაც ჩინეთის ძალიან დიდი წარმომადგენლობა მონაწილეობს.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, გამოწვევებთან ერთად მსოფლიოში უამრავი შესაძლებლობებია, ისინი ქვეყნებმა შეიძლება მხოლოდ თანამშრომლობით გამოიყენონ და საქართველო სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორად იქნა შეფასებული ვითარება, როდესაც ძალიან პერსპექტიულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაიწყო ჩინეთთან საუბარი. ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნებს შორის დიალოგი მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე - სადაც ჩინურ ბიზნესს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს და ეს ძალიან პერსპექტიული იყოს საქართველოს ეკონომიკისთვის.
„ამას ხედავს დასავლური სამყაროც - დღეს წამყვანი ბიზნეს და პოლიტიკური ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთთან თანამშრომლობას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. გამოწვევების დაძლევა მხოლოდ თანამშრომლობით შეიძლება - ასე რომ, ეს არის დავოსის დღევანდელი მთავარი თემა", - აღნიშნავს ლევან დავითაშვილი.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.