ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანამ ხიდის როლი შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
საქართვლოს მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ იყოს საიმედო პარტნიორი და დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს.
ქართული დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსში 16 იანვრიდან იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა რიგი შეხვედრები. ხუთშაბათს დავოსში გაიმართება პანელური დისკუსია „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი“, სადაც ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პანელური დისკუსია ძირითადად მიეძღვნება რეგიონულ საკითხებს, კერძოდ კი ევროპისა და აზიის დაკავშირების თემას.
„იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი... არაერთხელ ვსაუბრობდით „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე, განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორე მხრივ, იყოს ხიდი, კავშირი ორ კონტინენტს შორის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ღარიბაშვილმა და ინვესტორმა ემირატებიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების გაფართოება განიხილეს>>
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.
ყველა ახალი ამბავი
0